ბექა ბურჯანაძე: "Good Luck" ტონი პარკერისგან ჩემთვის ბევრს ნიშნავდა

AutoSharing Option
სპეციალისტების აზრით, ესპანეთის ჩემპიონატი ევროპაში საუკეთესოა. ამ ლიგაში სხვადასხვა დროს ხუთ ქართველ კალათბურთელს უთამაშია: ნიკა ცქიტიშვილს ("კახასოლი", "ფუენლაბრადა", "ლაგუნ არო"), ვლადიმერ ბოისას ("მენორკა"), ვიქტორ სანიკიძეს ("ესტუდიანტესი"), თორნიკე შენგელიასა ("ვალენსია") და გიორგი შარაბიძეს ("ვალენსია").

თუმცაღა, ერთ სეზონში ქართველთა სათამაშო დროის მიხედვით, შესაძლოა, კარსმომდგარი სეზონი ყველაზე ნაყოფიერი აღმოჩნდეს. ვიქტორ სანიკიძე ესპანეთში დაბრუნდა და გიორგი შერმადინის გვერდით "სარაგოსაში" ითამაშებს. სევილიურ "კახასოლში" კი მეორე სეზონია, მთავარი გუნდის ღირსებას იცავს 18 წლის ბექა ბურჯანაძე, რომელიც შარშანაც რეგულარულად თამაშობდა და სავარაუდოდ, წლეულს მთავარმა მწვრთნელმა შედარებით მეტი
სათამაშო დრო უნდა გამოუნახოს.

* * *
ბურჯანაძე უკვე შეუერთდა სევილიელებს და სამ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

პირველი მატჩი სერბეთის "პარტიზანთან" 16 სექტემბერს იყო, რომელიც ესპანელთა უპირატესობით დაიწყო (პირველი მეოთხედი 25:14 მოიგეს) და ასევე დასრულდა - 91:63.

სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთნენ თამაშში ევრობასკეტმოვლილი სევილიელები ტომას სატორანსკი, ონდრეი ბალვინი და ბექა ბურჯანაძე. ტომასმა 8 ქულა ჩააგდო, ონდრეიმ - 4, ბექამ კი მატჩი უქულოდ დაასრულა.

* * *
"კახასოლმა" მეორე თამაშიც იოლად მოიგო. ყოველ შემთხვევაში, ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს საფინალო ანგარიში - 83:65. ბურჯანაძის თანაგუნდელებმა ამჯერად "მურსიას" აჯობეს.

საქართველოს ნაკრების ფორვარდმა 3 ქულა მიითვალა. სწორედ ამ სამქულიანი ტყორცნის შემდეგ დაფიქსირდა მატჩში ყველაზე დიდი სხვაობა - 46:32. სევილიელთა ბომბარდირი 16 ქულით ერნანგომესი გახდა.

* * *
შედარებით რთული აღმოჩნდა "კახასოლისთვის" 21 სექტემბერს მესამე მატჩში გამარჯვება: "ბურგოსთან" საბოლოოდ 8 ქულის სხვაობით მოიგო - 92:84.

ამ შეხვედრაში ჩეხმა ტომას სატორანსკიმ დაამტკიცა, რომ ევრობასკეტიდან ესპანეთში სათანადო ფორმით ჩავიდა - მის ანგარიშზე 20 ქულაა. ბექა ბურჯანაძემ თანაგუნდელებს 4 ქულა შეაშველა.

"კარგი გუნდი გვყავს. დარწმუნებული ვარ, კალათბურთელები თითოეული მოგებისთვის ყველაფერს გააკეთებენ, რაც ესპანეთის ჩემპიონატში წარმატების იმედს მაძლევს", - ამბობს "კახასოლის" მთავარი მწვრთნელი აიტორ გარსია რენესესი.

ბექა ბურჯანაძე გაზეთ "დიარიო დი სევილიას" ჟურნალისტებს საქართველოს ნაკრებზე ელაპარაკა:

"ეროვნულ ნაკრებში დიდი გამოცდილება მივიღე. თავიდან გუნდში 18 კალათბურთელი იყო და მწვრთნელს მოგვიანებით უნდა გადაეწყვიტა, ვინ დარჩებოდა 12-კაციან განაცხადში.

ვნერვიულობდი, იყო შემთხვევა, ერთი-ორი იოლი ტყორცნა გამიცუდდა. სწორედ მაშინ მითხრა იგორ კოკოშკოვმა, რომ ჩემპიონატზე საკმარისად მექნებოდა დრო თამაშის გამოსასწორებლად. დავმშვიდდი და თვითრწმენა შემემატა".

ბექა საფრანგეთის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრას ემოციით იხსენებს:

"მოედანზე რომ შევედი, ტონი პარკერი მომიახლოვდა და მითხრა: Good Luck. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო გამთამაშებელმა, რომლის წინააღმდეგაც უნდა მეთამაშა, წარმატება მისურვა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
"საქართველოს ნაკრების ფორვარდმა 3 ქულა მიითვალა. სწორედ ამ სამქულიანი ტყორცნის შემდეგ დაფიქსირდა მატჩში ყველაზე დიდი სხვაობა - 46:32" - თამაში თუ 83:65 დასრულდა ყველაზე დიდი სხვაობა 46:32 როგორ არის?
odala
20:13 23-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული