ეს სიამაყით ნათქვამია, საქართველოს დარი პატარა ქვეყნისთვის ქართველი კალათბურთელის ბრაიანტის გვერდით სათამაშო ფოტოზე მოხვედრაც გასახარი უნდა იყოს, მაგრამ ფაჩულიას ადრე აქვს ნათქვამი - თუ საქმეს შევეჭიდები, ბოლომდე მაღალ დონეზე უნდა გავაკეთოო. მისთვის NBA-ში მოხვედრა არაფერს ნიშნავდა, ათწლეული ითმინა, ვიდრე იმას მიაღწევდა, რასაც დღეს აკეთებს.
რას? - იკითხავთ. პასუხი მარტივია: 16 ქულას და 12 მოხსნას ბრაიანტის "ლეიკერსთან", გადამწყვეტ მომენტში
* * *
კარგია, რომ დასავლეთის კონფერენციაში მატჩები აღმოსავლეთთან შედარებით გვიან იწყება და ქართველ მაყურებელსაც დილის 4-ის ნაცვლად 6-7 საათზე შეუძლია გაიღვიძოს და "დალას მავერიქსის" მატჩებს მიადევნოს თვალი. გუშინ, დილის 6:30-ზე ვინც გაიღვიძა, ნამდვილად არ ინანებდა - მატჩის პირველი ქულა ფაჩულიამ ჩააგდო, საწყისი მეოთხედი კი 5-5 ქულა-მოხსნით დაასრულა. თუმცა მხოლოდ ციფრებზე დაყრდნობით მსჯელობა არ იქნება მართებული. ზაზას ისეთი ფუნქცია ჰქონდა დაკისრებული, სტატისტიკაში არ ჩანს - NBA-ს ვარსკვლავი ცენტრის, როი ჰიბერტის მეურვეობა. როის ამ სეზონში საშუალოდ 11 ქულა აქვს ჩაგდებული, "დალასთან" კი 4-ს დასჯერდა...
ფაჩულიას შესახებ ბოლო წუთების განხილვისას კიდევ დავწერთ, მანამდე მოკლედ მოგახსენებთ, რომ პირველი წუთები სტუმართა სრული უპირატესობით წარიმართა - "დალასმა" მატჩი 15:0 დაიწყო. მეორე რაუნდში ლეიკერსელებმა ჯულიუს რენდლის აქტიურობით თამაში გამოასწორეს, თუმცა სხვაობის შემცირება ძალიან უჭირდათ. ამის მიზეზი დალასელთა კარგი დაცვა და დირკ ნოვიცკის უზადო შეტევა იყო: 37 წლის გერმანელმა ვარსკვლავმა ახალგაზრდობა გაიხსენა - 5-დან 3 სამქულიანი, 8-დან 7 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, საბოლოოდ კი 25 ქულამდე ავიდა.
არადა, არც ერთი ტყორცნა არ შეუსრულებია სრულიად თავისუფალს - ყველას კარგად მოეხსენება დირკის სნაიპერობის ამბავი და როგორც კალათბურთელები იტყვიან, მეტოქეები ყოველთვის "ხელზე ასხედან".
მეოთხე პერიოდის დასაწყისში "დალასი" 81:64-ს იგებდა. როცა მოედანზე ზაზა ფაჩულია დაბრუნდა, "ლეიკერსი" 10 ქულითღა მარცხდებოდა - 82:92. დარჩენილ 6 წუთში ტეხასელებმა 11 ქულა ჩააგდეს, საიდანაც 5 ქართული იყო. ზაზამ ხუთივე საჯარიმოს ხაზიდან მიითვალა. "ლეიკერსმაც" 11 ქულა მოაგროვა და, როგორც გითხარით, "დალასმა" 103:93 მოიგო. ბოლო წერტილიც ფაჩულიამ დასვა - საფინალო ანგარიში მისი საჯარიმოს შემდეგ დაფიქსირდა.
* * *
დირკ ნოვიცკის შეტევითი სურათი ზედმიწევნით დაგიხატეთ, ფაჩულიაზე კი სტატისტიკიდან მხოლოდ ის გითხარით, ორმაგი დუბლი შეასრულაო. ეს მისი 82-ე "დაბლ დაბლი" იყო NBA-ში. 31 წლის ქართველი ცენტრის მონაგარი ასეთი იყო: 29 წუთი, 16 ქულა (8-დან 4 ორქულიანი, 10-დან 8 საჯარიმო), 12 მოხსნა, 1 პასი, 1 დაფარება, 3 შეცდომა, 4 ფოლი.რაც შეეხება კობი ბრაიანტს, ჩვეულად ვერ სტყორცნა - თამაშიდან 15-ჯერ ისროლა და მხოლოდ 3 ჩააგდო. საბოლოოდ 15 ქულას გამორჩა. "ლეიკერსის" სნაიპერი 22 ქულით ჯულიუს რენდლი გახდა.
"დალას მავერიქსი" სამი გასვლითი შეხვედრის შემდეგ მიმდინარე სეზონში პირველ ოფიციალურ მატჩს შინ 4 ნოემბერს, თბილისის დროით დილის 5:30 საათზე ჩაატარებს. მისი მეტოქე კანადური "ტორონტო რეპტორსი" იქნება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"