ვიქტორ სანიკიძე: ეს არის ყველაზე ცუდი ტრავმა ჩემს კარიერაში

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფორვარდი ვიქტორ სანიკიძე მუხლის ტრავმას მკურნალობს, ექიმების ვარაუდით, სარეაბილიტაციო პერიოდი ექვს თვეს გასტანს, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე სეზონის ბოლომდე ვიქტორი ფორმის აღდგენას ვერ მოასწრებს. თუმცა იმედი დავიტოვოთ, რომ რეაბილიტაციის პროცესი იმაზე კარგად წარიმართება, ვიდრე იგეგმება...

ვიქტორი ამჟამად საბერძნეთშია და სათადარიგოთა სკამის კიდიდან ადევნებს თვალს საკუთარი გუნდის თამაშს. ერთ-ერთი მატჩის შემდეგ მას ბერძნული გამოცემა Sportv-ს ჟურნალისტი გაესაუბრა.

- ოპერაციის შემდეგ თავს უკეთესად ვგრძნობ, - განაცხადა სანიკიძემ, - მცირედით, მაგრამ მთავარია, რომ თავისუფლად შემიძლია გადაადგილება. რეაბილიტაციის პროცესი ნაბიჯ-ნაბიჯ წინ
მიდის, ვნახოთ, როგორ გაგრძელდება. მივყვები ექიმების მითითებებს.

ნებისმიერი კალათბურთელისთვის რთულია თავისი გუნდის თამაშის გვერდიდან ყურება, მით უმეტეს მისთვის, რომელიც არა მხოლოდ სასტარტო ხუთეულში იყო, არამედ გუნდის ლიდერი გახლდათ. ვიქტორმა საკონტროლო მატჩებში ეფექტურად ითამაშა, ხოლო საბერძნეთის ჩემპიონატის პირველივე შეხვედრაში მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო.

- რთულ სიტუაციაში ვარ. მინდა ჩემს თანაგუნდელებს დავეხმარო, მაგრამ არ შემიძლია, მათ თამაშს გვერდიდან ვადევნებ თვალს. თუმცა ცხოვრებაში ყოველთვის ხდება კარგი და ცუდი. ჩვენ ისღა დაგვრჩენია ვიბრძოლოთ. იმედი მაქვს, რეაბილიტაციის პროცესი კარგად ჩაივლის და მოედანს მალე დავუბრუნდები.

არისელთა შემადგენლობაში პირველ მატჩს და იქ მიღებულ ტრავმას ვიქტორ სანიკიძე ასე იხსენებს:

- ყველაფერი კარგად მახსოვს, თავიდან მეგონა, რომ მეტოქეს მუხლით შევეჯახე, ეს იყო და ეს. თუმცა წამიერად ვიგრძენი, რომ მუხლში რაღაცა
დაზიანდა. ასეთი რამ აქამდე არ განმიცდია. ეს იყო ყველაზე ცუდი ტრავმა ჩემს კარიერაში.


შეგახსენებთ, რომ ვიქტორს ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდას მოუწია ორივე მუხლზე ოპერაციის გადატანა, სარეაბილიტაციო პერიოდი "სან ანტონიოში" გაიარა. სწორედ მას შემდეგ ააწყო თავისი ევროპული კარიერა. აი, რას ამბობს იგი "არისის" შესახებ:

- გუნდში პირველად რომ მოვედი, თანაკლუბელები და გულშემატკივრები ძალიან თბილად შემხვდნენ. ჩავატარე რამდენიმე საკონტროლო მატჩი და თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში. მქონდა განსაკუთრებული გეგმები "არისთან" ერთად, მაგრამ...

"არისის" გეგმებზე საბერძნეთის ჩემპიონატსა და ევროტურნირებზე:

- როცა გუნდიც ახალია და შემადგენლობაც, ყველაფერი რთულად მოჩანს. თუმცა, ნელ-ნელა გამოჩნდა, რა შეგვიძლია და "არისმა" თამაში დაალაგა. პირველი და ბოლო მატჩის სურათი სულ სხვაგვარია - ამჯერად გაცილებით უკეთესად გამოვიყურებოდით. გუნდი პროგრესირებს და მჯერა, ასევე განაგრძობს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული