ზაზა ფაჩულია: ნოვიცკის გვერდით თამაში რაღაც განსაკუთრებულია, არა?

AutoSharing Option
ფოტოზე: ზაზა ფაჩულია და დირკ ნოვიცკი
დალასი ტექსასის შტატის დიდი ქალაქია. მას შემოკლებით Big-D-ს უწოდებენ. ზაზა ფაჩულიას კი ამერიკელები Big-Z-ს ეძახიან. ამიერიდან თავისულად შეგვიძლია დავწეროთ: Big-Z Big-D-ში.

31 წლის ქართველი ცენტრი "დალას მავერიქსმა" "მილუოკი ბაქსისგან" წაიყვანა, სანაცვლოდ კი მომავალ წელს დრაფტის პირველი წრის არჩევანი მიიღო.

ეს ის ტრანსფერია, წინასწარ რომ შეიძლება პოზიტიურად ლაპარაკი. აქამდე ფაჩულიამ NBA-ში სამი კლუბი გამოიცვალა ("ორლანდო", "მილუოკი", "ატლანტა") და არც ერთ შემთხვევაში იგი სასტარტო ცენტრად არ აუყვანიათ. "დალას მავერიქსში" კი პირველ ცენტრად წავიდა.

ტექსასელებს თავისუფალ აგენტთა
ბაზარზე დეანდრე ჯორდანის შეძენა სურდათ, წინასწარი შეთანხმებაც თითქოს მიღწეული იყო, მაგრამ ბოლო მომენტში "ლოს ანჯელეს კლიპერსმა" იმდენი მისცა, რამდენსაც "დალასი" სთავაზობდა და ჯორდანმაც ლოს ანჯელესი არჩია.

დეანდრესგან გაცურებულმა "დალასის" ხელმძღვანელებმა ბევრი აღარ იფიქრეს და გაჩნდა მოულოდნელი ცნობა ფაჩულიას "მავერიქსში" გადასვლის შესახებ. იქ მას ნომინალური ცენტრი არ დახვედრია, სამაგიეროდ, უნივერსალი ვარსკვლავი დირკ ნოვიცკი მიეგებება.

კლუბის მეპატრონე მარკ კუბანს იმედი აქვს, რომ "დალასის" ევროპული წინა ხაზი დასავლეთის კონფერენციის გიგანტებს ღირსეულად დაუდგება:

- დიდი სურვილი გვქონდა, ჩვენს გუნდში ზაზა ფაჩულია გვეხილა. საამისოდ ყველაფერი ვიღონეთ და მიზანსაც მივაღწიეთ. ვიმედოვნებ, იგი "დალასს" სათანადოდ დაეხმარება. ზაზა კარგი მომხსნელია და საშუალო დისტანციიდანაც ისევე კარგად შეუძლია ტყორცნა, როგორც... დირკ ნოვიცკის.

ქართველი ცენტრის "მილუოკიდან" წასვლა იმიტომაც იყო მოულოდნელი, რომ განვლილ სეზონში ზაზა მწვრთნელ ჯეისონ კიდის სათამაშო სისტემის ერთ-ერთი საკვანძო ელემენტი იყო... თუმცა, როგორც თავად ფაჩულია ამბობს, NBA დიდი ბიზნესია და ბევრი რამ სწორედ მის წესებს ემორჩილება.

ჩვენი მკითხველისთვის ჯეისონ კიდის მოსაზრებაც საინტერესო უნდა იყოს:

- ზაზა ფაჩულია კონკურენტუნარიანი მოთამაშეა. ის უდიდესი ნაწილი იყო ჩვენი გუნდისა. მძიმე ტრავმის შემდეგ მას შესანიშნავი სეზონი ჰქონდა და გუნდისთვის ისეთი მოთამაშე და პერსონა იყო, უკეთესს რომ ვერ ისურვებდი. გულდასაწყვეტია, რომ მასთან მუშაობას ვეღარ გავაგრძელებთ.

დალასელთა და მილუოკელთა კომენტარები გაგაცანით, ახლა თავად ზაზა ფაჩულიას ჯერია:

- "მილუოკი ბაქსი" დიდი ოჯახია, ყველა ყველაზე ზრუნავს. მეც ვცდილობდი, მხარში დავდგომოდი ახალგაზრდა კალათბურთელებს და თუ რამით დავეხმარე, ძალიან გამეხარდება.

ამ გუნდთან ერთად პირველი სეზონი წარუმატებელი გამოვიდა, მეორე - კარგი. ყოველთვის სასიამოვნოა, როცა ერთ სეზონში თამაშს აუმჯობესებ და ეს შედეგებზეც ისახება.


საქართველოს ნაკრების კაპიტანი დირკ ნოვიცკისთან თამაშის პერსპექტივით გახარებული ჩანს:

- ცოტა აღელვებულიც ვარ. ნოვიცკის გვერდით თამაში რაღაც განსაკუთრებულია, არა? რაც მას NBA-ში აქვს გაკეთებული, შეუფასებელია. ვეცდები, ნოვიცკის მაქსიმალურად დავეხმარო.

მოტივირებული ვარ ისე, როგორც არასოდეს. მინდა გუნდის მატჩებს კარგ ფორმაში შევხვდე და "დალას მავერიქსის" მდიდარი ისტორიის ნაწილად ვიქცე.


Sportall.Ge
ფოტოზე: დირკ ნოვიცკი და ზაზა ფაჩულია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ზურაბ-სანამ სენი სამრეკლოდან სერცხვები ასჯერ გაზომე-ერთხე მ ოსჭერი,ნუ ჩქარობ,იდინჯე,ბევრს მოიგებ ცხოვრებაში.ორის სიტყვით-დინჟად იჩქარე,მაფატიე ჭკუის დარიგებისათვის ქართველო,მაგრამ მეც ციჩქარით ბევრჯერ მომიტეხია კისერი და მიჭამია სირცხვილი,ვისწავლოთ სხათა შეცდომებზე.ტექსასი -დედანში თქმული სიტყვაა,როგორც ბევრი ამერიკული დასახელება ამერიკულ აბრევიატურაში,ჩვენთან კი რუსიების მიერ გადმოქართველებული და დამახინჯებულად გამეორებული ქართულად.არ გვინდა მესამე ქვეყნების მცდელობით თარგმნა დედანიდან .ქართული უძლიერესი და უძველესი ენაა უშუალოდ დედანიდან თარგმნისათვის.სირცხვილია ბარბაროსული რუსეთის ალფავიტით,ისიც მოფარული ბულგარელებისაგან კირილიცით ,ქართულად მექანიკურად ვიმეოროთ სხვათა სიტყვები-ტეხასი,ფარიჟი,აფინი,გრუზია....როდესაც დედანიდან ქართულად ითქმის ტექსასი,ფაღი,ათენა,საქართველო....აქ თემა სფორტია მაგრამ ქართული ენის სიძლიერის ზღვრის ფლობაც სასიცოცხლო თვიდმყოფადობისთვის საჭიროდ აუცილებელია, ყველა თავმოყვარე ქართველისათვის....
I Am Georgian Texas.USA
13:02 13-07-2015
0
zurab-ს. შენთვის ეს არის ყველაზე საინტერესო ამ სტატიაში? რა ტეხასი, რის დალასი. რა არაადეკვატური კლიენტი ხარ. ზაზას კი, სადაც არ უნდა იტამაშოს, რათქმაუნდა წარმატებებს უსურვე. ეხ zurabა, zurabა!!!
zaali
12:29 13-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული