დერბის გმირი: დუდა სანაძემ საკუთარ გუნდს ისტორიული გამარჯვება მოაპოვებინა

AutoSharing Option
"ბოლოს და ბოლოს მოვახერხეთ "სან დიეგო სტეიტის" დამარცხება. მადლობელი ვარ თანაგუნდელების, მწვრთნელების და ყველა იმ ადამიანის, რომელთან ერთადაც ეს გამარჯვება მოვიპოვეთ" - განაცხადა მართლაც დიდი გამარჯვების შემდეგ "სან დიეგო ტორეროსის" ქართველმა ლეგიონერმა დუდა სანაძემ, რომელმაც თავის გუნდს ამ ისტორიულ მატჩში ულიდერა.

ეს იყო განსაკუთრებული მატჩი - უფრო მეტად სანაძის გუნდისთვის, რადგან "ტორეროსს" მორიგი შანსი ეძლეოდა, თანაქალაქელთა ბევრად ძლიერი რეიტინგის მქონე გუნდისთვის საკუთარი ძალა დაემტკიცებინა.

ესაა ერთგვარი დერბი, რომელშიც 2 სანდიეგოური გუნდი ერთმანეთთან პაექრობს და ამ დაპირისპირებებში გამარჯვებული უმეტეს წილად "სან
დიეგო სტეიტი" გამოდის, რომელიც რეიტინგებში მუდამ ტრიალებს და სტუდენტური ლიგის ფინალურ ტურნირშიც (64 საუკეთესო გუნდის დაპირისპირებაში) სისტემატურად ასპარეზობს.

სანდიეგოურ დერბის განსაკუთრებულ ელფერს სარბიელიც აძლევდა. მატჩი ღია ცის ქვეშ, ბეისბოლის სტადიონ "პეტკო პარკზე" - სპეციალურად დაგებულ ფიცარნაგზე გაიმართა. ამ იშვიათი შოუს მთავარი მოქმედი პირი სანაძე გახდა, რომელმაც "ტორეროსს" 15 ქულით ულიდერა და საბოლოო გამარჯვების მოპოვებაში დიდად დაეხმარა.

Sportall.Ge

15 ქულა, ზოგადად, ბევრი არაა, მაგრამ ამ მატჩისთვის მართლაც გამორჩეული შედეგია, რადგან დაცვით თამაშში საბოლოოდ ძალიან დაბალი ანგარიში დაფიქსირდა.

"ტორეროსმა" 53:48 გაიმარჯვა და თავისი ფანები ძალიან გაახარა, რადგან ბოლოს "სან დიეგო სტეიტის" დამარცხება 10 წლის წინ შეძლო.

სანაძემ მეტოქეს თავს სამქულიანების სეტყვა დაატეხა. დუდამ 15 ქულა მხოლოდ შორი სროლებით შეაგროვა. ქართველმა უკანახაზელმა 5 სამქულიანი ჩააგდო და მეტოქის ყველა მცდელობა, წინ გაჭრილ "ტორეროებს" დასწეოდა, ჩაახშო.

"ჩვენ დღეს ავმაღლდით, - განაცხადა "სან დიეგო ტორეროსის" ახალმა მწვრთნელმა ლემონ სმიტმა. - ისეთ საკალათბურთო ორგანიზაციას რომ თამაშს მოუგებ, როგორიც "სან დიეგო სტეიტი" და მისი მწვრთნელი სტივ ფიშრია, ეს ძალიან დიდი რამეა. ეს გამარჯვება ჩვენს გუნდს დიდ პოპულარობას მოუტანს სამხრეთ კალიფორნიაში. ვფიქრობ, შეხვედრას ძალიან ბევრმა ადამიანმა ადევნა თვალი".

რაც შეეხება სმიტისგან ქებულ "სან დიეგო სტეიტის" მწვრთნელ სტივ ფიშერს, წაგებული გუნდის მწვრთნელმა ფილოსოფიური კომენტარი გააკეთა: "მე საერთოდ მჯერა იმის, რომ ადამიანი რასაც იმსახურებს, იმას ღებულობს. როცა კალათბურთს მატჩისთვის განკუთვნილი დროის მხოლოდ 15 წუთს თამაშობ, წაგებას იმსახურებ. ჰოდა, მივიღეთ კიდეც".

ქართველი უკანახაზელი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. სანაძემ 33 წუთი ითამაშა და 10-დან 5 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო 4 ორიანი და 2 საჯარიმო ააცილა. 15 ქულასთან ერთად დუდამ 6 მოხსნა, 5(!) ჩაჭრა და 1 პასი მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა. გამარჯვებულთაგან 12 ქულით ოლინ კარტერიც გამოირჩა, მარკუს ჰარისის ანგარიშზე კი 9 ქულა დაგროვდა.

სეზონის უხეიროდ დაწყების შემდეგ სანაძის გუნდისთვის ეს ზედიზედ მე-3 გამარჯვება იყო. მომდევნო მატჩს "სან დიეგო ტორეროსი" 10 დეკემბერს შინ, "დენვერ პიონერსთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული