ზაზა ფაჩულიას "დიახ" "მილუოკის" - მიზეზები და პერსპექტივა

AutoSharing Option
"მშვიდობით, ატლანტა" - 6 ივლისის დილას "ფეისბუქზე" დაწერა ზაზა ფაჩულიამ.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი სოციალურ ქსელებს ყოველთვის სერიოზულად ეკიდება, იოლი მისახვედრი იყო, რომ ქალაქ ატლანტასთან დამშვიდობება "ჰოქსის" დატოვებას ნიშნავდა.

ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: ნახვამდის ატლანტა!!!

ქართველ ცენტრს "სან ანტონიო", "მილუოკი" და "პორტლენდი" ეპატიჟებოდნენ. მისი მომავალი ნავსაყუდელიც სწორედ ამ სამ გუნდში უნდა გვეძებნა.

თუმცა 6 ივლისს ზაზას ტრანსფერზე არსად არაფერი დაწერილა. 7 ივლისს კი ყველა ამერიკული სპორტული გამოცემის ვებგვერდზე ფაჩულიას გვარი სათაურში მოხვდა.

მოკლე შინაარსი "მილუოკი ჟურნალ სენტინელის" მსგავსი იყო
- "ზაზა ფაჩულია 15-მილიონიან, სამწლიან კონტრაქტზე "მილუოკის" შეუთანხმდა".

ზოგან თანხა ასე წერია: 15+ მილიონი, ზოგგან მხოლოდ რიცხვი 15 არის ნახსენები. სარწმუნო წყაროს ცნობით კი, კონტრაქტის ზუსტი ციფრი 15.6 მილიონია. სწორედ ამდენ დოლარს მიიღებს ფაჩულია "მილუოკიში" გასატარებელ მომდევნო სამ წელიწადში.

შეგახსენებთ, რომ "ატლანტასთან" 2005 წელს გაფორმებული ოთხწლიანი კონტრაქტი 16-მილიონიანი იყო, 2009 წელს იმავე "ატლანტასთან" (ოთხწლიანი) გაფორმებული - 19-მილიონიანი.

ცხადია, თანხასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არანაკლებ საყურადღებოა ხელშეკრულების ხანგრძლივობა. მაგალითად, 2003 წელს ვლადიმერ სტეფანიას "მაიამი ჰიტის" ხელმძღვანელი პატ რაილი ერთწლიან, 2-მილიონიან ხელშეკრულებას სთავაზობდა.

ვოვამ ორწლიანი ითხოვა და შეთანხმება არ შედგა. როცა NBA-ს გუნდთან მოკლევადიან, ანუ ერთწლიან ხელშეკრულებას აფორმებ, მომავალ ზაფხულში ფიქრი გიწევს - ახალი გუნდის ძიებაზე მალევე უნდა იზრუნო.

სატრანსფერო წელი კი ნებისმიერი კალათბურთელისთვის დამატებითი სანერვიულოა. 29 წლის ზაზა ფაჩულიასთვის 3-წლიანი კონტრაქტი მომდევნო წლებში მშვიდად მუშაობის გარანტად იქცევა.

როგორც ამერიკული პრესა იუწყება, ფაჩულია "მილუოკისთან" კონტრაქტს 10 ივლისის შემდეგ გააფორმებს, რადგან ოფიციალურად სწორედ ამ დღეს იხსნება "ტრანსფერების სეზონი".

რატომ "მილუოკი"?

როგორც ზემოთ დავწერეთ, ზაზას გადაბირება "სან ანტონიოსაც" სურდა. ფაჩულიას საჩემპიონო გუნდში თამაში ამერიკაში წასვლის დღიდან სურდა, მაგრამ გავიხსენოთ 2009 წელი: როცა მას სანანტონიოელებმა ხელმოსაწერად გამზადებული ხელშეკრულება გაუგზავნეს, ზაზამ "ატლანტაში" დარჩენა ამჯობინა, რადგან ჯორჯიელებმა უკეთესი პირობები შესთავაზეს.

ზუსტად რა მოხდა წლეულს, ძნელი სათქმელია, მაგრამ ლოგიკურია, რომ მათგან, ვისაც ქართველი ცენტრის გადაბირება სურდა, ყველაზე მომგებიანი (ფულისა და ხანგრძლივობის გათვალისწინებით) ხელშეკრულება "მილუოკელებმა" შესთავაზეს - იმდენად უკეთესი, რომ ფაჩულიამ ვიცე-ჩემპიონ "სან ანტონიოზე" უარი თქვა.

იყო კიდევ ორი ნიუანსი, რასაც ჩვენი ნაკრების კაპიტანი ანგარიშს აუცილებლად გაუწევდა: მწვრთნელი და ისტორია.

დავიწყოთ მწვრთნელით. "ატლანტა ჰოქსში" ბოლო ორ სეზონში მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლარი დრიუ მოღვაწეობდა.

სწორედ მის ხელში გაიხსნა ფაჩულია ბოლომდე - შავი სამუშაოს პარალელურად, შეტევაში თავისუფლად მოქმედება ევალებოდა.

დაგვიანებით, მაგრამ პირველად სწორედ დრიუს მწვრთნელობისას უჩვენა, რომ შორი დისტანციიდან სროლაც შეუძლია და თამაშის საკუთარ თავზე აღებაც. თუმცა ზაზა მაინც გუნდზე ფიქრობდა და ამიტომაც იყო, ამერიკელი ჟურნალისტები რომ წერდნენ - ვეღარ გაგვიგია, ფაჩულია გამთამაშებელია თუ ცენტრიო ("ბრუკლინთან" კარიერის რეკორდი დაამყარა - 8 შედეგიანი გადაცემა მიითვალა).

მაისში, "ლელოს" რედაქციაში სტუმრობისას, ფაჩულიამ ხაზი გაუსვა მწვრთნელის, ლარი დრიუს ნდობას და შეგვახსენა, რომ იგი გაზაფხულზე "ატლანტადან" "მილუოკიში" გადავიდა.

ამ და ზემოთ ნახსენები ფაქტორების გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რატომ დათანხმდა იგი "ბაქსის" შეთავაზებას.

ისტორია. 2004 წელს, სადებიუტო სეზონში ფაჩულია "ორლანდოს" "მილუოკის" დამარცხებაში (106:99) დაეხმარა, 11 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა.

სწორედ ამ მატჩის შემდეგ დაადგა მას თვალი "ბაქსის" მენეჯერმა და მომდევნო სეზონში თავისთან უხმო.

2004-05 წლებში ფაჩულია მილუოკელთა იისფერი მაისურით კიდევ უკეთ ათამაშდა და იქაურობით (განსაკუთრებით, ქომაგებით) კმაყოფილი იყო.

ასე რომ, ზაზა წლეულს ნაცნობ ადგილას, ნაცნობ სიტუაციაში მივიდა და აკლიმატიზაციის პრობლემა ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს.

პერსპექტივა

რატომღაც დარწმუნებული ვარ, ფაჩულია "სპურსში" რომ გადასულიყო, სათამაშო დროც საკმარისად ექნებოდა და ფუნქციებიც. თუმცა ჩანს ისიც, რომ "მილუოკიში" საინტერესო პერსპექტივით მიდის.

ძნელი სათქმელია, "ხარირმები" სეზონის დაწყებამდე წინა ხაზში კიდევ ვის დაიმატებენ, მაგრამ ერთი რამ ცხადია - ამჟამინდელ შემადგენლობაში ყველაზე გამოცდილი ცენტრი ფაჩულიაა. შესაძლოა, სწორედ ეს იყო ზაზას თანხმობის ერთ-ერთი მიზეზთაგანი.

გუსტავო ეიონი, ლარი სენდერსი, დრიუ გუდენი, ეკპე უდო... მათ შორის სენდერსი უნდა გამოვარჩიოთ, რომელიც გასული სეზონის ბოლოს სასტარტო ცენტრი იყო.

ლარი 211 სმ სიმაღლისაა, თუმცა ფაჩულიაზე გაცილებით მსუბუქია. უნდა ვივარაუდოთ, რომ ქართველი სწორედ მასთან გაიყოფს სათამაშო დროს, თუმცა ლარი დრიუს ორივეს ერთდროულად მოედანზე გაყვანაც შეეძლება.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ტანმაღალი თურქი ფორვარდი ერსან ილიასოვაც "მილუოკის" ღირსებას იცავს, ურიგო წინა ხაზი არ ჩანს.

დანარჩენს მომავალი სეზონი გვიჩვენებს. მანამდე კონტრაქტია ოფიციალურად გასაფორმებელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ზაზა ფაჩულიამ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები და მალე გამოჯანმრტელება ზაზა
ნინო
14:57 08-07-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული