larrybrownsports.com ეხმიანება ESPN-ის ზაკ ლოუს, რომელმაც "ტვიტერზე" დაწერა, რომ ზაზა ფაჩულიას ტრეიდმა NBA-ს კლუბების ხელმძღვანელები გააღიზიანა.
"თითქმის იმდენივე გაღიზიანებული შეტყობინება მივიღე NBA-ს კლუბების ხელმძღვანელებისგან ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტში" გადასვლაზე, რამდენიც კევინ დურანტის ტრანსფერზე ამ გუნდში", - წერს ლოუ.
"NBA-ში მდიდარი კიდევ უფრო მდიდრდება და ისინი, ვინც ამ კატეგორიაში ვერ ხვდებიან, უკმაყოფილებას აღარ მალავენ. ორშაბათს 32 წლის ფაჩულია "გოლდენ სტეიტს" 1-წლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა, რომლის განმავლობაშიც 2,9 მილიონ დოლარს მიიღებს.
ფაჩულია გასულ სეზონში "დალასისთვის" 8,6 ქულასა და 9,8 მოხსნას აკეთებდა თამაშში. მას მერე, რაც "გოლდენ სტეიტი" იძულებული გახდა, ბოგუტი "დალასში" გაეშვა, რათა თანხები გამოთავისუფლებოდა კევინ დურანტის ასაყვანად, ფაჩულია ამ კლუბს თითქმის უფასოდ ჩაუვარდა ხელში.
ის, რაც უცნაურად მოჩანს სხვებისთვის, რეალობაა საჩემპიონოდ გამზადებული გუნდისთვის. ვეტერანები საჩემპიონო ბეჭდის მოპოვების იმედად, უარს ამბობენ მილიონებზე და ამით ლიგის სხვა კლუბებს აცოფებენ. ფაჩულიას მაგალითს შეემატა დევიდ ვესტიც, რომელიც მინიმალურ ხელფასზე დათანხმდა, რათა "გოლდენ სტეიტში" გადასულიყო. სხვა კლუბებს კი რა შეუძლია? მხოლოდ ცაში მოქნეული მუშტები და NBA-ს კომისიონერ ადამ სილვერის დაწყევლა", - წერს საიტი.
***
საინტერესოა, რომ ლოუს "ტვიტერს" ძალიან ბევრი ფანი გამოეხმაურა. შეხვდებით ასეთ ფრაზებსაც:
"2,9 მილიონი დოლარი წელიწადში სან ფრანცისკოში ლამის საშუალო კლასის ოჯახის შემოსავალია".
"მესამეხარისხოვანი კალათბურთელები მიიღებენ ამაზე მეტს. შესაძლოა, ფაჩულიამ ვერ მოწყვიტოს ვარსკვლავები, მაგრამ ეს ძალიან იაფი გარიგებაა".
"ზაზას და "გოლდენ სტეიტს" უკანონო არაფერი გაუკეთებიათ, მათ წინააღმდეგ ვერაფერს მოიმოქმედებენ".
"დარწმუნებული ვარ, რომ კალათბურთელთა კავშირიც აღშფოთებული იქნება".
"ზაზა 2,9 მილიონად? ეს ძარცვაა".
"ზაზა დიდებული იყო "დალასში", ის ძალიან დაგვაკლდება, მაგრამ ბიჭს საჩემპიონო ბეჭედი სურს და სწორი არჩევანიც გააკეთა".
"ეს ტრანსფერი უაზროა - სამაგალითო კალათბურთელი ყველგან კარგად იღებს, ზაზა წელიწადში 2,9 დოლარად ძალიან დიდი გამართლებაა".
"ჩემი პირველი რეაქცია ასეთი იყო - ზაზა "გოლდენ სტეიტში"? ვაუ, რა მაგარია".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"