თორნიკე შენგელია: "რეალთან" შეხვედრაში მოედანზე მოსაგებად გამოვალთ

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის რეგულარული ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი, თუმცა, თუ გადატანილ მატჩსაც ჩავთვლით, თორნიკე შენგელიას "ბასკონიას" ორი შეხვედრის გამართვა უწევს.

პირველი - 20 მაისს, მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ (შინ), მეორე - 23 მაისს, "მონბუსთან" (სტუმრად).

ბასკებმა ბოლო ტურებში ერთმანეთს წაგებები გადააბეს და პლეი ოფში მოხვედრის საკითხს კითხვის ნიშანი დაუსვეს. სატურნირო მდგომარეობა ასეთია: "ბასკონიას" 17 მოგება და 15 მარცხი აქვს და მერვე ადგილზეა (პლეი ოფში სწორედ 8 გუნდი გადის). ასევე 17 მოგებით
და 16 მარცხით საპლეიოფო ზონის მიღმა, მე-9 ადგილზეა "სარაგოსა". ასე და ამგვარად, "ბასკონიას" პლეი ოფის საგზურის გასანაღდებლად ერთი გამარჯვება სჭირდება.

არსებულ სიტუაციაზე ესპანურ გამოცემა "ელკორეოს" თორნიკე შენგელია ესაუბრა. მას ჯერ ბოლო ტურში "ესტუდიანტესთან" მარცხზე ჰკითხეს.

- წაგების მიზეზებზე მსჯელობა მიჭირს. რომ ვიცოდეთ, მცირე ჩავარდნა კონკრეტულად რისი ბრალია, მეორე დღესვე გამოვასწორებდით. "ესტუდიანტესთან" ენერგია არ გვეყო? ყოფილა მატჩები, როცა ენერგიის ნაკლებობა არ გვიგრძვნია, მაგრამ მაინც ვერ მოგვიგია. საპირისპირო შემთხვევების ჩამოთვლაც შეიძლება. მჯერა, რომ წარუმატებლობა დროებითია, "ბასკონია" შეკრული ოჯახია და ერთობლივი მუშაობით სიტუაციას აუცილებლად გამოვასწორებთ.

როგორც მოგახსენეთ, 20 მაისს, ოთხშაბათს ბასკები მადრიდის "რეალს" უმასპინძლებენ, გუნდს, რომელმაც კვირას ევროლიგა მოიგო. მართალია, ვიტორიული მატჩი დედაქალაქელებისთვის სატურნირო თვალსაზრისითაც არაფერს წყვეტს, მაგრამ იმდენად ძლიერი შემადგენლობაა შეკრებილი, მიზნის მიღწევა მაინც ძალიან რთული იქნება. აი, რას ამბობს თორნიკე მომავალ შეხვედრაზე:

- ჩემი გუნდისა მჯერა. "რეალთან" პირველ წრეშიც კარგად ვითამაშეთ. ისიც გვესმის, რომ მოგება თუ გინდა, მეტოქის შემადგენლობაში ვარსკვლავები არ უნდა ითვალო. კალათბურთს სახელები არ თამაშობენ. ასე რომ, მოედანზე მოსაგებად გამოვალთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს რა სურათი დაგიდით არ დათარსოთ კაცი, ტრამვა არ მიიღოს
sabonis
17:22 19-05-2015
0

სიახლეები პოპულარული