ზაზა ფაჩულია სასტარტოს მიღმა და "დალასი" NBA-ს პლეი ოფს მარცხით იწყებს [VIDEO]

AutoSharing Option
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი ოფი დაიწყო. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ზაზა ფაჩულიაც ლიგის უძლიერესთა შერკინებაშია და დღეს, გამთენიისას სერიის პირველი მატჩი ოკლაჰომა სიტიში, ადგილობრივ "სანდერთან" გამართა.

ბროლა არ შედგა: "მავერიკსმა" 38 ქულით - 108:70 წააგო, და ეს შედეგი ამ გუნდებისთვის რამდენიმე რეკორდისა და ანტირეკორდის საფუძველი გახდა.

დავიწყოთ "დალასით", რომელსაც ასე ცოტა ქულა არც ერთ საპლეიოფო მატჩში არ ჩაუგდია. "მავერიკსმა" ამ მატჩში თამაშიდან 29.8 პროცენტიანი სიზუსტით ესროლა, რაც 1980 წლის შემდეგ გამართულ პლეი ოფებში ყველაზე დაბალი შედეგია.

ოკლაჰომელთათვის კი ეს ყველაზე
დიდი სხვაობით მოგებული მატჩია, რაც ამ გუნდმა ქალაქი და სახელი შეიცვალა, როცა 2008 წელს სიეტლიდან ოკლაჰომა სიტიში გადავიდა. ხოლო მთლიანად არსებობის მანძილზე - როგორც სიეტლში, ისე ოკლაჰომაში, ამ გუნდისთვის პლეი ოფში ასე ცოტა ქულა არავის ჩაუგდია.

"დალასმა" ოკლაჰომაში უშანსოდ წააგო. დირკ ნოვიცკის გარდა, ვერც ერთმა კალათბურთელმა ვერ გამოსახა საკუთარი მონაგარი 2-ციფრიანი რიცხვით. გერმანელმა ფორვარდმა 18 ქულა მიითვალა, ვის შემდეგაც საუკეთესო შედეგი 8 ქულის მიმთვლელ დუაიტ პოუელს ჰქონდა.

რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას, ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. ძირითადში ცენტრის პოზიციაზე თამაში ტუნისელმა სალაჰ მერჯიმ დაიწყო, რომელმაც 16 წუთში 1 ქულა მიითვალა. ფაჩულიამ 21 წუთი ითამაშა, რის განმავლობაშიც 5 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. საერთო სარგებლიანობით ფაჩულია დალასელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

გამარჯვებულებს რასელ ვესტბრუკმა 24 ქულითა და 11 პასით ულიდერა. 23 ქულა მიითვალა კევინ დიურანტმა, 16 ქულა და 13 მოხსნა თურქი ენეს კანტერის ანგარიშზეა. სერიის მომდევნო მატჩი ოკლაჰომა სიტიში 19 აპრილს გაიმართება, რის შემდეგაც სერია დალასში გადაინაცვლებს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მომზადებულია gbf.ge-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
შანსი არ აქვს დალასს, 4 ივეს მოუგებს
ტესტი
14:48 17-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული