არადა, მოგებული იყო - თორნიკე შენგელია VS მადრიდის "რეალი"

AutoSharing Option
სათაურს აქ განვაგრძობთ: არადა, მოგებული იყო, თორნიკე შენგელიას თანაგუნდელ მაიკ ჯეიმსს ბურთი რომ ჩაეხუტებინა და კაკუნი არ დაეწყო.

ამერიკელი ბურთს ხელში რომ დააფიქსირებდა, რეალელებს სხვა გზა არ ჰქონდათ, წესები უნდა დაერღვიათ, ჯეიმსი საჯარიმოს ხაზზე დადგებოდა და ორქულიანი უპირატესობის (74:72) გაზრდას ეცდებოდა.

სინამდვილეში კი ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მადრიდის "რეალს" აძლევდა ხელს: ჯეიმსმა ბურთის იატაკზე დაგდება არჩია, ვერ შეიმაგრა და გვერდით ხაზს მიღმა გადაუვარდა. მადრიდელებს შეტევისთვის 9 წამი დარჩათ, სერხიო ლული საჯარიმოში შეძვრა, ანგარიში გაათანაბრა და თან ბონუს-ჯარიმის ტყორცნის უფლება მოიპოვა.
ისიც ჩააგდო და "რეალმა" (მადრიდში) "ბასკონიას" გამარჯვება კბილებით გამოგლიჯა - 75:74.

ეს გახლდათ ესპანეთის ჩემპიონატის შეხვედრა, რომლის მოგება ბასკებს სატურნირო ცხრილში საგრძნობლად წასწევდათ წინ... მათ სადღეისოდ 7 მოგება და 9 წაგება აქვთ.

"რეალის" ტანმაღალ მოთამაშეებს დიდი თავსატეხი გაუჩინა თორნიკე შენგელიამ, რომელმაც 22 წუთში 8 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. შეხვედრის ბომბარდირობა მატჩის გმირმა სერხიო ლულმა იკისრა - 17 ქულა ჩააგდო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული