ზაზა ფაჩულია: არც ისე ბებერი ვყოფილვარ

AutoSharing Option
"დალას მავერიკსმა" დასანანი მარცხი განიცადა "კლივლენდ კავალიერსთან" - 98:99. ამ შეხვედრაში რიკ კარლაილმა კვლავ "დაბალი" ხუთეული დააყენა (ზაზა ფაჩულიას გარეშე), რომელმაც აშკარად ვერ გაამართლა.

როცა "დალასის" ჩამორჩენა ლამის 20 ქულას გასცდა, ფაჩულიამ გამოიჩინა თავი. მის გარეშე "დალასი" საკუთარ ფარზე ბურთს, პრაქტიკულად, ვერ იგებდა. ბოლო მეოთხედში ზაზამ ორჯერ ეფექტურად ჩატენა ბურთი "კლივლენდის" კალათში.

"ვერ ვიხსენებთ სხვა მატჩს, როცა მას ეს ერთ თამაშში გაუკეთებია. ფაჩულია ნამდვილი პროფესიონალია, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ სამი
მეოთხედი სკამზე ჯდომის მიუხედავად, ის მზად იყო თამაშისთვის", - წერს mavs.com.

ზაზამ 13 წუთში 8 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. "დალასმა" ბოლო შვიდი შეხვედრიდან 6 დათმო.

"ალბათ, იცით, რა განწყობაზეც ვარ წაგების შემდეგ, მაგრამ ერთი კარგია, მგონი, არც ისე ბებერი ვარ. არადა, გახურებისთვის თითქოს, დროც არ მქონდა", - განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.

"მთელი სეზონი ამას გავიძახი, ის ამ ლიგის ნამდვილი პროფესიონალია. ის იღებს იმ როლს, რასაც ანიჭებენ. დღესაც შემოვიდა და მნიშვნელოვანი მოხსნებით და ჩატენვებით დაგვეხმარა. ჯეი ჯეიმ და ზაზამ მეოთხე მეოთხედში თამაშს აზარტი დაუბრუნეს", - განაცხადა დირკ ნოვიცკიმ.

"ზაზამ დიდებულად ითამაშა, ის მეორე ნახევარში გამოვიდა და ენერგია და სისწრაფე დაუბრუნა გუნდს", - თქვა პერსონსმა.

შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულიამ სეზონის პირველი 61 მატჩი (როცა ტრავმა არ ჰქონდა) სასტარტოში გაატარა და "ჰორნეტსთან" მატჩიდან ის სკამზე დასვეს.

"იმ საქმეს ვაკეთებდი დღესაც, რასაც მთელი სეზონი - მოხსნები თამაშში ყოველთვის მნიშვნელოვანია. როცა ტრისტან ტომპსონმა ჩვენს ფარზე ზედიზედ ორი ბურთი მოხსნა, მწვრთნელმა მიხმო და თამაშში ჩამრთო", - განაცხადა ფაჩულიამ.

"ის ფანტასტიკური კალათბურთელია, ფიზიკურად ვიჩაგრებოდით და გამოვიყვანე. შემოვიდა ზაზა და განსხვავებაც ყველამ დავინახეთ", - განაცხადა რიკ კარლაილმა.

სავარაუდოდ, "გოლდენ სტეიტთან" თამაშში ფაჩულია დაუბრუნდება სასტარტო შემადგენლობას.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული