ბექა ბურჯანაძე: იყო გაცილებით სარფიანი ვარიანტიც, მაგრამ "ანდორა" ვამჯობინე

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგას კიდევ ერთი ქართველი შეემატა. თორნიკე შენგელიას და გიორგი შერმადინის შემდეგ ეისიბი-ში ბექა ბურჯანაძე ითამაშებს, რომელიც "ანდორას" შემადგენლობაში ჩაირიცხა.

საინტერესოა, თუ იყო სხვა ვარიანტები...

- შუა სეზონში ჩემი გადაყვანა უმაღლესლიგურ "ფუენლაბრადას" სურდა, თუმცა "კორუნიაში" დარჩენა ვამჯობინე. სეზონის დასრულების შემდეგ მას "მანრესაც" შეემატა. იყო "სევილიას", "ტენერიფეს" და ბელგიური ვარიანტებიც, თუმცა საბოლოო შემოთავაზება "მანრესასგან" და "ანდორასგან" მივიღე. კონსულტაციების შემდეგ გადავწყვიტე "ანდორასთან" გამეფორმებინა ხელშეკრულება.

- ანდორელებმა უკეთესი პირობები შემოგთავაზეს?
- ფინანსურად ყველაზე უკეთესი შეთავაზება ბელგიელებისგან მივიღე. გაცილებით მეტს მთავაზობდნენ, ვიდრე
"ანდორა", მაგრამ სპორტული თვალსაზრისით უმჯობესი იყო, კარიერა ესპანეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გამეგრძელებინა. ვფიქრობ, "ანდორაში" თამაშისა და თავის გამოჩენის უკეთესი შანსი მომეცემა.

- "კორუნიაში" დარჩენა არ შემოგთავაზეს?
- კორუნიელებმა საინტერესო რამ მითხრეს: გავაფორმოთ ხელშეკრულება და თუ ზაფხულში ესპანეთის უმაღლესი ლიგიდან წინადადებას მიიღებ, ხელს არ შეგიშლითო. თუმცა "კორუნიასთან" კონტრაქტის გაფორმებამდე საქმე აღარ მივიდა. დროულად გაირკვა, სად ვითამაშებ მომავალ წელს.

- "კორუნიას" ძალიან ცოტა დააკლდა ეისიბი-ში გადასვლამდე. ნახევარფინალში "მელილასთან" დამარცხდით.
- "მელილა" ჩვენზე გამოცდილი გუნდი იყო, მაგრამ გუნდური თამაშით ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიეთ. ნახევარფინალში ოთხი მატჩის შემდეგ ანგარიში 2:2 იყო, თუმცა მეხუთე შეხვედრაში, სტუმრად, მცირე სხვაობით დავმარცხდით. არადა, "მელილა" რომ გაგვევლო, ფინალში გაცილებით სუსტ მეტოქეს ვხვდებოდით და დიდი ალბათობით, უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლებასაც მოვიპოვებდით.

- "კორუნიას" აქვს ფინანსური შესაძლებლობა, საგზურის მოპოვების შემთხვევაში ეისიბი-ში ეთამაშა?
- ვფიქრობ, კლუბის ხელმძღვანელობა გამონახავდა რესურსს ძლიერი გუნდის შესაკრებად. სხვათა შორის, "მელილამ" კი მოიპოვა უფლება, მაგრამ უმაღლეს ლიგაში ვერ ითამაშებს, რადგან ამის შესაძლებლობა არა აქვს. არადა, ოქროს ლიგაში მართლაც გამორჩეული იყო.

- ვიდრე საკლუბო სეზონი დაიწყება, სანაკრებო პერიპეტიებია...
- ახალი მწვრთნელი გვყავს, ახალ მიზნებს ვისახავთ. ძალებს არ დავიშურებ, რომ გუნდს მიზნის მიღწევაში სათანადოდ დავეხმარო.

ვიცი, რომ გულშემატკივარი ჩვენგან ევროპის ჩემპიონატის საგზურის ზედიზედ მეოთხედ მოპოვებას ელის.
ვეცდებით, არ გავაწბილოთ. ჯგუფის ფავორიტები ჩვენ და ჩერნოგორია ვართ. სტატუსი უნდა გავამართლოთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული