ზაზა ფაჩულიას 8 ქულა 13 წუთში და მარცხი "კლივლენდთან" [VIDEO]

AutoSharing Option
"დალას მავერიკსმა" დასანანი მატჩი წააგო კლივლენდში, აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერ "კავალერსთან".

მასპინძლებს აკლდათ ლებრონ ჯეიმსი, რომელიც მწვრთნელმა საკუთარი შეხედულებისამებრ დაასვენა, რათა მოახლოებული პლეი ოფის წინ გუნდის ლიდერმა ენერგია მოიკრიბოს.

ტეხასელებმა ბოლო პერიოდში 18-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს და ბოლო წუთებზე წინ გასვლაც შეეძლოთ, მაგრამ რამდენჯერმე სამქულიანი ააცილეს. ხოლო გადამწყვეტ მომენტში, 2 ქულით ჩამორჩენილ დალასელებს შეტევის უფლება ჰქონდათ, თუმცა საფინალო სირენამდე 3 წამით ადრე დირკ ნოვიცკის ბურთი კაირი ირვინმა მოპარა და მატჩის ბედიც გადაწყდა. ირვინმა დალასელთა ტაქტიკური ჯარიმა 2 ქულად აქცია და "კლივლენდი" 4
ქულით დააწინაურა. ბოლო წამზე დერონ უილიამსმა სამქულიანით მინიმუმამდე შეამცირა ჩამორჩენა და თამაშიც დასრულდა - 99:98 მასპინძელთა სასარგებლოდ.
იხილეთ ვიდეო: კლივლენდი-დალასი 99:98
Sportall.Ge

ზაზა ფაჩულია კვლავ სათადარიგო იყო და მოედანზე 13 წუთით გამოჩნდა. ანუ დალასელებმა ისევ ნომინალური ცენტრის გარეშე დაიწყეს თამაში და რაკი ხუთეულში დაბალი კალათბურთელები ჭარბობდნენ, არც კლივლენდელთა მწვრთნელს დაუტვირთავს თავისი ყველაზე ტანმაღალი მოთამაშე ტიმოფეი მოზგოვი. იმ 13 წუთში, რაც მოედანზე იმყოფებოდა, ფაჩულია საკმაოდ შედეგიანი იყო. ქართველმა ცენტრმა 6-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 8 ქულა მოიპოვა და ამას 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაყოლა. ასევე სათადარიგო დევიდ ლიმ, რომელმაც 22 წუთი ითამაშა, 20 ქულა მიითვალა, ხოლო საუკეთესო კვლავ დირკ ნოვიცკი გახლდათ - 20 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 3 დაფარება. ნოვიცკის გარდა, ვერც ერთმა დალასელმა სასტარტომ ვერ მიაღწია 10-ქულიან ზღვარს.
იხილეთ ვიდეო: ჯეი ჯეი ბარეას პასი და ზაზა ფაჩულიას ჩატენვა
Sportall.Ge

34 მოგებითა და ამდენივე მარცხით "დალასი" "ჰიუსტონთან" ერთად დასავლეთ კონფერენციის მე-7 ადგილს იყოფს. მომდევნო მატჩი ფაჩულიას გუნდს ლიგის ლიდერთან ელის. ტეხასელები "გოლდენ სტეიტს" 19 მარტს უმასპინძლებენ. ამ გუნდების წინა შეხვედრა მასპინძლებმა მოიგეს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული