გიორგი შერმადინი: ესპანეთის ლიგა სადღეისოდ ევროპაში საუკეთესოა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი ვიქტორ სანიკიძესთან ერთად "სარაგოსაში" წარმატებით ასპარეზობს.

არაგონულმა გუნდმა ევროთასის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდა მომდევნო ეტაპის საგზური, ესპანეთის ჩემპიონატში კი საპლეიოფო რვაეულშია.

გამოცემა "ელ პერიოდიკომ" გიორგი შერმადინთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელიც ქართველ მკითხველსაც დააინტერესებს.

- სეზონის პირველი ნახევარი დასასრულს უახლოვდება. როგორ ჩაიარა გუნდთან და ესპანეთთან ადაპტაციამ?
- ყველაფერი კარგადაა, თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ქალაქიც მომწონს და კლუბიც. "სარაგოსაში" შესანიშნავი შემადგენლობაა შეკრებილი, სამწვრთნელო შტაბიც მაღალი დონისაა.

- შარშან "ოლიმპიაკოსთან" ერთად ევროლიგა მოიგე. ბერძნულ და ესპანურ ლიგებს შორის რა
სხვაობას ხედავ?

- განსხვავება მართლაც არის. ესპანეთის პირველობა კონკურენტუნარიანია. მასში მაღალი დონის გუნდები მონაწილეობენ, ბევრი ძლიერი კალათბურთელია და სათამაშოდ რომ მიდიხარ, წინასწარ არ იცი, მოიგებ თუ წააგებ.

შესაძლოა, ეს ფრაზა ღიმილისმომგვრელად ჟღერდეს, მაგრამ საბერძნეთში სწორედ ასეა: "ოლიმპიაკოსი" თუ "პანათინაიკოსი" შინ თუ გარეთ ყოველთვის ყველასთან ფავორიტები არიან და იგებენ კიდეც. ჩემი აზრით, ესპანეთის ლიგა სადღეისოდ ევროპაში საუკეთესოა.

- ესპანეთის ჩემპიონატსა თუ ევროთასზე ბოლო მატჩებში მძიმე ბრძოლები გადაიხადეთ ფარქვეშ...
- როცა შეხვედრის მოგება გინდა, სამწამიან ზონაშიც ისევე უნდა იბრძოლო, როგორც მოედნის ნებისმიერ წერტილში. ბოლო დროს მართლაც ძლიერ მეტოქეებთან მოგვიწია დაპირისპირება, რომლებსაც მაღალი დონის მეფარეები ჰყავთ.

ასეა თუ ისე, "სარაგოსა" საკუთარ თავზე უნდა იყოს დამოკიდებული და ჩვენს თამაშზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია.

- "სარაგოსა" ევროთასის მეორე ეტაპზე გავიდა. რას ნიშნავს ეს გიორგი შერმადინისთვის?
- გარდა იმისა, რომ ევროთასზე ჯგუფიდან გასვლა დროზე ადრე გავინაღდეთ, ესპანეთის ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგების მიხედვით სამეფო თასზე თამაშის უფლებაც მოვიპოვეთ.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. სასიამოვნოა, რომ ჩვენი მიღწევებით ქომაგსაც ვახარებთ. "სარაგოსას" მართლაც გამორჩეული გულშემატკივარი ჰყავს.

- გუნდი როგორ ფორმაშია და რის გაუმჯობესებას აპირებთ სეზონის მსვლელობისას?
- "სარაგოსა" კიდევ მოუმატებს. რაც შეეხება ჩემს თამაშს, დაახლოებით ისე ვირჯები, როგორც სეზონის დასაწყისში ვფიქრობდი. თუმცა ყოველი მატჩისთვის განსაკუთრებულად ვემზადები, ბევრს ვმუშაობ, რომ გუნდს დასახული მიზნის მიღწევაში დავეხმარო.

- როგორც წესი, ტანმაღალი კალათბურთელები საჯარიმოების ტყორცნაში არ გამოირჩევიან. გამონაკლისი ხარ და თუ საიდუმლო არ არის, გვითხარი: დღეში რამდენ საჯარიმოს სტყორცნი?
- ყოველ ვარჯიშზე? არ ვიცი, სროლების რაოდენობას არ ვითვლი. თუმცა იმის თქმა შემიძლია, რომ ტყორცნებზე ბევრს ვმუშაობ, რათა კიდევ უფრო კარგად გამოვიყურებოდე დამაგვირგვინებელ ფაზაში.

- ევროპის ჩემპიონატზე თქვენგან ბევრს ელოდნენ?
- ვფიქრობ, ეს ნორმალურია. რადგან ბევრს ელოდნენ, ე.ი. ჩვენი იმედიც ჰქონდათ. მიმაჩნია, რომ წნეხის ქვეშ არ ვიყავით, ყველამ ითამაშა შესაძლებლობების ფარგლებში, თუმცა სამწუხაროა, რომ მეორე ჯგუფურ ეტაპზე ვერ გავედით, ცოტა დაგვაკლდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ღმერთმა სულ გამარჯვებულები გატაროთ!!!
ვაჟა
16:24 19-12-2013
0

სიახლეები პოპულარული