ლუკა ბულაშვილმა ბასკეთის ჩემპიონობა მოიპოვა

AutoSharing Option
საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების წევრმა ლუკა ბულაშვილმა "ბასკონიასთან" ერთად ბასკეთის ჩემპიონობა მოიპოვა.

ეს შეჯიბრება წინა ეტაპია ესპანეთის 18-წლამდელთა ჩემპიონატისა. ბასკეთის ორი საუკეთესო გუნდი მაისში ითამაშებს დასკვნით ეტაპზე, სადაც საუკეთესო გუნდები მოიყრიან თავს, მათ შორის, "რეალი" და "ბარსელონა".

ბასკეთის პირველობის ნახევარფინალში ბულაშვილის გუნდმა "გუჩო" დაამარცხა. ქართველმა უკანახაზელმა 22 ქულა ჩააგდო. იგი არც ფინალში ჩამოსცილებია 20-ქულიან ნიშნულს - ეასო-სთან მატჩში 24 ქულას მოუყარა თავი. "ბასკონიამ" კი 62:52 გაიმარჯვა.

ლუკას ესპანეთში დავუკავშირდით და შეჯიბრების შესახებ გამოვკითხეთ.

- ბასკეთის ჩემპიონატში რეგულარული ეტაპი ორ ნაწილად იყო
გაყოფილი. პირველის დასრულების შემდეგ საუკეთესო ხუთმა გუნდმა ერთმანეთში ჯგუფური სისტემით ითამაშა. მათგან უარესი შედეგის მქონე შეჯიბრებას გამოეთიშა, ხოლო დანარჩენი ოთხი ნახევარფინალში დაწყვილდა. ნახევარფინალში "გუჩოს" ვაჯობეთ, ფინალში - ეასო-ს.

- "ბასკონია" თავის რეგიონში პირველია. რას ელით ესპანეთის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე?
- რადგან რეგიონის ტურნირი პირველ ადგილზე დავასრულეთ, ჯგუფებში გუნდების განაწილებისას ლიდერები არ შეგვხვდებიან, მათ შორის, "ბარსა" და "რეალი", რომლებიც თავიანთ რეგიონებში ასევე პირველები იყვნენ. კარგი გუნდი გვყავს და ვეცდებით, პლეი ოფში რაც შეიძლება წინ წავიდეთ.

სხვათა შორის, მარტის ბოლოს სარაგოსაში გამართულ ტურნირზე საკუთარი ძალების შემოწმების კარგი შესაძლებლობა გვქონდა. "ვალენსიას" 20 ქულის სხვაობით ვაჯობეთ, ხოლო "ხუვენტუდთან" 7 თუ 8 ქულით დავმარცხდით. 18-წლამდელებში "ხუვენტუდი" ესპანეთში მეორე გუნდად ითვლება. პირველია "რეალი".

- ესპანეთის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი როდის იწყება?
- პირველი მაისიდან.

- ვერცხლის ლიგის წარმომადგენელ "არაბერიშიც" თამაშობ...
- გუნდი პლეი ოფშია გასული. ბოლო დროს "არაბერისა" და "ბასკონიას" 18-წლამდელთა თამაშები ერთმანეთს ემთხვეოდა და ამიტომ გუნდს ვერცხლის ლიგაში ვერ ვეხმარებოდი. "არაბერშიც" კარგი შემადგენლობაა, გუნდი მეოთხედფინალშია გასული.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული