ბექა ბურჯანაძის 31 ქულა, 11-დან 11 ორქულიანი და გამარჯვება "კოკინასთან"

AutoSharing Option
ესპანეთის მეორე ლიგის "ლეიმა ბასკეტში" მოთამაშე 21 წლის ქართველმა ფორვარდმა ბექა ბურჯანაძემ, მორიგ ტურში 31 ქულა ჩააგდო და ლაკორუნიელებს "კოკინასი" 95:83 დაამარცხებინა. მთავარი კი ისაა, რომ ბურჯანაძემ ბოლო მატჩებში უკვე მეორედ გადააბიჯა 30-ქულიან ზღვარს, ხოლო გასულ 3 შეხვედრაში საშუალოდ 30,3 ქულას აგროვებს.

31 ქულის მოგროვება, რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ ამას ხშირად ახერხებენ კალათბურთელები. აი, გზა, რომლითაც ბურჯანაძემ ქულების შეგროვება შეძლო, ურთულესია და იშვიათად ხდება.

ქართველმა ფორვარდმა მთელი შეხვედრა ისე ჩაატარა, ორქულიანი არ აუცელია. თანაც ბექამ შიდა პერიმეტრიდან საკმაოდ ბევრჯერ
- 11-ჯერ შეუტია მეტოქის კალათს და ყველა სროლა ჩააგდო. შესაბამისად, ბურჯანაძემ 22 ქულა ორქულიანებით მოაგროვა, რასაც კიდევ 9 ქულა შორი სროლებით მიამატა: 7-დან 3 სამიანი ჩააგდო. გუნდის ულაპარაკო ლიდერი მწვრთნელმა მხოლოდ 3 წუთი დაასვენა. ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 37 წუთი გაატარა.

რა თქმა უნდა, ამ შედეგით, ბურჯანაძე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. მისმა მარგი ქმედების კოეფიცინტმა 36 შეადგინა. სხვათა შორის, ბურჯანაძეს წინა მატჩში ეს მაჩვენებელი 35 ერთეული ჰქონდა და ის ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. იმის ალბათობა ახლაც დიდია, რომ ქართველი ფორვარდი ზედიზედ მესამედ გახდეს ტურის საუკეთესო მოთამაშე.

"კოკინასთან" მოგებულ მატჩში ბურჯანაძის სრული სტატისტიკა ასე გამოიყურება: 31 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი. საინტერესოა, რომ ბურჯანაძეს საჯარიმო არ უსვრია, ისე მოაგროვა 31 ქულა. მასზე მეტოქეები 3-ჯერ დაჯარიმდნენ, თუმცა არც ერთი მათგანი არ იყო სასროლი. თავად ბექა კი ერთხელ დაჯარიმდა და ბურთი 2-ჯერ დაკარგა.

ლაკორუნიულმა "ლეიმა ბასკეტმა", რომელსაც 7 მარცხი აქვს, სეზონის მე-3 გამარჯვება მოიპოვა და ცხრილში 2 საფეხურით, მე-12 ადგილზე აინაცვლა. მორიგი ტურის მატჩი ბურჯანაძის გუნდს 5 დეკემბერს, სტუმრად მე-6 ადგილზე მყოფ "ოვიედოსთან" ელის.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული