პირველივე ოფიციალურ მატჩში მის გასწვრივ ოქმში 11-იანი დაფიქსირდა, თუმცა ეს არცთუ სასიამოვნო მაჩვენებელი იყო - მანუმ 11 წუთი ითამაშა.
მარკოიშვილი აქამდე გამართულ მოსამზადებელ მატჩებში სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა თურქეთის ჩემპიონატის სადებიუტო შეხვედრაში სათადარიგოდ გაამწესეს. მან 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, მხოლოდ ერთი ორქულიანი ესროლა, ისიც არაზუსტად.
გამარჯვებულთაგან 11 ქულით ბომბარდირი ემირ პრელჟიჩი გახდა, ხოლო ჯეიმონ გორდონმა თავი 10 ქულას მოუყარა.
კი დავწერეთ, გამარჯვებულთაგანო, მაგრამ არ გვითქვამს, მანუს
საბოლოოდ "დარუშაფაკამ" ქულამწირ მატჩში 59:53 გაიმარჯვა.
გაზიანთეფის "როიალ ჰოლის" შემადგენლობაში მარკოიშვილისთვის კარგად ნაცნობი არაერთი პიროვნებაა თავმოყრილი: სლოვენიის ნაკრების მწვრთნელი იურე ჟდოვცი, სლოვენიის ნაკრების ფორვარდი იურე ბალაჟიჩი და ბულგარეთის ნაკრებში ნათამაშები ნატურალიზებული ერლ კალუეი, რომელმაც "დარუშაფაკასთან" 8-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. არადა, თუ გახსოვთ, მან თბილისში, ბულგარეთის ნაკრების მაისურით 8 სამიანი გამოიყენა.
ვიქტორ სანიკიძეც თურქეთის ჩემპიონატში თამაშობს, თუმცა მისი "ტედ კოლეჯი" სეზონს 13 ოქტომბერს იწყებს. ამ დღეს "სტუდენტები" "ფენერბაჰჩეს" ესტუმრებიან. "დარუშაფაკას" უახლოესი მატჩი სწორედ "ფენერთან" ელის (18 ოქტომბერს).
საინტერესოა, რომ თურქეთის პირველობაზე 10 ოქტომბერს გამართული სამივე შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. ვნახოთ, როგორ განაგრძობენ სტუმრები...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"