მუდმივად წინ უნდა იყურო - ბექა ბურჯანაძე ესპანეთზე, საქართველოსა და პორზინგისზე

AutoSharing Option
ბექა ბურჯანაძემ 2014-15 წლების სეზონი ესპანეთის ოქროს ლიგის "კორუნიაში" გაატარა. ამ ზაფხულს რომ მითხრა, ისევ ლა კორუნიაში ვრჩებიო, ცოტა გამიკვირდა, რადგან ვიცოდი, რომ უმაღლესი ლიგის გუნდებიდანაც ჰქონდა შეთავაზებები, მაგრამ დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ოქროს ლიგაში დარჩენა ბექასთვის სწორი ნაბიჯი იყო. იგი მხოლოდ "კორუნიასი" კი არა, მთლიანად ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელია.

ერთ-ერთ ესპანურ გამოცემაში ბექას ვრცელი ინტერვიუს გამოჩენა გასაკვირი სულაც არ იყო.

ლა კორუნია
- შარშან, "კორუნიას" მაისურით პირველი საშინაო მატჩი რომ ჩავატარე, დარბაზში ბევრი გულშემატკივარი მოვიდა, რაც ჩემთვის მოულოდნელობა იყო.
ბედნიერი ვარ, რომ ისეთ გუნდში ვთამაშობ, რომელსაც უამრავი ქომაგი ჰყავს.

ბევრი რამ შედეგზეცაა დამოკიდებული. ბოლო დროს თამაში გამოვასწორეთ და საპლეიოფო ზონაში შევედით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რეგულარული ეტაპის დასრულების შემდეგ ვიტოვებთ უმაღლეს ლიგაში გადასვლის შანსს. ეს ქომაგსაც ახარებს.

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ სეზონის დასაწყისში გუნდი საგრძნობლად გაახალგაზრდავდა და მისგან პლეი ოფში მოხვედრას ბევრი არ ელოდა.

სტარტი
- ცუდად დაემთხვა - საწყის ექვს მატჩში ოქროს ლიგის ექვსი გამორჩეული გუნდის წინააღმდეგ მოგვიწია თამაშმა. ტრავმების გამო რამდენიმე კალათბურთელიც გამოგვაკლდა. მძიმე დღეები გადავიტანეთ. თუმცა ნელ-ნელა შევიკარით და წაგებებს მოგებები მივაყოლეთ.

არცთუ დიდი ხნის წინათ გვეშინოდა, ოქროს ლიგას არ დავმშვიდობებოდით. ახლა სულ სხვა განწყობა და სიტუაციაა. ბევრს ვმუშაობთ და ვცდილობთ, რაც შეიძლება წინ წავიდეთ.

კონტრაქტი
- გასულ ზაფხულს ძალიან ახლოს ვიყავი "ფუენლაბრადაში" გადასვლასთან, მაგრამ ბოლო მომენტში ტრანსფერი არ შედგა. დღეს "კორუნიაში" ვარ და თავს მშვენივრად ვგრძნობ.

რამდენიმე კვირის წინაც წარმოიშვა "ფუენლაბრადაში" გადასვლის შესახებ ლაპარაკი, მაგრამ გადაწყვეტილია, სეზონის ბოლომდე "კორუნიაში" ვითამაშებ. რა გადაწყდება ზაფხულში, დღეს ვერაფერს ვიტყვი.

ესპანეთის ლიგა ევროპაში საუკეთესოა და ნებისმიერი კალათბურთელის სურვილია იქ თამაში. არც მე ვარ გამონაკლისი. ბოლო წელს ბევრმა მოთამაშემ გადაინაცვლა ოქროს ლიგიდან უმაღლესში. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

მანამდე კი კონკრეტული ამოცანა მაქვს - ყოველდღე ბევრი უნდა ვიშრომო, რათა "კორუნიას" გამოვადგე.

თინეიჯერობა
- 14 წლისა უკვე პროფესიონალურად ვფიქრობდი. იმ დროისთვის ბევრი სიძნელე მქონდა გამოვლილი, რამაც უამრავი საკითხი უფროსის თვალით დამანახვა. მივხვდი, რომ მუდმივად წინ უნდა იყურო, არავინ იცის რა მოხდება ხვალ.

დედაჩემის დახმარებით, მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი კარგად გავიაზრე და მივედი იქ, სადაც ახლა ვარ.

კრისტაპს პორზინგისი
- კარგი მეგობრები ვართ. ახლაც ხშირად ვკონტაქტობთ. კრისტაპსი ძლიერი ფსიქოლოგიის ადამიანია, ჭკვიანი კალათბურთელია და, რაც მთავარია, ძალიან კარგი პიროვნებაა. რასაც იგი ამერიკაში აკეთებს, შთამბეჭდავია.

ეს ჩემთვის მოულოდნელობა არ არის, რადგან მასზე სევილიაშიც დიდ იმედებს ამყარებდნენ და თვითონაც იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა მწვერვალისთვის რომ მიეღწია. მან ახლაც იცის, სადაა და რა სჭირდება წარმატებისთვის.

საქართველოს ნაკრები
- საქართველოს ნაკრებში კი ბევრი მაღალი დონის კალათბურთელია: ზაზა ფაჩულია, ვიქტორ სანიკიძე, გიორგი შერმადინი... მათ გვერდით თამაში ჩემთვის საოცნებო იყო, როცა ნაკრებში გამომიძახეს, განსაკუთრებულად ვემზადებოდი მათთან სათამაშოდ.

ევროპის 2015 წლის ჩემპიონატზე კარგად გამოვედით. ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვედრისთვის ვიბრძოდით. საამისოდ აუცილებელი იყო მეოთხედფინალში გასვლა, მაგრამ მერვედფინალში ლიტვასთან ბოლო წუთებზე დავმარცხდით. მაციულისმა 34 ქულა ჩააგდო...

ახლა საქართველოს ნაკრების მიზანი ევრობასკეტი 2017-ზე გასვლაა. გვყავს ბევრი გამოცდილი კალათბურთელი, თუმცა გუნდში რამდენიმე ახალგაზრდაც ვართ და ახალგაზრდული ასაკის გუნდებშიც ვხედავ ეროვნულის მომავალ პრეტენდენტებს.

გულშემატკივარი
- ყველაზე მეტად იმაზე მტკივა გული, რომ საქართველოში მატჩებზე ცოტა გულშემატკივარი დადის. საქართველოს ჩემპიონატს ვგულისხმობ, თორემ საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩებზე საგიჟეთია - დარბაზი პირთამდე ივსება, ყველა ბილეთი იყიდება.

ქომაგის მხარდაჭერა კალათბურთელებზე საოცრად მოქმედებს, საქმეს აიოლებს, მოტივაციას აორმაგებს. ამიტომაცაა საქართველოს ნაკრები საშინაო მატჩებში ყველასთვის რთული მოწინააღმდეგე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გენაცვალე,ბექა კიდე მოუმატე არ გაჩერდე ერთ ადგილზე
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული