გიორგი ცინცაძე: ვეცდებით, ევრო-2013-ზე უკეთესად გამოვიდეთ [VIDEO]

AutoSharing Option
"ბუდიველნიკის" ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა ვიდეოინტერვიუ საქართველოს ნაკრების გამთამაშებელ გიორგი ცინცაძესთან.

პირველი კითხვა ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამოსვლას ეხება.

- საერთო ჯამში, ნაკრებმა კარგად იასპარეზა. ევრობასკეტზე პირველად ვიყავით და ტოპ-12-ში მოვხვდით.

საწყისი ეტაპის ბოლოს ფორტუნამ ზურგი შეგვაქცია, ტრავმა მიიღო ჩვენმა კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ, მეც მუხლი დამიზიანდა და გუნდი ორი სასტარტო კალათბურთელის გარეშე დარჩა.

ამის მიუხედავად, მეორე ეტაპზე ღირსეულად იბრძოლა, ორი მატჩი ბოლო წუთებზე დათმო.

მეოთხედფინალში ვერ გავედით. ეს იყო ჩვენი პირველი ევრობასკეტი. მივიღეთ გამოცდილება და მომდევნო ასეთ შეჯიბრებაში ვეცდებით,
უკეთესად გამოვიდეთ.

- რის ხარჯზე შეიძლება კალათბურთში მაღალი შედეგების მიღწევა?
- ზოგადად, ცხოვრებაშიც ასეა - რამის მიღწევა თუ გინდა, იოლი გზით შედეგამდე ვერ მიხვალ. წარმატება ბევრ შრომას მოაქვს.

- კიევში ყველაზე მეტად რა მოგწონს?
- თუ ამინდი ხელს მიწყობს, ოჯახთან ერთად ქალაქის ქუჩებში ვსეირნობ. ვათვალიერებთ ღირსშესანიშნაობებს. როცა გარეთ ცივა, სეირნობის სურვილი არ მიჩნდება.

- რას ნიშნავს შენთვის "ბუდიველნიკი"?

- ამ გუნდმა სერიოზული ტრავმის შემდეგ მომცა შანსი ევროპაში დაბრუნების და საკუთარი შესაძლებლობების ჩვენებისა.

საბედნიეროდ, დღემდე ყველაფერი კარგად მიდის, როგორც ჩემთვის, ასევე "ბუდიველნიკისთვის". მადლობელი ვარ გუნდის ხელმძღვანელობის და მწვრთნელების, რომლებმაც ნდობა გამომიცხადეს.

- ქართული სამზარეულოს რომელ კერძს ანიჭებ უპირატესობას?
- ძალიან მენატრება ხინკალი, ხაჭაპური...

- რომელ თანაგუნდელს გამოარჩევ?
- ყველაზე გამოცდილი არტურ დროზდოვია, რომელსაც უკრაინაში ჩამოსვლამდეც ვიცნობდი. იგი დიდი ხანია, ევროპაში მაღალ დონეზე თამაშობს. დანარჩენებს კარგად არ ვიცნობდი, თუმცა ჩამოსვლის შემდეგ გავიცანი, გავუგე და უნდა აღვნიშნო, რომ საინტერესო გუნდი გვყავს.

ყველას აქვს დადებითი მხარეები და სწორი მიდგომის შემთხვევაში (ასეც ხდება) კარგი შედეგის მიღებაც შეიძლება.

- კალათბურთის გარდა, სპორტის რომელი სახეობით ერთობი?
- მართალია, ფეხბურთში პროფესიონალი არ ვარ, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ის კალათბურთზე არანაკლებად მიყვარს.

"ბარსელონას" ქომაგი ვარ, მისი მონაწილეობით თამაშს არ ვტოვებ. "ბარსას" შეხვედრები ჩემთვის ყოველთვის დიდი მოვლენაა.

თუ რომელიმე თამაშს ვერ ვუსწრებ, ინტერნეტში ვიწერ და შემდეგ ვუყურებ. როცა "ბარსელონა" იგებს, ისე მიხარია, თითქოს ჩემი გუნდი იმარჯვებდეს.

- "ბუდიველნიკში" კიდევ რამდენ ხანს დარჩებოდი?
- აქ თავს კარგად ვგრძნობ და სიამოვნებით დავრჩებოდი, თუმცა ეს მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული.

- გული დაკავებულია?
- მყავს მეუღლე და პატარა შვილი. ასე რომ, ჩემი გული დაკავებულია.

- საქართველოში ჩასვლას რამდენად ხშირად ახერხებ?
- საახალწლოდ მწვრთნელმა ოთხდღიანი დასვენება მოგვცა, რამაც ძალიან გამახარა. შესაძლოა, 4 დღე ვინმეს ეცოტავოს, მაგრამ პროფესიონალი კალათბურთელისთვის ნამდვილად ბევრია.

ჩემთვის საქართველო საუკეთესო ქვეყანაა ყველა კრიტერიუმით. შესაძლოა, იქ ცუდიცაა და კარგიც, მაგრამ ჩემთვის საქართველოში ყველაფერი კარგია.

განსაკუთრებულია ბუნება, უამრავი ღირსშესანიშნაობაა, რომელთაგან ერთის გამორჩევაც მიჭირს. ასე რომ, ყველას ვურჩევ, ჩამოვიდეს და საკუთარი თვალით ნახოს საქართველო.

- ამერიკაში არ ყოფილხარ?
- ძალიან საინტერესოა, მაგრამ არ ვყოფილვარ. კარიერის განმავლობაში არაერთხელ მქონდა შტატებში გამგზავრების შანსი, მაგრამ არ მოვინდომე, რადგან გზაში 10 საათია საჭირო, რაც მეტად დამღლელია.

- თანაგუნდელებზე კიდევ რისი თქმა შეგიძლია?
- მეგობრული კოლექტივი გვყავს, ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ერთად დავდივართ გასართობად, დასასვენებლად. სწორედ ერთობაა "ბუდიველნიკის" მთავარი პლუსი.

- მანუჩარ მარკოიშვილთან როგორი ურთიერთობა გაქვს?
- ჩემი ახლო მეგობარია. ნაკრებებში 16 წლის ასაკიდან ვთამაშობთ. წლეულს მისი და ჩემი გუნდები თურქეთიდან ერთად გამოვფრინდით და მანუჩართან შეხვედრის საშუალება მომეცა.

ძლიერი კალათბურთელია. მიხარია, რომ კარიერაში დიდი წარმატებები აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული