დუდა სანაძის სუპერმატჩი: 29 ქულა და გამარჯვება "პორტლენდთან"

AutoSharing Option
დუდა სანაძის სუპერწარმოდგენა ამერიკის სტუდენტურ ლიგაში. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, რომელიც "ვესტ ქოუსთის" კონფერენციის გუნდ "სან დიეგოს" ღირსებას იცავს, კალიფორნიელებს კონფერენციის პირველი გამარჯვება მოაპოვებინა.

სანდიეგოელები პორტლენდში ადგილობრივ "პაილოტსს" დაუპირისპირდნენ და ქართველი მსროლელის 29 ქულის წყალობით გამარჯვება მოიპოვეს - 82:71.

სანაძეს არნახული საღამო ჰქონდა. ქართველმა უკანახაზელმა 9-დან 7 ორქულიანი, 5-დან 3 სამიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩაგდო, 29 ქულა დააგროვა და ყველა და ყველაფერი დაჩრდილა.

სანაძის შეუდარებელი გარჯის წყალობით მასპინძლები, რომლებსაც კონფერენციაში უკვე 2 მოგება ჰქონდათ მოპოვებული, უშანსოდ დარჩნენ. სანაძეს ხელი
წააშველეს ჰოლანდიელმა ჯიტო კოკმა, რომელმაც 17 ქულა მიითვალა და 13 ქულით მომგროვებელმა სერბმა ვასა პუსიკამ.

აღსანიშნავია, რომ დუდა სანაძისთვის დღევანდელი შედეგი პირადი რეკორდია ამერიკულ კარიერაში. აქამდე მისი მწვერვალი 25 ქულა იყო, რომელიც 2014 წლის 16 იანვარს, "სანტა კლარასთან" მოაგროვა.

"სან დიეგომ", რომელსაც მიმდინარე სეზონში 5 მოგება ჰქონდა საგამოფენო მატჩებში, კონფერენციაში 4 წაგების შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა. სანაძის გუნდის მომდევნო მეტოქე კონფერენციის ლიდერი "გონზაგა" იქნება, რომელსაც სანდიეგოელები 17 იანვარს სტუმრად დაუპირისპირდებიან.

"ვესტ ქოუსთის" კონფერენცია ერთ-ერთია ამერიკის სტუდენტური ლიგის პირველი დივიზიონის 33 კონფერენციიდან, სადაც მთლიანობაში 450-ზე მეტი საუნივერსიტეტო გუნდი თამაშობს. საკუთრივ "ვესტ ქოუსტის" კონფერენციაში 10 გუნდია, რომელშიც სანაძის გუნდი დღესდღეობით ბოლოსწინა ადგილზეა.

დუდა სანაძეზე მეტი ინფორმაციის მისაღებად გამოიყენეთ ტეგი დუდა სანაძე

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული