მანუჩარ მარკოიშვილი: იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან მიზნამდე მაინც მივალ

AutoSharing Option
გამოცემა "ბასკეტნეტში" მანუჩარ მარკოიშვილის საინტერესო ინტერვიუ გამოქვეყნდა. შესავლის წაკითხვის შემდეგ ნებისმიერ მკითხველს გაუჩნდება სიამაყის გრძნობა, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ მანუჩარის თანამემამულეა. მან იტალიურ "კანტუში" სამი წელი გაატარა და მანუზე დღემდე დიდი სითბოთი წერენ.

ინტერვიუ თურქეთისა და რუსეთის ლიგების შედარებით იწყება. შეგახსენებთ, რომ მარკოიშვილი გასულ სეზონში მოსკოვის ცსკა-ს ღირსებას იცავდა, სადაც თურქული "გალათასარაიდან" გადავიდა.

- თურქეთშიც სწორედ იმ ნომრით ვთამაშობდი, რომლითაც "კანტუში" - ცხრიანით. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ თურქეთში მსაჯები ძალისმიერი კალათბურთის თამაშის საშუალებას გაძლევენ. საერთო საკალათბურთო დონე თურქეთში ნამდვილად მაღალია.
რაც შეეხება რუსეთს, იქ კალათბურთი სწრაფი ნაბიჯებით ვითარდება.

- ბოლო დროს იტალიური კალათბურთის დონემ ცოტა დაიწია...
- ამის შესახებ ვერაფერს ვიტყვი, რადგან იტალიის უმაღლესი ლიგის გუნდებს კარგად არ ვიცნობ, ბევრი თამაში არ მინახავს. თუმცა ფინალურ სერიას ("დინამო სასარისა" და "რეჯო ემილიას" შორის) თვალს ვადევნებდი და ნამდვილად საინტერესო იყო.

- ევროლიგაზე ძალიან ახლოს იყავით ფინალთან, მაგრამ "ოლიმპიაკოსთან" ნახევარფინალში ბოლო წამებზე დამარცხდით. რა მოხდა იმ დღეს?
- ცსკა-მ მთელი სეზონი კარგად ჩაატარა, ნახევარფინალიც კარგად დავიწყეთ და ბოლო წუთებზე ვიგებდით კიდეც, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში 3-4 შეცდომა დავუშვით, რასაც "ოლიმპიაკოსის" დონის გუნდი არავის აპატიებს. სწორედ ჩვენ შევუწყვეთ ხელი ვასილის სპანულისს, რომ თავი გმირად ეგრძნო და საოცარი ტყორცნები ჩააგდო. რომ არა ჩვენი შეცდომები, სპანულისის სამქულიანები ბერძნებს ვერ უშველიდათ.

- მომავალი სეზონისთვის რას აპირებთ?
- ცსკა-სთან კიდევ ერთი წელი მაკავშირებს, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი, რას ვიზამ. გასულ სეზონში ცოტა სათამაშო დრო მქონდა. მსურს მეტი ვითამაშო, მეტი პასუხისმგებლობა ვიგრძნო. ცსკა-ში ვიქნები თუ სხვაგან, მთავარია, დრო მქონდეს საკმარისი.

- იმედგაცრუებული ჩანხართ...
- მესმის მწვრთნელის სიტუაცია. გუნდში 15 კარგი კალათბურთელი რომ არის, მწვრთნელს დიდი არჩევანი აქვს. ასე იყო ცსკა-ში. მეც ვცდილობდი, იმ დროში, რაც მერგებოდა, მაქსიმუმი გამეკეთებინა, მეტი სარგებელი მომეტანა გუნდისთვის. საამისოდ კი ყოველთვის სათანადოდ უნდა ვყოფილიყავი მომზადებული.

სამწუხაროდ, ცსკა-სთან ერთად ევროლიგაზე წარმატებას ვერ მივაღწიე. იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან მიზნამდე მაინც მივალ.

- ევროლიგის მოგების შემდეგ იქნებ "კანტუშიც" დაბრუნდეთ...
- კანტუელთა მაისურის კიდევ ერთხელ მორგება ჩემთვის დიდი პატივი იქნება. თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ საკალათბურთო თვალსაზრისით, ახალგაზრდაც არა ვარ და "კანტუში" რომ დავბრუნდე, გუნდს ისეთივე სარგებელი უნდა მოვუტანო, როგორიც აქამდე. "კანტუ" ახლაც არის და სამომავლოდაც დარჩება ჩემს გულში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული