- D ჯგუფის ყველა მატჩის ბილეთი გაყიდულია, მათგან 40 პროცენტი ქართველებისაა. ასე რომ, კლაიპედაში როგორც შინ, ისე ითამაშებთ.
ევროპის ჩემპიონატის წარმომადგენლებმა ჩვენი ჯგუფის სხვა ნაკრებების (სლოვენია, ბულგარეთი, რუსეთი, ბელგია, უკრაინა) ქომაგთა მიერ შესყიდული ბილეთების პროცენტული მაჩვენებლებიც გვანახეს. თვალში მოგხვდებოდათ რუსების "აქტიურობა": მათ მხოლოდ ბილეთების 12 პროცენტი აქვთ ნაყიდი. ლიტველმა სტუმრებმა კიდევ ერთ საინტერესო ფაქტზე გაამახვილეს ყურადღება - მეორე ეტაპის მატჩებზე ქართველები
არადა, ჩვენი გუნდი ჯგუფის აუტსაიდერთა შორის ნამდვილად არ მოიაზრება, რაზეც კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა ბესიკ ლიპარტელიანმაც გაამახვილა ყურადღება:
- ლეგენდარული კალათბურთელის, არვიდას საბონისის ჩამოსვლა ჩვენთვის დიდი პატივია. საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის დებიუტანტია და ამდენად ძალიან მნიშვნელოვანია ლიტველთა თანადგომა. ურიგო გუნდი არ გვყავს, ვეცდებით ჩვენს გულშემატკივარსაც და ევროპასაც დავანახოთ, რომ ჩემპიონატზე შემთხვევით არ მოვხვედრილვართ. ქართველების გარდა ლიტველთა გულშემატკივრობის იმედიც გვაქვს.
არვიდას საბონისმა თავი დინჯად დააქნია - თუ ლიტველებს არ შეხვდით აუცილებლად გიქომაგებთო. ამის შემდეგ დიდ ეკრანზე სტუმრებმა ლიტვა წარგვიდგინეს. გვიჩვენეს ფირები 1937 და 1939 წლების ევროპის ჩემპიონატებიდან - ორივე შემთხვევაში ბალტიისპირელებმა ოქროს მედლები არავის დაუთმეს.
ამას მოჰყვა სიტყვა "ოკუპაციის" ხსენება: საბჭოთა ოკუპაციის გამო ლიტვის ნაკრები 1992 წლამდე დამოუკიდებლად ვერ თამაშობდაო. 1992-ში მან ბარსელონის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, იგივე შედეგი გაიმეორა 1996 და 2000 წლებში. მწვანეები 2003 წელს მესამედ გახდნენ ევროპის ჩემპიონები.
პრეზენტაციაზე ასევე გაგვაცნეს ევრობასკეტის თილისმა "ამბერისი", რაც ქარვას ნიშნავს. როგორც აღმოჩნდა, ქარვა ლიტველთა ყველაზე საყვარელი ძვირფასეულობაა.
"ამბერისზე" საუბარს მოჰყვა ევრობასკეტის მასპინძელი ქალაქების გაცნობა. ჯერი კლაიპედაზე რომ მიდგა, ლიტველმა სტუმრებმა გვითხრეს - გაგიმართლათ თამაში კლაიპედაში რომ გიწევთ. ძალიან ლამაზი ქალაქიაო. დარბაზი, სადაც საქართველოს ნაკრები ითამაშებს 5486 ადამიანს იტევს. მისი მშენებლობა წლეულს დასრულდა, გარედან მოწესრიგებულია - შიდა სამუშაოები კი დღესაც მიმდინარეობს. ასე რომ, კლაიპედას არენა გაიხსნება საქართველოსა და ბელგიის მატჩით, რომელიც 31 აგვისტოს თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.
გუშინდელი წარდგენის ბოლოს ეკრანზე დიდი ასოებით დაეწერა: შეკმეს! წარმატებას გისურვებთო...