თორნიკე შენგელიამ სეზონი 13 ქულით დახურა

AutoSharing Option
სეზონი თორნიკე შენგელიამაც დაასრულა. 1-ელ ივნისს, "მალაგასთან" გასვლით შეხვედრაში მისი "ბასკონია" თანაბარ ბრძოლაში დამარცხდა - 77:89.

ასე და ამგვარად, მალაგის გუნდმა "ბასკონია" მეოთხედფინალურ სერიაში 2:1 დაამარცხა და ნახევარფინალში "ბარსელონას" შეხვდება. მეორე წყვილში "რეალი" და "ვალენსია" ითამაშებენ.

მატჩის ბოლოს სტუმრებმა განზრახ ფოლების ტაქტიკას მიმართეს და ამიტომაც გაიზარდა სხვაობა 12 ქულამდე, თორემ ბასკები გამარჯვების შანსს ბოლომდე ინარჩუნებდნენ.

ისინი განსაკუთრებით კარგად მეორე პერიოდში გამოიყურებოდნენ: მათ ამერიკელ გამთამაშებლებს კარგად აუბა მხარი მეორე ათწუთეულში მოედანზე გამოსულმა შენგელიამ და სწრაფ თამაშში "ბასკონიამ" "უნიკახას" აშკარად აჯობა. შესაბამისად,
მატჩის მე-19 წუთზე 9 ქულითაც დაწინაურდა. თუმცა მალაგელებმა დიდ შესვენებამდე მოახერხეს ორი სამქულიანით სხვაობის შემცირება. მეორე ათწუთეული "ბასკონიამ" 30:23 მოიგო. 9 ქულა თორნიკეს ანგარიშზე დაფიქსირდა.

ქართველი ფორვარდის სრული მონაგარი ასეთი იყო: 19 წუთი, 13 ქულა (7/6 ორქულიანი, 2/0 სამიანი, 1/1 საჯარიმო), 3 პასი, 1 მოხსნა.

მატჩის ბომბარდირი კი მალაგელი გამთამაშებელი ჯეისონ გრეინჯერი გახდა (19 ქულა), რომელმაც სტუმართა ამერიკელ პლეიმეიქერებს აშკარად აჯობა. გადამწყვეტ მომენტებში მათ არაერთი შეცდომა დაუშვეს. "უნიკახაში" მოთამაშე ექსარმიელმა უილ ტომასმა (რომელსაც შენგელია მეურვეობდა) 7 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა.

საქართველოს ნაკრების წევრთაგან სეზონი მხოლოდ მანუჩარ მარკოიშვილს არ დაუსრულებია. იგი ვითიბი ლიგის ფინალურ სერიას 3 ივნისს დაიწყებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული