TimeLine: რას აკეთებს ზაზა ფაჩულია?!

AutoSharing Option
რუბრიკა "ტაიმლაინის" დაარსების დღეს პირდაპირ დავწერე: "გაზეთ" ლელოში საკალათბურთო მიმომხილველი ვარ და ნუ დამძრახავთ, თუ ხანდახან სპორტის ამ სახეობაზე მეტ ყურადღებას გავამახვილებ-მეთქი. თუმცა ინტერნეტმონაცემებით ყველაზე კითხვად თემებს შორის ერთ-ერთი მთავარია ზაზა ფაჩულია და მისი "გოლდენ სტეიტი". ამიტომ გადავწყვიტე, დღევანდელი "ტაიმლაინი" მთლიანად ამ თემას მივუძღვნა. მით უმეტეს, რომ ამერიკაში, ვისაც ინტერნეტთან ხელი მიუწვდება, საკუთარ აზრს გამოთქვამს ზაზასთან დაკავშირებით.

სამი მატჩის შემდეგ ერთმა ოკეანისგაღმელმა ჟურნალისტმა კრიტიკულად თქვა - ფაჩულიას ჯერ დაფარება არ აქვსო. ეს დილეტანტური შეხედულებაა. "ტორონტოს" ყოფილ მწვრთნელ ჯეი ტრაიანოს აქვს
ნათქვამი: დაფარება სტატისტიკაში ნონსენსია, ათჯერ უფრო ფასეულია დაცვითი მოხსნა; თუ პოზიციას სწორად შეარჩევ, არც დაფარება დაგჭირდება და ფარიდან ასხლეტილი ბურთიც შენ დაგრჩებაო.

თუმცა ოპონენტებს სათქმელი მაინც აქვთ: შარშანდელ სეზონთან შედარებით ფაჩულიას მოხსნების საშუალო მაჩვენებელიც რომ შემცირდა? გუნდს მოხსნები სჭირდება, მთავარი ცენტრი კი საშუალოდ 5.4 მოხსნას აგროვებს. ქულები? - საშუალოდ 4.5. ცოტაა!

17 ნოემბერს, გამთენიისას, ოკლენდელები აღმოსავლეთის კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ "ტორონტოს" სტუმრობდნენ და 127:121 დაამარცხეს.


სწორედ ამ მატჩის სქემატური გაშიფვრით შეგვიძლია ზემოთ მოყვანილ ძახილის და კითხვისნიშნიან წინადადებებზე პასუხის გაცემა. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ ზაზამ ტორონტოში 16 წუთი ითამაშა, 3-დან 2 ორქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო და 8 ქულას 2 პასი, 1 მოხსნა მიამატა. ოთხჯერ დაჯარიმდა, ერთი შეცდომა დაუშვა.

წუთი
ფაჩულია საშუალოდ 16.9 წუთს თამაშობს. სასტარტო ცენტრისთვის ცოტაა, მაგრამ კითხვაზე, რატომ აქვს 16, პასუხს მშრალი სტატისტიკა ვერ გაგვცემს. მიზეზის ძიებისთვის "ტორონტო"-"გოლდენ სტეიტს" ჩავუღრმავდეთ.

ზაზას ლიტველი ცენტრის, იონას ვალანჩუნასის მეურვეობა უწევდა, რომელიც ამ სეზონში მოედანზე საშუალოდ 27.9 წუთს ატარებს, 13.3 ქულას და 9.8 მოხსნას აგროვებს. "გოლდენ სტეიტთან" მას 18 წუთი, 12 ქულა და 8 მოხსნა ერგო. ცუდად არ უთამაშია, მაგრამ მესამე პერიოდის შუა წელიდან საფინალო სირენამდე მწვრთნელმა იგი აღარ ათამაშა. ამის ერთ-ერთი მიზეზი სტრატეგიის ცვლილება იყო.

Sportall.Ge

დააკვირდით სურათს: კანადელთა და NBA-ს მთავარი მექულე დემარ დეროზანი ფარქვეშ შევიდა, სადაც ზაზა ფაჩულია დახვდა. დემარმა სროლა გადაიფიქრა და პასი პერიმეტრზე გადააწოდა. მსგავს სიტუაციაში დეროზანი არაერთხელ მოხვდა, მისკენ გადასული ზაზას ხელიდან ჩააგდო კიდეც, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ან მიზანში ვერ არტყამდა, ან პასს ამჯობინებდა.

ამის შემყურე მწვრთნელმა დუეინ კეისიმ თამაშიდან ნომინალური ცენტრი ვალანჩუნასი მოხსნა, ფარქვეშეთი დაამსუბუქა, პერიმეტრი მეტად დატვირთა. ცხადი იყო, ასეთი ტაქტიკური ცვლილება ფაჩულიასაც შეეხებოდა, მას ტანდაბალი მეტოქე ეყოლებოდა პერიმეტრზე მისახედი და სამწამიან ზონას ვერ გაამაგრებდა, ვერც - დეროზანის შესახვედრად ამოვიდოდა.

თუმცა ვალანჩუნასის სათადარიგოთა სკამზე დასმას ზაზას შეცვლა მოჰყვა, "გოლდენ სტეიტს" ხომ ტორონტოზე არანაკლები ფორვარდები ჰყავს.

კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც ლიტველ ვალანჩუნასს დრო შეეზღუდა, შეიძლება ის იყო, რომ ერთი-ერთზე ფაჩულია ვერ დაჩაგრა. იონასი სხვა მეტოქეებს ბრუნითაც ატყუებს და ფარქვეშიდან არაერთ ტყორცნას იყენებს. "გოლდენ სტეიტთან",  ძირითადად, საშუალო დისტანციიდან აგდებდა ან იმ შემთხვევებში, როცა ზაზას მისთვის არ ეცალა:

Sportall.Ge

Sportall.Ge

ფაჩულია ვალანჩუნასს სივრცეს უკეტავდა, თუმცა, რომ დაინახა, ტორონტოელი უკანახაზელი ფარქვეშ მარტო შევიდა, მისკენ გადავიდა, ჩაგდებაში ხელი შეუშალა, ბურთისთვის გაჩაღებული ბრძოლა კი ზაზას გუნდელმა კლეი ტომპსონმა მოიგო და ბურთი ფარიდან გარეთ გადააგდო, სადაც მას ვალანჩუნასი დახვდა და ამერიკელ კომენტატორებს კომპლიმენტი დასტყუა - ძალიან რთული ბურთი ჩააგდოო...

მოკლედ, ფაჩულიას სათამაშო დრო მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მოწინააღმდეგე ცენტრის ვინაობაზე (ზოგი გუნდი საერთოდ არ იყენებს მძიმე ცენტრს) და მისი თამაშის ხარისხზე. ვალანჩუნასი მის საშუალო მაჩვენებლებს მაინც მიუახლოვდა. მძიმე დღეში აღმოჩნდა "ლეიკერსის" ცენტრი ტიმოფეი მოზგოვი, რომელიც "გოლდენ სტეიტთან" მატჩში 16 წუთამდე შეიზღუდა და მაშინ, როცა მისმა თანაკლუბელებმა 117:97 (+20) მოიგეს, ოქმში -3 ეწერა (მისი მოედანზე ყოფნისას "ლეიკერსი" 3 ქულით ჩამორჩა).

მოხსნა
რატომ აქვს ზაზას წინა სეზონთან შედარებით ცოტა მოხსნა? პასუხის გაცემა მარტივადაც შეიძლება - დრო აქვს ცოტა. ლოგიკურია - ნაკლებ დროში ნაკლებს ასწრებ.

თუმცა არის კიდევ რამდენიმე მიზეზი: მაგალითად, გუნდის შემადგენლობა. შარშან ზაზა სასტარტო ცენტრი იყო, ხოლო მძიმე ფორვარდად დირკ ნოვიცკი თამაშობდა. გერმანელი სულაც არ ითვლება მებრძოლ მომხსნელად. ამიტომ დიდი დატვირთვა სწორედ ფაჩულიაზე მოდიოდა.

"გოლდენ სტეიტში" სხვა სიტუაციაა: სასტარტოში ზაზასთან ერთად დრეიმონდ გრინი და კევინ დურანტი არიან - მშვენიერი მომხსნელები. მთავარ მწვრთნელ სტივ კერს სეზონის დაწყებამდე დურანტისთვის უთქვამს - ამ წელს გუნდის მთავარი მომხსნელი შენ უნდა გახდეო. ეს ფაჩულიას წვლილის დაკნინება სულაც არ გახლავთ, მწვრთნელმა კარგად იცოდა ზაზას სათამაშო სტილი და იმიტომაც უთხრა ასეთი რამ დურანტს.

ფაჩულიას "მოხსნითი სტილი" სურათის დახმარებით განვიხილოთ. ისევ "ტორონტოსთან" მატჩი მოვიშველიოთ:

Sportall.Ge

ბურთი პერიმეტრზე მყოფ ტორონტოელს აქვს, სამქულიანს სტყორცნის. ზაზას მთავარი საზრუნავი კი იონას ვალანჩუნასისთვის ზონის გადაკეტვაა. ასეთ ჭიდილში ფარიდან ასხლეტილი ბურთისთვის ახტომა და მისი დაუფლება ძალიან რთულია. თუმცა ქართველი ცენტრისთვის ამ შემთხვევაში მოხსნის ჩაწერა სულაც არ არის პრიორიტეტული, მთავარია - ბურთს მეტოქე ვერ დაეუფლება, თანაგუნდელი დურანტი მოხსნის ან გრინი...

ამ სურათზე დურანტი მშვიდად მიაბიჯებს ფარისკენ... მას საშუალოდ 8 მოხსნა აქვს, ხოლო გრინს - 9.8. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ პირველი საშუალოდ 35.1 წუთს თამაშობს, ხოლო მეორე - 33.4-ს.

აქედან გამომდინარე, 16 წუთში ფაჩულიას 5.4 მოხსნა ცოტა სულაც არ არის.

ბლოკი
"აქ იმისთვის ვარ, რომ სტეფ კარის დავეხმარო, - განაცხადა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა სეზონის დასაწყისში და დასძინა: - თუ შედეგის მიღწევა გვინდა, ერთმანეთს მხარში უნდა დავუდგეთ".

მხარშიც უდგას და ბლოკშიც. სიტყვა "ბლოკი" საკალათბურთო ლექსიკაში პარტნიორის დახმარებას ნიშნავს და ტანის ჩაყენებით თანაგუნდელის მეურვის შეფერხებას ისახავს მიზნად. ამ საქმით ძირითადად ტანმაღალი კალათბურთელები არიან დაკავებულნი. ზაზა ფაჩულია არა მხოლოდ ევროპაში, ამერიკაშიც ამ საქმის ერთ-ერთ გამორჩეულ სპეციალისტად ითვლება. კარიერის დასაწყისში ზაზა არაერთხელ დაუჯარიმებიათ ბლოკის დაყენებისას, მაგრამ მას მერე ეს ყველაფერი კარგად დახვეწა და...

სადღეისოდ მშვენივრად უთავისუფლებს გზას სტეფ კარის, კევინ დურანტსა და კლეი ტომპსონს. მართალია, კარისთვის მნიშვნელობა არ აქვს, თავისუფალია თუ მეტოქე ხელზე აზის - მაინც აგდებს, მაგრამ სტეფი ამ სურათზე გამოსახულ სტუაციაში ყოველ მატჩში 10-ჯერ რომ მოხვდეს, ნამდვილად არ იტყოდა უარს:

Sportall.Ge

ხედავთ, სად დაიჭირა ზაზამ სტეფ კარის მეურვე?! გოლდენსტეიტელთა ლიდერს მოსამზადებლად საკმარისი დრო ჰქონდა, მას ვერც ვალანჩუნასმა მიუსწრო და 3 ქულა!

"ტორონტო რეპტორსთან" მატჩისას იყო კიდევ უკეთესი მაგალითი, როგორ შეიძლება კარგი ბლოკით ორქულიანის ისე ჩაგდება, თითქოს ვარჯიშზე იყო. სტეფ კარი თავის ოპონენტს დაუსხლტა, მარცხნიდან საჯარიმოში შეიჭრა, სადაც ზაზა და ვალანჩუნასი იყვნენ. ფაჩულიამ "თავისუფალი ჭიდაობა" გაუმართა ლიტველ ცენტრს და კარიმდე არ მიუშვა. "გოლდენ სტეიტის" 30-იანმაც თავისუფლად შეისეირნა ფარქვეშ და აქტივს ორი ქულა შემატა:

Sportall.Ge

დურანტსაც უყვარს პერიმეტრიდან სისწრაფის აკრეფა. არც მისთვისაა რთული პირველ ნაბიჯში მეურვის ხახამშრალად დატოვება, მაგრამ როდესაც ზაზა მოედანზეა, ხშირად ეხმარება "დურანტულას" ბლოკებით.

განვიხილოთ ქვემოთ მოცემული სიტუაცია:

Sportall.Ge

ზაზამ პერიმეტრზე შებოჭა დურანტის მეურვე. კევინი კი კანადელთა ცენტრის, ვალანჩუნასის წინააღმდეგ აღმოჩნდა. დააკვირდით, ლიტველი ცენტრი ბურთიან დურანტს გარკვეულ დისტანციაზე უდგას. ახლოს რომ მივიდეს, გოლდენსტეიტელი სისწრაფეში აჯობებს და ფარქვეშიდან ჩააგდებს. მთლად სამწამიან ზონაში დაელოდოს, არც ეგ გამოვა - დურანტს ხომ ვარსკვლავური საშუალო ტყორცნა აქვს.

მოკლედ, თანაგუნდელი ზაზამ ორმაგად მომგებიან სიტუაციაში ჩააყენა. იცით, რა აირჩია კევინმა? - აიწია, ისროლა და ჩააგდო. გაუჭირდებოდა?

პასი
ზაზა ფაჩულია "მილუოკიში" 2013 წელს გადავიდა. გუნდში ძალიან ახალგაზრდა შემადგენლობა იყო შეკრებილი და შეტევაში ყველაზე გამოცდილ ფაჩულიას დიდი როლი ჰქონდა. იგი ყოველ იერიშში აქტიურად იყო ჩაბმული და ბურთებსაც გამთამაშებელივით ანაწილებდა, ერთ მატჩში 10 პასიც მოუგროვდა... ზურგს უკნიდან პასებიც ეხერხება, ფეხებს შორის ეფექტურად გატარებაც...

აკი თქვა მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერმა - ზაზას აყვანის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ მოედნის კარგი ხედვა აქვსო.

"ტორონტოსთან" მატჩშიც შეასრულა მეტად ეფექტური გადაცემა დურანტის მიმართულებით, რაც ლამაზი ჩატენვით დასრულდა:

Sportall.Ge

"მილუოკიში" ზაზას საშუალოდ 2.5 პასი ჰქონდა, "გოლდენ სტეიტში" - 1.2. ეს წუთების დაკლების მიზეზითაცაა გამოწვეული და სათამაშო სტრატეგიითაც: გასაკვირი სულაც არ არის, ისეთი ვარსკვლავი, როგორიცაა სტეფ კარი, შეტევისას ბურთს თავად ათამაშებდეს და ყოველ იერიშში ცენტრს არ რთავდეს.

ამ შემთხვევაში მთავარი არა ბურთის მიღება, არამედ გუნდის წარმატებაა. ეს ზაზასაც კარგად ესმის და კრიტიკოსებმაც უნდა გაითვალისწინონ.

ქულა
"გოლდენ სტეიტის" მატჩებისას იშვიათი როდია შემთხვევა, ფაჩულია ფართან მარტო დგას, მაგრამ თანაგუნდელისგან პასს არ იღებს - ოკლენდელი ვარსკვლავები თავად ცდილობენ შეტევის დამთავრებას. ცხადია, განხილვებისას მწვრთნელი მათ მითითებას აუცილებლად მისცემს, მაგრამ რა გინდა თქვა, როცა ბურთი კალათში მაინც ეშვება? მას ხომ დურანტი, კარი, გრინი, ტომპსონი, იგუოდალა ტყორცნიან...

"ტორონტოსთან" მატჩისას ზაზასთვის ბურთი არ დანანებიათ: სტეფ კარიმ არაერთხელ მოძებნა მშვენიერ სიტუაციაში მყოფი ზაზა. შედეგად ქართველი ცენტრი ან ორქულიანს აგდებდა, ან ორ საჯარიმოს. მიიღო პასი და მოუგროვდა 8 ქულა.

ოპონენტები ფაჩულიას სისწრაფესაც უწუნებენ, გუნდს ვერ ჰყვებაო. როდესაც მწვრთნელს თამაშის ამღვრევა, ტემპის მომატება სურს, ფაჩულიას იგუოდალათი ცვლის. ტორონტოში მესამე პერიოდში იყო ასეთი ეპიზოდი, მაგრამ როგორც წესი, ზემაღალ ტემპს შეცდომებიც უხვად მოსდევს. ორწუთიან მონაკვეთში გუნდები თავქუდმოგლეჯილები გარბოდნენ, რასაც ჩაჭრები და აცილებული ბურთები მოსდევდა.

რაც შეეხება ფაჩულიას სისწრაფეს, თუნდაც "ტორონტოსთან" მატჩისას იგი არაერთხელ აღმოჩნდა სწრაფი გარღვევის შემდეგ მეურვეზე წინ. სწორედ ამ მომენტში იღებდა პასს პარტნიორებისგან.

ფოლი, შეცდომა, ჩაჭრა...
კალათბურთი კიდევ უამრავი კომპონენტისგან შედგება, რაც გულშემატკივარსა და ჟურნალისტზე უკეთესად მწვრთნელებს მოეხსენებათ. რატომ არის ფაჩულია სასტარტოში და ჯავალ მაკგი სათადარიგო? - ეს კითხვა შარშან გაჩნდა, როდესაც ზაზა და მაკგი ერთმანეთის გვერდით "დალასში" თამაშობდნენ.

კითხვაზე პასუხი "რეპტორსთან" მატჩის პირველივე პერიოდში მივიღეთ: ზაზამ შეხვედრის დასაწყისში მეტოქეებს წესები სამჯერ დაარღვევინა. "რეპტორები" ხელებს გაოცებით შლიდნენ, რას სტვენთო. მეტოქისთვის ჯარიმის აკიდებაც აპრობირებული საკალათბურთო ხერხია, რაც ყველას არ გამოსდის.

ზაზა პირველ მეოთხედში მაკგიმ შეცვალა და უმალ მიიღო სამი ფოლი. იყო ისეთიც, უაზრო ჯარიმას რომ ვუწოდებთ.

აი, ამიტომაა ფაჩულია სასტარტო და მაკგი სათადარიგო. გუნდში კიდევ ერთი "მუშა" და ტაქტიკურად განსწავლული მეფარეა - დევიდ ვესტი. უმთავრესად, სწორედ მას ათამაშებს სტივ კერი ზაზას შემცვლელად.

ერთ ეპიზოდში ფაჩულია პირითი ხაზისკენ გადახტა ბურთის დასაბრუნებლად. ამერიკელმა კომენტატორმა ხმამაღლა თქვა - მომწონს ასეთი თამაში, ფაჩულია ბოლომდე იბრძვის, არ ნებდებაო... ცხადია, ეს მწვრთნელსაც მოსწონს. ზაზა ჩაჭრებსაც ხშირად აკეთებს...

მოკლედ,  საქართველოს კაპიტანი შეზღუდული არეალის ცენტრი არ არის, შეუძლია ერთდროულად ორი და მეტი კურდღლის დაჭერა, როგორც ამ ეპიზოდში მოხდა:

Sportall.Ge

წამიც და, გრინი ბურთს ეფექტურად ჩატენის. პასს კევინ დურანტისგან იღებს. ფაჩულია თითქოს არაფერ შუაშია, მაგრამ რეალურად ამ ორქულიანში დიდი წვლილი მიუძღვის: ჯერ ერთი, მეტოქის ცენტრი იონას ვალანჩუნასი ამოიყვანა სამწამიანი ზონიდან და გრინს სივრცე გამოუთავისუფლა. და მეორე - სტეფ კარისთან ერთად გრინის მეურვე საჯარიმოს წინა ხაზთან "დააკავა".

"კალათბურთი მხოლოდ ქულა არ არის, თამაში უამრავი კომპონენტისგან შედგება და სწორედ მათი ერთობლიობა იძლევა შედეგს. თუ რომელიმე არ მუშაობს, თამაშიც ფერხდება. თითოეულმა კალათბურთელმა უნდა იზრუნოს მის გამოსწორებაზე. ეს ხომ გუნდური სპორტია, გამარჯვების მიღწევა ერთ ადამიანს, თუნდაც მაიკლ ჯორდანი იყოს, ძალიან გაუჭირდება", - ეს ზაზამ ათიოდე წლის წინ, "ატლანტაში" ყოფნისას მითხრა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
კარგი სტატიაა... ზოგირთებს კი მივმართავ, რომ შეეშვან ზაზას უაზრო კრიტიკას. კაცი "გოლდენის" სასტარტოშია და ამით ყველაფერია ნათქვამი. წარმატებები ჩვენს საამაყო და უნიჭიერეს ზაზას!
შოთა
09:34 19-11-2016
0
სტთIის ავტორს ტუ დავუჯერებრ ზაზაზე დგას გოლდენ სტეიტი, უბრალოდ ეს ტავად გოლდენ სტეიტელებმა არ იციან და ამიტომ არ უფასებენ გარჯას ზაზას და მის სჰემცვლელს აკტიურად ედზებენ
igive
08:43 19-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული