დებიუტიც ასეთი უნდა: გიორგი ცინცაძემ "ოქტომბრელები" დაამარცხა

AutoSharing Option
გიორგი ცინცაძის დებიუტი უკრაინულ "დონეცკში" შედეგიანი გამოდგა. საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა სავჩუკის მემორიალზე მარიუპოლში ამ სეზონში პირველად მოირგო დონეცკელთა მაისურა, ნახევარფინალში გაიმარჯვა და ცოტა რომ გამართლებოდა, ფინალურ შეხვედრაშიც იგივეს გაიმეორებდა.

* * *
ახლა უფრო კონკრეტულად. ნახევარფინალში "დონეცკის" მეტოქე ვოლგოგრადის "კრასნი ოქტიაბრი" იყო, რომელმაც მანამდე ამხანაგურად დაამარცხა ლევან ფაცაციას "დნიპრო-აზოტი".

შემტევ თამაშში "ოქტომბრელებმა" ვერაფერი გააწყვეს "ბუს" "დონეცკთან" და 92:100 დამარცხდნენ.

ცინცაძემ მატჩი 14 ქულით დაასრულა. დონეცკელთა უპირატესობა კი მეფარეებმა განაპირობეს: კილინგსვორტმა 31 ქულა ჩააგდო, ხოლო მაკკოლიმ 18 ქულა და 11 მოხსნა
მიითვალა.

* * *

მეორე ნახევარფინალში, უკრაინელი სპეციალისტებისთვის მოულოდნელად, მასპინძელმა "აზოვმაშმა" "კიევთან" 76:84 დათმო. როგორც "დონეცკთან" გამართულმა ფინალმა გვიჩვენა, კიეველებს აზოვისპირელები შემთხვევით არ დაუმარცხებიათ - ვიტალი ჩერნის მართლაც გამართული და ბრძოლისუნარიანი გუნდი ჰყავს, რომელმაც ფინალიც მოიგო - 80:77.

ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია "დონეცკის" საიტზე თვალი პირდაპირ ეთერში ადევნოს გუნდის თამაშებს (კომპიუტერიზაციის ეპოქაში დროა, ყველამ მიბაძოს). მხოლოდ სტატისტიკას თუ გადავხედავთ, თვალისმომჭრელს ვერაფერს ვნახავთ: გიორგი ცინცაძის გასწვრივ ოქმში 8 ქულა და 5 შედეგიანი გადაცემა წერია.

თუმცა მატჩის დასრულებამდე წუთით ადრე "ბუს" ერთი შორეული სამქულიანი კალათზე დატრიალების შემდეგ ბადეში რომ ჩაშვებულიყო, იგი მატჩის გმირად იქცეოდა.

მხოლოდ ერთი ტყორცნა, ცხადია, გმირობას იშვიათად განაპირობებს. გიორგიმ მთელი შეხვედრა დამაჯერებლად ჩაატარა და წაგებული თამაში ორჯერ შემოატრიალა. თავად განსაჯეთ: მესამე პერიოდში "კიევი" 10 ქულით რომ დაწინაურდა, მწვრთნელმა ვალერი პლეხანოვმა მოედანზე ცინცაძე დააბრუნა და სხვაობა მესამე ათწუთეულშივე მინიმუმამდე შემცირდა. ამ მეოთხედის ბოლოს ერთ-ერთი გადამწყვეტი ტყორცნა ქართველმა საკუთარ თავზე აიღო და ბურთმა მიზანს ვერ მიაღწია.

შესაძლოა, ამ ეპიზოდის გამო სცადა მწვრთნელმა ცინცაძისთვის იმის ჩვენება, ვინ არის გუნდში მთავარი და მეოთხე რაუნდში გაჭირვების მიუხედავად, ცინცაძე მოედანზე აღარ გამოჰყავდა. გაჭირვება კი მართლაც ჰქონდა - "კიევმა" კვლავ 10-ქულიანი ფორა დაიბევა.

პლეხანოვმა გიორგი საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე მოედანზე შეუშვა და უმალ დაუფასდა - ბურთთან შეხება და ზუსტი სამქულიანი ერთი იყო (63:70). ამას მოჰყვა ცინცაძის ორი შედეგიანი გადაცემა, კიდევ ერთი შორეული სამქულიანი და "დონეცკმა" სხვაობა სამ ქულამდე შეამცირა - 77:80.

მატჩის დასრულებამდე 6 წამი რჩებოდა, ბურთი კიეველებს საკუთარი პირითი ხაზიდან გამოჰქონდათ, როცა ცინცაძემ კიდევ ერთი დიდი საქმე გაუკეთა თანაგუნდელებს - მეტოქე შეტევაში დააჯარიმა. ბურთი თამაშში თავად შეიტანა და მისმა უკრაინელმა თანაგუნდელმა სამქულიანით მატჩის ოვერტაიმში გადაყვანა სცადა, მაგრამ...

* * *

ასე და ამგვარად, მემორიალზე პირველი ადგილი "კიევმა" დაიკავა, მეორე იყო "დონეცკი", მესამე - "აზოვმაში", მეოთხე - "კრასნი ოქტიაბრი".

დონეცკელთა მწვრთნელმა ვალერი პლეხანოვმა "ოქტიაბრთან" მატჩის შემდეგ გიორგი ცინცაძეზე თქვა: სასიხარულოა, რომ მას გუნდთან შერწყმა არ გასჭირვებიაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული