თორნიკე შენგელიამ მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-ს 11 ქულა ჩაუგდო

AutoSharing Option
ევროპის უპირველეს საკალათბურთო შეჯიბრებაში, ევროლიგაზე 8 იანვარს ქართული დუელის მოლოდინში ვიყავით.

ერთმანეთს უნდა დაპირისპირებოდნენ მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა და თორნიკე შენგელიას "ბასკონია". მატჩი მოსკოვში გაიმართა, ადგილობრივთა ცხრაქულიანი გამარჯვებით დასრულდა (99:90), ქართველთა დაპირისპირება კი ვერ ვიხილეთ. მიზეზი: მარკოიშვილი სათადარიგოთა შორის იყო, თუმცა არ უთამაშია.

თორნიკე შენგელია "ბასკონიას" სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა, 19 წუთი ითამაშა და მოსკოველებს დიდი თავსატეხი გაუჩინა. მასთან ბრძოლაში ანდრეი ვორონცევიჩმა ხუთი ჯარიმა მიიღო.

კომენტატორმა ვლადიმირ გომელსკიმ ტელემაყურებელს შეახსენა, რომ ამ სეზონში ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ვორონცევიჩმა მოედანი პერსონალურების გამო
დატოვა. ერთ ეპიზოდში კი გომელსკიმ თოკოს შეტევა შეუქო - ამერიკაში ცოტას თამაშობდა, მაგრამ მაინც დიდი გამოცდილება მიუღია, სწორედ NBA-ს სტილში შეუტია ცსკა-ს კალათსო.

მოკლედ, შენგელიამ 11 ქულა (5-დან 3 ორქულიანი, 9-დან 5 საჯარიმო) და 5 მოხსნა მოაგროვა. მასზე ორჯერ დაჯარიმდნენ, ხოლო მეტოქეები ექვსჯერ აიძულა, წესები დაერღვიათ. "ბასკონიას" ბომბარდირი 19 ქულით მაიკ ჯეიმსი გახდა, ხოლო მატჩის სნაიპერობა არმიელმა სონი უიმსმა იკისრა - 22.

ევროლიგის ტოპ-16-ში ცსკა-ს ორი მოგება აქვს, ხოლო "ბასკონიასთვის" ეს მეორე მარცხი იყო. დღეს ლევან ფაცაციას "ნიჟნი ნოვგოროდი" რიკი ჰიკმანის "ფენერბაჰჩეს" უმასპინძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ცუდი მწვრთნელი ყავს ბასკონია ტოკოს მეტი უნდა ეთამაშა,განა იმიტომ რომ ქართველია იმიტომ რომ პირველი პერიოდი ძალიან მაგრად დაიწყო და მწვრთნელმა უმიზეზოდ შეცვალა და 2 პერიოდში საერთოდ არ გამოუყვანია
irakli
19:35 09-01-2015
0
მასზე ორჯერ დაჯარიმდნენ, ხოლო მეტოქეები ექვსჯერ აიძულა, წესები დაერღვიათ. ანუ როგორ?
Mindia
11:23 09-01-2015
0

სიახლეები პოპულარული