ზაზა ფაჩულია: "ნიუ იორკთან" სტუმრად მოგება ყოველთვის ძნელია

AutoSharing Option
ზაზა მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გახდა - იმ შეხვედრისა, რომელიც ნიუ იორკის "მედისონ სკვერ გარდენში" გაიმართა და "მილუოკი ბაქსის" ("ნიქსთან") 95:82 გამარჯვებით დასრულდა.

ახალი წლის დადგომასთან ერთად, ზაზა პირად რეკორდებს ეტაპობრივად აუმჯობესებს: ჯერ 14 ქულა ჩააგდო, შემდეგ - 15, ახლა - 16.

16 ქულა და 14 მოხსნა - ეს გახლდათ ფაჩულიას მეოთხე ორმაგი დუბლი მიმდინარე სეზონში. NBA-ში გადასვლის შემდეგ კი მის ანგარიშზე 71 დაბლ-დაბლი ირიცხება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი ამერიკულ კარიერაში 71-ჯერ ასცდა ერთდროულად ქულებისა და მოხსნების 10-იან
ნიშნულს.

აქვე "ნიუ იორკ ნიქსთან" ზაზას გუშინდელი თამაშის სრულ სტატისტიკას მოგახსენებთ: 31 წუთი, 12-დან 6 ორქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო, 16 ქულა, 14 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა, 2 შეცდომა, 4 ფოლი.

სამიოდე წლის წინ ფაჩულიამ "ჩიკაგოსთან" მატჩში (მაშინ "ატლანტაში" თამაშობდა) შორეული ორქულიანი სტყორცნა, მიზანს ააცილა და მწვრთნელმა ლარი დრიუმ იგი უმალ სათადარიგოთა შორის მოაქცია. არადა, იმ ეპიზოდში "ატლანტა" 20-ქულიანი სხვაობით მარცხდებოდა.

ზაზამ მწვრთნელის მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა, რასაც არაერთი საგაზეთო პუბლიკაცია მიეძღვნა.

ეს ამბავი იმიტომ გავიხსენეთ, რომ დაგვეწერა: ფაჩულიამ მას მერე იმდენი მოახერხა, რომ დღეს ისევე თავისუფლად შეუძლია შორი დისტანციიდან სროლა, როგორც რომელიმე მილუოკელ უკანახაზელს.

ამის დასტური სწორედ "ნიუ იორკთან" მატჩი იყო: ხომ გახსოვთ, აგვისტოში ზაზამ სპორტის სასახლეში ჩეხებს საშუალო დისტანციიდან ტყორცნებით სისხლი რომ გაუშრო? - სწორედ ასეთი სროლებით აგროვებდა ქულებს ნიუ იორკში. მას მხარი თანაგუნდელებმაც აუბეს, მეოთხედიდან მეოთხედამდე თამაშს აუმჯობესებდნენ და მშვიდი გამარჯვებაც მოიპოვეს.

ნამატჩევს ზაზა ფაჩულიამ ნიუიორკელ ქომაგზე გაამახვილა ყურადღება:

- "ნიუ იორკთან" სტუმრად მოგება ყოველთვის ძნელია, რადგან ქომაგი თამაშში აქტიურად ერთვება.

ასე იყო ამჯერადაც და ამიტომაც ვერ ვახერხებდით დიდი სხვაობით დაწინაურებას. თუმცა მატჩის წინ ამ საკითხზეც გვქონდა მსჯელობა, კიდევ ერთხელ ვთქვით: თუ პლეი ოფში თამაში გვინდა, ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, ქომაგი ვის უჭერს მხარს, მოედანზე საბრძოლველად უნდა გავიდეთ და გავიმარჯვოთო.

ვფიქრობ, ჯერჯერობით ყველაფერი კარგად გამოგვდის. მართალია, საშინაო კედლებში თამაში სულ სხვაა (ამიტომაც ვცდილობთ, რაც შეიძლება მაღალი პოზიციიდან შევიდეთ პლეი ოფში, რომ თუნდაც პირველ რაუნდში მოედნის უპირატესობა ჩვენ მხარეს იყოს), მაგრამ გუნდის ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, სტუმრად მოგებაც გვეხერხება.

"მილუოკის" სადღეისოდ 18 მოგების წილ 17 მარცხი აქვს და აღმოსავლეთის კონფერენციაში მე-6 პოზიციაზეა. ერთი მოგებით ჩამორჩება ლებრონ ჯეიმსის "კლივლენდს". 6 იანვარს ზაზას თანაგუნდელები "ფინიქს სანსს" უმასპინძლებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული