გთავაზობთ პუბლიკაციის გადმოქართულებულ ვერსიას.
* * *
ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, როგორც ადრე, ახლაც ძვირად ფასობენ პროდუქტიული, სტაბილური ცენტრები.
2012 წელს თავისუფალ აგენტთა ბაზარზე დიდი მოთხოვნა იყო როი ჰიბერტსა და ბრუკ ლოპესზე. საბოლოოდ ორივემ სარფიანი კონტრაქტი გააფორმა, პირველმა - "ინდიანასთან", მეორემ - "ბრუკლინთან".
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ომერ აშიკმა, რუბენ ლოპესმა და იან მაჰინმიმ კარგად ანაზღაურებადი ხელშეკრულებები მიიღეს, თუმცა მიმდინარე
რას უნდა ველოდეთ 2013 წლის თავისუფალ აგენტთა ბაზარზე? მთავარი გმირი დუაით ჰოვარდი იქნება. არანაკლებ მოთხოვნადნი უნდა იყვნენ ენდრიუ ბაინუმი, ელ ჯეფერსონი...
ცენტრებს შორის "ატლანტა ჰოქსის" მეფარის, ზაზა ფაჩულიას ღირებულება კვლავ მატულობს. ვეტერანი, რომელიც NBA-ში მეათე სეზონს ატარებს, ამ ჩემპიონატში საშუალოდ 23 წუთში 6.2 ქულასა და 6.9 მოხსნას აგროვებს.
ქართველი ცენტრი განსაკუთრებით გასულ სეზონში გამოჩნდა, როცა ელ ჰორფორდის ტრავმის გამო "ატლანტას" სასტარტო ცენტრად იქცა და საშუალოდ 8.7 ქულასა და 8.8 მოხსნას ითვლიდა, თამაშიდან ტყორცნების 51 პროცენტს იყენებდა.
- თავისუფალი აგენტი ამ ზაფხულს გავხდები. ეს სტატუსი აქამდეც მქონია - ორჯერ. ამჯერად, ვფიქრობ, ნაკლები სანერვიულო მექნება, რადგან საკალათბურთო საზოგადოება უკვე კარგად მიცნობს, კლუბების აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცის, რა შემიძლია.
ჩემი მიზანი ყოველთვის ბევრი შრომა და სწორად თამაშია. ვგონებ, თავისუფალ აგენტთა ბაზარზე ყველაფერი კარგად იქნება. ნამდვილად არ ვღელავ.
როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები ზაფხულში, ერთი რამ ცხადია - ზაზა ფაჩულიას გულთან ყველაზე ახლოს "ჰოქსია". მას ქალაქ ატლანტაში თავისი ბიზნესი აქვს და მშობლიურ ქალაქს უწოდებს.
თუმცა ფაჩულიას ჯორჯიის შტატში დარჩენა-არდარჩენის გადაწყვეტილება სხვა გუნდების შეთავაზებების სარფიანობაზე იქნება დამოკიდებული.
- გამოგიტყდებით, ატლანტას დატოვებაზე და საერთოდ, თავისუფალ აგენტთა ბაზარზე ლაპარაკი ნაადრევია. დღეს მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ, "ატლანტაში" ხომ მერვე წელია, რაც ვთამაშობ.
აქ ცხოვრებაც სასიამოვნოა და არაერთხელ მითქვამს, რომ ატლანტა ჩემი სახლია. თუმცა კალათბურთი დიდი ბიზნესია და მის მოთხოვნებს უნდა მივყვეთ.
"ჰოქსი" აღმოსავლეთის კონფერენციაში მესამე ადგილზეა და თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, პლეი ოფში აუცილებლად მოხვდება.
არადა, სეზონის დაწყებამდე გუნდი ლიდერმა ჯო ჯონსონმა დატოვა ("ბრუკლინში" გადავიდა) და შემადგენლობაში არაერთი ცვლილება განხორციელდა. ზაზას თქმით, სწორედ გუნდის წარმატების გამო მხოლოდ კალათბურთზე ფიქრობს და არა სატრანსფერო საკითხებზე:
- სეზონი სასიამოვნოდ დაიწყო. "ატლანტა" დიდებული გუნდია, მასში შესანიშნავი შემადგენლობაა შეკრებილი და "ჰოქსის" მაისურით თამაში ყველას გვიხარია. არავინ იცის, ხვალ-ზეგ რა მოხდება. ამიტომ ვცდილობ, თამაშით ბოლომდე დავტკბე.
მომავალ ზაფხულს "ჰოქსის" მთავარი ამოცანა ფორვარდი ჯოშ სმიტის შენარჩუნება იქნება, რომელზეც უკვე დიდი მოთხოვნაა. ჯორჯიელებს ასევე გამთამაშებელ ჯეფ ტიგთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურთ.
რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას, "ატლანტაში" დარჩება თუ სხვაგან წავა, კარგ კონტრაქტს ნამდვილად მიიღებს. მანამდე კი აღმოსავლეთის კონფერენციის ფინალში თამაშს აპირებს:
- ახლა ჩემი საზრუნავი რეგულარული ეტაპის დარჩენილი მატჩებია. "ატლანტა" პლეი ოფში მოხვედრისთვის იბრძვის და რეგულარულში, რაც შეიძლება, მაღალი პოზიცია უნდა დავიკავოთ. ალბათ, თქვენც ატყობთ, რომ "ჰოქსი" ძალიან კარგ კალათბურთს თამაშობს და ვიმედოვნებ, რომ ბოლო წლებში საუკეთესო შედეგს ვუჩვენებთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
თორნიკე შენგელიამ და ზაზა ფაჩულიამ თავიანთ გუნდებს 2-2 ქულა შეაშველეს
ზაზა ფაჩულიას 9 ქულა და 6 მოხსნა "პისტონთან"