საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი სოსო მაჭავარიანი იტალიიდან ჩემპიონის სტატუსით დაბრუნდა. მისმა "ტიგულიომ" აპენინებზე 19-წლამდელთა პირველობა მოიგო. ფინალურ სერიაში ტიგულიოელებმა "სან რემო" 2:1 დაამარცხეს. ბოლო, გადამწყვეტი შეხვედრა 66:53 მოიგეს. სოსომ ამ მატჩში 12 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა.
მასთან ინტერვიუ სწორედ იტალიის 19-წლამდელთა ჩემპიონატით დავიწყეთ.
- შეჯიბრების საწყის ეტაპზე გუნდები ორ ჯგუფად გაიყვნენ. ჩვენს ჯგუფში პირველობა არავის დაუთმო "ტიგულიომ", ხოლო მეორე ჯგუფში "სან რემომ" გაიმარჯვა. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ფინალში სწორედ ჩვენ და სანრემოელები გავედით.
- არადა, ამ კომპონენტში ქართველები გამორჩეულები არ ვართ...
- სხვათა შორის, იტალიაში პირველი მატჩი რომ ჩავატარე, 20 ქულა ჩავაგდე, მეგონა კარგად ვითამაშე. მწვრთნელმა კი მომდევნო შეხვედრაში სასტარტო ხუთეულში აღარ დამაყენა.
მიზეზი კი ასე განმიმარტა: როცა ქულების მოგროვებას ინდივიდუალურის ნაცვლად გუნდზე თამაშის შედეგად ისწავლი, სასტარტოშიც მაშინ ითამაშებო. ამის შემდეგ სხვა კუთხით შევხედე სიტუაციას და სასტარტო ხუთეულშიც დავბრუნდი.
ძლიერი მწვრთნელი გვყავს, ლუკა მაკიაველი. მას ცოლ-შვილი არა ჰყავს, მისი ოჯახი კალათბურთია, დღე და ღამე სპორტზე ფიქრობს. სოციალურ ქსელებში ვიდეოებსაც გვიგზავნიდა, მიგვითითებდა, რაზე გაგვემახვილებინა ყურადღება, კალათბურთელებს რესტორანშიც გვეპატიჟებოდა.
- კონკრეტულად რა კომპონენტებზე ამახვილებდი ყურადღებას ინდივიდუალური ვარჯიშისას?
- ყველა კომპონენტზე ვმუშაობდი, ფიზმომზადებიდან დაწყებული ტექნიკით დამთავრებული. მთავარი კი ის არის, რომ სათამაშო პრაქტიკა მქონდა საკმარისი. სხვადასხვა ტურნირებს თუ ჩავთვლით, ჯამში 70-ზე მეტი მატჩი ჩავატარე.
- 19-წლამდელთა ჩემპიონატის გარდა, კიდევ რა შეჯიბრებებში მიიღე მონაწილეობა?
- დიდ გუნდთან ერთად ვითამაშე სერია C-ში, სადაც რეგულარულ ეტაპზე მეოთხე ადგილი დავიკავეთ, ხოლო ასპარეზობა ნახევარფინალში დავასრულეთ. ასევე ვითამაშეთ რომისა და მილანის 19-წლამდელთა ტურნირებში, სადაც სერბულ გუნდებსაც დავუპირისპირდით. ორივე შეჯიბრება მეექვსე ადგილზე დავასრულეთ.
- "ტიგულიოში" კიდევ ერთი ქართველი ლევან ბაბილოძე თამაშობს...
- იგი 17-წლამდელთა გუნდში იმდენად კარგად გამოდიოდა, რომ მწვრთნელს გადაწყვეტილი ჰქონდა ბოლო მატჩებში 19-წლამდელებში გადმოეყვანა, თუმცა ტრავმა მიიღო, რამაც სეზონის სრულფასოვნად ჩამთავრებაში ხელი შეუშალა.
- ბოლოს სამომავლო გეგმებზე ვთქვათ. მომავალ სეზონში სად ითამაშებ?
- "ტიგულიოში" დარჩენას წინ არაფერი დაუდგება, თუმცა მაქვს შეთავაზებები ვენეციური გუნდებიდან, "როსეტოდან" და ამერიკის კოლეჯებიდან. გადაწყვეტილების მიღებას არ ვჩქარობ.
ივლისში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები გველის. თბილისში 29 მაისს ჩამოვედი, რათა ივნისის დასაწყისში ნაკრებთან ერთად ვარჯიშს შევუდგე. ევროპის ჩემპიონატი ივლისში უნგრეთში გაიმართება, მანამდე კი ლატვიასა და ლუქსემბურგში ჩავატარებთ საკონტროლო შეხვედრებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"