5538 კილომეტრით შორს შინიდან - ბულაშვილი და თვალაბეიშვილი ოქროსთვის...

AutoSharing Option
ჯერ კიდევ 2009 წელს თქვა ზაზა ფაჩულიამ - ძალიან მაღელვებს საქართველოს ნაკრების ბედი, "ა" დივიზიონში გადავედით და არ მინდა, ჩვენი შრომა წყალში ჩაიყაროს, ნაკრების კალათბურთელებს ღირსეული შემცვლელები სჭირდებათო...

მას მერე გუნდმა კიდევ უფრო მაღლა აინაცვლა, მეოთხედ ითამაშებს ევრობასკეტზე. თამასას კი მინიმუმ შენარჩუნება სჭირდება. ევროპასა თუ ამერიკაში ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა მიმობნეული და, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ისინი თავის სიტყვას აუცილებლად იტყვიან საქართველოს ნაკრებში. მათ შესახებ ინფორმაციებს პერიოდულად გაწვდით, თუმცა ამჯერად შემოგთავაზებთ ესპანური პუბლიკაციის თარგმანს "ოურენსეს" ქართველებზე - ლუკა ბულაშვილსა და გიორგი თვალაბეიშვილზე.

"ოურენსე"
ოქროს ლიგის (რიგით მეორე ესპანეთში) წარმომადგენელია, ახალგაზრდა ქართველები ამ გუნდში ვარჯიშობენ, ხოლო სათამაშო პრაქტიკის მიზნით რიგით მეოთხე, EBA-ს ლიგაში გამოდიან.

"ლა რეგიონში" გამოქვეყნებულ პუბლიკაციას ასე ჰქვია: "5538 კილომეტრით შორს შინიდან"...

"ვერავინ იტყვის, რომ მშობლიური სახლიდან მოშორებით ცხოვრება იოლია. თვითმფრინავით თბილისში რომ ჩახვიდეთ, 10 საათი მაინც დაგჭირდებათ, 5538 კილომეტრითაა მოშორებული ქალაქ ოურენსედან. თბილისი საქართველოს დედაქალაქია, სადაც ლუკა ბულაშვილი და გიორგი თვალაბეიშვილი დაიბადნენ.

ისინი 18 წლისანი არიან, პირველ სეზონს ატარებენ ზრდასრულთა ლიგაში. აქამდე ახალგაზრდულ ჩემპიონატებში უწევდათ გამოსვლა. მათ ადრეულ ასაკში მიბაძეს ქართველ ვარსკვლავებს, რომლებიც კარიერას უცხოეთში აგრძელებენ - ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტში" თამაშობს, თორნიკე შენგელია - "ბასკონიაში", ვიქტორ სანიკიძე - "არისში", ბექა ბურჯანაძე და გიორგი შერმადინი - "ანდორაში".

- როდესაც მაღალი დონის ნაკრები გყავს, მეტ ყურადღებასაც იქცევს და ბავშვების დაინტერესებაც მატულობს. რაგბისა და ჭიდაობაში გვაქვს წარმატებები, თუმცა არც კალათბურთია ნაკლები. გარდა იმისა, რომ ჩვენი ეროვნული გუნდი საერთაშორისო არენაზე წარმატებით ასპარეზობს, მოთამაშეები, მაგალითად,  ფაჩულია საკალათბურთო სკოლების ბავშვებს ხვდება და საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. ეს კიდევ უფრო ზრდის კალათბურთით დაინტერესებულთა რაოდენობას, - მოგვითხრობს ლუკა ბულაშვილი.

ფაჩულია სამშობლოში ძალიან პოპულარულია, ტელევიზიითაც ხშირად აჩვენებენ... გიორგი თვალაბეიშვილმა ძალები ჯერ ჭიდაობასა და კრივში რომ მოსინჯა, შემდეგ კალათბურთსაც მიაგნო.

- ტელევიზიით უჩვენეს ამერიკაში მყოფი ზაზა ფაჩულია, თავისი ოჯახით, მანქანით, გუნდით... მეც მომინდა პროფესიონალი კალათბურთელობა, მასავით თამაშის სურვილი გამიჩნდა, - ამბობს გიორგი.

ლუკა ბულაშვილს სხვაგვარი ისტორია აქვს:

- ჩემი უფროსი ძმა თამაშობდა კალათბურთს. მის ვარჯიშებს რომ ვუყურებდი, მეც გადავწყვიტე კალათბურთელობა. მაშინ 7 წლისა ვიყავი. მოგვიანებით NBA-სა და ევროლიგის მატჩების ყურება დავიწყე და არც ერთ საინტერესო შეხვედრას არ ვტოვებდი.

ლუკა და გიორგი ერთმანეთს საქართველოშიც იცნობდნენ. ახალგაზრდულ ლიგებში ორივე გამორჩეული იყო.

- თვალაბეიშვილი ყველამ კარგად ვიცოდით, რადგან ჭაბუკთა ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე ტანმაღალი და პერსპექტიული კალათბურთელი გახლდათ, - იხსენებს ბულაშვილი, გიორგი კი დასძენს:

- ლუკა გამორჩეული უკანახაზელი იყო, ქულებს ბლომად აგროვებდა და ყოველთვის კარგი სტატისტიკა ჰქონდა.

ბულაშვილმა საქართველო კადეტის ასაკში დატოვა. ესპანური კარიერა კანარის კუნძულებიდან დაიწყო:

- პირველი სეზონი კანარების აკადემიაში გავატარე. მეორე წელს "ბასკონიაში" გადავედი. მეორე სეზონში ნელ-ნელა შევეჩვიე სახლიდან მოშორებით ცხოვრებას, თუმცა საქმეს ისიც აიოლებდა, რომ ჩემმა მშობლებმა სამჯერ ჩამომაკითხეს. დარწმუნებული ვარ, ამ სეზონში კიდევ უფრო გამიიოლდება უცხო გარემოში ყოფნა. თუმცა ძალიან მენატრება უმცროსი დედმამიშვილები, ერთი 4 წლისაა, მეორე 6 წლის.

გიორგი თვალაბეიშვილი შედარებით გვიან ჩამოვიდა ესპანეთში, გასული სეზონი "სევილიაში" გაატარა, თუმცა, როდესაც საქართველოზე ლაპარაკობს, ხმაში სევდა მაინც ერევა:

- გამოგიტყდებით, ძალიან მენატრება ჩემი მეგობარი გოგონა. ჩემი მშობლები, ძმები...

...მაგრამ კალათბურთელებს ახალ კულტურასთან, ახალ გარემოსთან შეგუება უწევთ. საქართველოსა და ესპანეთს შორის მართლაც არის კულტურული სხვაობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით რელიგიური განსხვავება. როგორც ბიჭები ამბობენ, არის ბევრი რთულად გასაგები რამ, მაგრამ სწორედ ამიტომაა საინტერესო უცხო გარემოში ყოფნა, რომ ბევრ რამეს გაიგებ და ისწავლი.

- ოურენსეში ცხოვრებასაც ნელ-ნელა ვეგუებით. ყველაფერი მშვენიერია. ხალხი გახსნილია და ყველა ყველას იცნობს. ასეთ გარემოში მეგობრების გაჩენა იოლია, - ამბობს ბულაშვილი.

ქართველები გუნდშიც კარგად გრძნობენ თავს.

- ვიცით, თუ ბევრს ვიშრომებთ, მთავარი მწვრთნელი მარტინ როდრიგესი პირველ გუნდში თამაშის შესაძლებლობას მოგვცემს. ეს მოტივაციას გვმატებს. პირველ გუნდთან ერთად ვარჯიში საშუალებას გვაძლევს, კიდევ უფრო მოვუმატოთ და მოვემზადოთ ოქროს ლიგისთვის. ჩვენი მიზანი სწორედ ესაა.

სადღეისოდ ქართველი ახალგაზრდები EBA-ს ლიგაზე გამოდიან. საკუთარ თამაშს კრიტიკული თვალით უყურებენ. აი, რას ამბობს ლუკა ბულაშვილი:

- ყველა კომპონენტზე სამუშაო მაქვს. საწყის ტურში რამდენიმე კარგი შანსი ვერ გამოვიყენე. ნელ-ნელა თამაშიც დავალაგე, თუმცა, როგორც აღვნიშნე, ბევრი უნდა ვიშრომო, რათა დასახულ მიზანს მივაღწიო.

გიორგი თვალაბეიშვილს სჯერა, რომ უკეთესად თამაშიც შეუძლია და საკუთარი გუნდისთვის მეტი სარგებლის მოტანაც.

საბოლოოდ ორივე ერთზე თანხმდება:

- უნდა მოვიგოთ რაც შეიძლება მეტი მატჩი, რათა ვითამაშოთ პლეი ოფში. სწორედ პლეი ოფი იქნება დაფასება ჩვენ მიერ სეზონის განმავლობაში გაწეული შრომისა."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამ სტატიებს რომ დაწერთ და ბოდიალობთ რაღაცას, ჯერ იქედან დაიწყეთ რომ ამ ბიჭების მონაცემები სიმაღლე, წონა და ა.შ. დადეთ და მათი სროლის ან მოხსნი ან ჩაჭრის მაჩვენებლები, რა პოზიციაზე თამაშობენ და მერე დანარჩენი ბრტყელ ბრტყელ სიტყვებით დაწერილი
Niko
17:34 30-11-2016
0
გეტანხმები 100 პროცენტიტ ნიკოს მაგეტი სეკტემბერში 16 წაიყვანეს
შოთა გუგეშაშვილი
13:18 03-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული