მანუჩარ მარკოიშვილი ევროლიგაზე "გალათასარაის" თავკაცის ერთ-ერთი იმედია

AutoSharing Option
თურქეთის ჩემპიონ "გალათასარაის" თავკაცმა ერგინ ატამანმა მასმედიას ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც გუნდის სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა.

აღსანიშნავია, რომ მწვრთნელმა შემადგენლობაზე საუბრისას ოთხი კალათბურთელი დაასახელა, რომელთა დიდი იმედიც მომავალ სეზონში ექნება. მათ შორისაა მანუჩარ მარკოიშვილი:

"ევროლიგაზე მაღალ მიზნებს ვისახავთ. ამიტომ გუნდის სერიოზულად გაძლიერებაზე ვფიქრობთ, - თქვა ატამანმა, - ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის რამდენიმე იმ კალათბურთელის ბედი, რომლებიც გასულ სეზონში "გალას" ღირსებას იცავდნენ.

ჯერ არც ჩვენთვის სასურველ ახალწვეულებთან გაგვიფორმებია კონტრაქტები, თუმცა ოთხი გვარის დასახელება უკვე შემიძლია: მომავალ სეზონში დავეყრდნობი კარლოს აროიოს, ენდრიუ გორდონს,
მანუჩარ მარკოიშვილსა და ჰენრი დომერკანტს".

ოთხივე უკანახაზელია და შეიძლება იფიქროთ, რომ გამთამაშებლებსა და მსროლელებში არგინ ატამანი უკვე გარკვეულია. ასე რომ არ არის, მისი სიტყვებიდანაც ჩანს:

"მომავალ სეზონში ჩვენი გუნდის ბიუჯეტი 12-15 მილიონი იქნება, მიზანი - ევროლიგის მოგება, რისთვისაც გვჭირდება ბერძენი პლეიმეიქერი ვასილის სპანულისი. ასევე, ვაპირებთ გასულ სეზონში რუსეთის "ხიმკიში" მოთამაშე ხორვატის, ზორან პლანინიჩის დამატებას".

სპანულისი და პლანინიჩი "გალათასარაის" მართლაც ევროლიგის მოგების მთავარ ფავორიტთა შორის გარევენ, მაგრამ ბერძენთან მიმართებაში საქმე არცთუ იოლადაა. მისი დამატება, "გალას" გარდა, ევროკალათბურთის გიგანტებს, მოსკოვის ცსკა-ს და "ბარსელონას" სურთ.

აქვე მოგახსენებთ, რომ მარკოიშვილის "გალათასარაი" ევროლიგის წილისყრისთვის (რომელიც ბარსელონაში 4 ივლისს გაიმართება) მეოთხე კალათაშია განთესილი.

მასთან ერთად მეოთხეშია უკრაინული "ბუდიველნიკი", რაც იმას ნიშნავს, რომ გიორგი ცინცაძისა და მანუჩარ მარკოიშვილის გუნდები ერთ ჯგუფში ვერ მოხვდებიან.

გიორგის გასული სეზონის შემდეგ "ბუდიველნიკთან" კონტრაქტის ვადა ამოეწურა და გახანგრძლივებაზე ოფიციალურად არაფერი დაწერილა.

თავად ცინცაძემ 30 ივნისს გვითხრა, რომ მის მომავალ კლუბთან დაკავშირებით ჯერ არაფერია გარკვეული. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ "მშენებელთა" გაჩემპიონებაში ქართველმა პლეიმეიქერმა დიდი წვლილი შეიტანა, იმედი დავიტოვოთ, იგი მომავალ სეზონში ევროლიგაზე "ბუდიველნიკის" ღირსებას დაიცავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული