დღეს, ვიდრე ჩვენი კლუბები ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრებებში გამოსვლით გაგვანებივრებენ, ისღა დაგვრჩენია, ერთეულთა წარმატებით გავიხაროთ.
მართლაც, მთელი საქართველო ამაყობდა, როცა სამტრედიაში გაზრდილმა კახა კალაძემ 2003 და 2007 წლებში "მილანთან" ერთად ჩემპიონთა თასი აღმართა.
თანამემამულეს არც ნატახტარელი, ჯამლეტ ხუხაშვილის აღზრდილი გიორგი შერმადინი ჩამორჩა და 2009 წელს "პანათინაიკოსთან" ერთად მოგებულ ევროლიგის ტიტულს 12 მაისს მეორე ასეთი
იხილეთ ვიდეო
ამ მოვლენის შესახებ უკვე დავწერეთ, ახლა კი 24 წლის, 216 სმ სიმაღლის გიორგი შერმადინის კომენტარებს გავეცნოთ.
შემოტრეალებული
შეგახსენებთ, რომ კვირას გამართულ ფინალში ბერძნულმა "ოლიმპიაკოსმა" ესპანურ "რეალს" 100:88 მოუგო.
"ბედნიერი ვარ. ჩვენს წარმატებას დამატებით ხიბლს სძენს ის ფაქტი, რომ პირველ მეოთხედში მადრიდის "რეალმა" 17 ქულით გაგვასწრო. ასეთი დონის შეჯიბრებაში 17-იანი უპირატესობა დიდი ფორაა.
თუმცა ჩვენმა გუნდმა დაცვაში შესანიშნავი თამაშით მდგომარეობა გამოასწორა და ტიტულის მოგებაც სწორედ კარგმა დაცვამ განაპირობა.
გასახდელში ვსაუბრობდით, რომელმა კალათბურთელმა უფრო მეტი წვლილი შეიტანა წარმატებაში. ერთზე შევთანხმდით: ყველამ შესანიშნავად ითამაშა. რომელიმეს რამე რომ დაეკლო, მიზანს ვერ მივაღწევდით".
გიორგი იქვე იხსენებს, რომ სეზონი "ოლიმპიაკოსთან" ერთად არ დაუწყია, ისრაელის "მაქაბიში" გამოდიოდა...
"პირეოსის გუნდს შუა სეზონში შევუერთდი. პირველივე დღიდან ყველაფერი კარგად აეწყო და ევროლიგის მოგებით დამთავრდა. არ ვიცი, ვის სჯეროდა, რომ ამ ტიტულს კვლავ "ოლიმპიაკოსი" მოიგებდა, მაგრამ ფაქტია - ყველას ჩვენმა გუნდმა აჯობა და დაამტკიცა, რომ სადღეისოდ ევროპაში საუკეთესოა.
საოცარი გრძნობაა და თუ შესაძლებელია, ყველას ვუსურვებ იგივეს განცდას. ვცდილობ, ამ მომენტით, რაც შეიძლება, მეტად დავტკბე".
მართალია, მადრიდის "რეალს" კალათბურთის გულშემატკივარი წლევანდელი ევროლიგიდან კარგად იცნობს, მაგრამ მაინც საინტერესოა გიორგის მოსაზრება "მეფეებზე".
"რეალი" შესანიშნავი მსროლელებით დაკომპლექტებული გუნდია. სწრაფია და შეტევაში ბურთის მოხსნაც კარგად შეუძლია. ასეთი მეტოქის ძლევა იოლი არ იყო, მაგრამ სასიამოვნოა, რომ ჩვენ ეს შევძელით".
იარაღაყრილი არმიელები
ნახევარფინალში "ოლიმპიაკოსს" შეჯიბრების ფავორიტი, მოსკოვის ცსკა ერგო. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, არმიელებს ბერძნებზე გაცილებით დიდი ბიუჯეტი აქვთ და მათ წაგებასაც ბევრი ვერ იწინასწარმეტყველებდა.
თავად განსაჯეთ: ტოტალიზატორში "ოლიმპიაკოსის" მოგებაზე ფსონი 3.5-ს აღწევდა.
"ცსკა-სთან მატჩისთვის ყოველმხრივ მომზადებულები ვიყავით. რაც მთავარია, გუნდი ფინალური კვარტეტის მატჩებს კარგ ფორმაში შეხვდა და ეს მოედანზეც გამოჩნდა.
ისევ და ისევ დაცვაზე მინდა ვთქვა. "ოლიმპიაკოსის" თითოეულმა კალათბურთელმა დაცვაში მაქსიმუმი გაიღო და ამიტომაც გავიმარჯვეთ.
კმაყოფილი ვარ იმითაც, რომ ფინალის საგზურის მოპოვებაში წვლილი მეც შევიტანე", - განაგრძობს შერმადინი, რომლის მონაწილეობით ერთი ეპიზოდი ნახევარფინალების საუკეთესო მომენტთა შორის მოხვდა. მან ხუთწამიან მონაკვეთში მეტოქის ფარიდან ბურთი ორჯერ მოხსნა, ჩააგდო და თან მეტოქეს ჯარიმა მიაღებინა.
"ოლიმპიაკოსმა" ცსკა-ს 69:52 მოუგო.
მეორედ ოლიმპზე
როგორც გითხარით, გიორგიმ ევროლიგის თასი მეორედ აღმართა. აი, როგორ იხსენებს იგი 2009 წლის მოვლენებს:
"პანათინაიკოსში" 2008-09 წლების სეზონში გადავედი. მაშინ გუნდთან ერთად ევროლიგის ფინალური ოთხეულის მატჩებისთვის ბერლინში ჩავედი, მაგრამ გერმანიაში არ მითამაშია. თუმცაღა ევროლიგის თასი დღესაც ჩემი სახლის თაროს ამშვენებს.
მას მერე რამდენიმე წელი გავიდა და ახლა ევროლიგის გადამწყვეტ მატჩებში "ოლიმპიაკოსთან" ერთად ვმონაწილეობ. ახლა სხვა დატვირთვაა, თამაშიც მიწევს და გამოცდილებაც საკმარისად დამიგროვდა. ასეთ სიტუაციაში კი ჯილდოს მოგება გაცილებით "გემრიელია".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გიორგი შერმადინი ევროლიგის ორგზის ჩემპიონია [VIDEO]