ბექა ბურჯანაძემ "ლეიმა ბასკეტს" "ბარსელონასთან" ულიდერა და პლეი ოფი გაინაღდა

AutoSharing Option
ფოტოზე: ლაკორუნიელებმა პლეი ოფში შესვლა საგანგებოდ დამზადებული ტორტით აღნიშნეს
ბექა ბურჯანაძე
ლაკორუნიულ "ლეიმა ბასკეტს" პლეი ოფში შეუძღვა. ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში ქართველი ლეგიონერის გუნდმა "ბარსელონა 2"-ს უმასპინძლა და 76:71 მოგებით პლეი ოფში თამაში რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ოფიციალურად გაინაღდა.

როგორც ამ სეზონის უმეტეს მატჩებში, ბურჯანაძე "ბარსელონასთანაც" საუკეთესო იყო. 20 ქულით ბექა ლაკორუნიული გუნდის ბომბარდირი გახდა და გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. ქართველმა ფორვარდმა 11-დან 8 ორქულიანი, 5-დან 1 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

20 ქულასთან ერთად ბურჯანაძემ 5
მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა, 2-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი 4-ჯერ დაკარგა.

ბურჯანაძის კვალზე 16-16 ქულა მიითვალეს მიგელ პენამ და მაიკლ მონაჰანმა. ბარსელონელთაგან 19 ქულით საუკეთესო იყო სტეფან პენო.

ამ გამარჯვებით "ლეიმა ბასკეტმა" მე-4 ადგილზე გადაინაცვლა და პლეი ოფის საგზური გაინაღდა. არადა, ბურჯანაძის გუნდმა სეზონი უხეიროდ დაიწყო და საწყისი 8 ტურის შემდეგ 7 წაგებით ბოლოსწინა ადგილზე იმყოფებოდა. სადღეისოდ კი, რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ლაკორუნიელებს 16 მოგება და 12 მარცხი აქვთ.

პლეი ოფში 2-9 ადგილეზე გასული გუნდები გადიან, რომლებიც უმაღლესი დივიზიონის საგზურისთვის იბრძოლებენ. მეორე ლიგის გამარჯვებული კი პირდაპირი გზით მოიპოვებს ელიტ-საგზურს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული