ზაზა ფაჩულიას "მილუოკიმ" "დეტროიტი" გაანადგურა

AutoSharing Option
ზედიზედ 2 მატჩის ბრძოლაში წაგების შემდეგ ზაზა ფაჩულიას "მილუოკიმ" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. "ბაქსმა" "ბრედლი სენთერში" "დეტროიტ პისტონსს" უმასპინძლა და 101:86 გაანადგურა.

ამ გამარჯვებაში სოლიდური წვლილი მიუძღვის ქართველ ცენტრს. გარდამტეხ, მეორე მეოთხედში, რომელიც მილუოკელებმა 40:21 მოიგეს, ფაჩულია მოედანზე იყო და თავისი შედეგიანობით მასპინძლების წარმატებულ თამაშს უზრუნველყოფდა.

სწორედ მეორე პერიოდში გარდატეხეს მილუოკელებმა მატჩი, არადა მანამდე პირველი მეოთხედი 23:28 ჰქონდათ წაგებული. შედეგიან მეორე 12-წუთეულს არანაკლებ წარმატებული მესამე 12-წუთეული (28:18) მოჰყვა და ფაჩულიას გუნდმა მატჩის ბედი დასრულებამდე კარგა ხნით ადრე გაარკვია.

ფაჩულიამ სასტარტო ხუთეულში,
მთლიანობაში 23 წუთი ითამაშა და 8 ქულა, 6 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. მასზე მეტი - 8 შედეგიანი გადაცემა მოედანზე მყოფთაგან მხოლოდ მის თანაგუნდელ ჯარიდ ბეილისის ჰქონდა. ფაჩულიამ 10-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, 1 პესონალური მიიღო და ბურთი არ დაუკარგავს.

მილუოკელთაგან ბომბარდირი 20 ქულის მიმთვლელი ოჯეი მაიო გახდა, კრის მიდლტონმა 16 მიითვალა, ხოლო ბრენდონ ნაითმა - 14. დეტროიტელთაგან 16 ქულა უკანახაზელ ბრენდონ ჯენინგს დაუგროვდა, ცენტრმა ანდრე დრამონდმა კი 10 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა.

22 მოგებითა და 21 წაგებით "მილუოკი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა. მომდევნო 3 მატჩს ფაჩულიას გუნდი სტუმრად გამართავს, საიდანაც პირველს 25 იანვარს, სან ანტონიოში, მოქმედ ჩემპიონ "სფურსთან" ჩაატარებს.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული