"არმია" NBA-ს კალათბურთელებით ძლიერდება

AutoSharing Option
გუშინ, 29 აგვისტოს ერთმანეთის მიყლებით სამი გასახარი ამბვი გავიგეთ. სამივე ერთი თემატიკისაა და ერთ გუნდს ეხება: ევროჩელენჯის მონაწილე ქართული კლუბი "არმია" მეტად გამოცდილი ამერიკელი კალათბურთელებით ძლიერდება.

გადაწყვეტილია, რომ ძალოვნებს მომავალ სეზონში ფორვარდი ჯერემი რიჩარდსონი დაეხმარებათ, რომელმაც ერთწლიანი კონტრაქტი უკვე გააფორმა.

ჯერემი თავგამოდებით ცდილობდა NBA-ში ფეხის მოკიდებას, იმოგზაურა არაერთ კლუბში ("ატლანტა", "მემფისი", "სან ანტონიო", "ორლანდო"), მაგრამ სათამაშო დრო მეტად შეზღუდული ჰქონდა და ამიტომაც გადაწყვიტა კარიერის ევროპაში გაგრძელება. თუმცა მანამდე იგი NBA-ს განვითარების ლიგაში გამოირჩა - ვარსკვლავთა მატჩის ყველაზე ღირებულ კალათბურთელად დასახელდა.

"არმიის" ახალწვეულს პირველი ევროპული გუნდი ბერძნული "არისი" იყო, ხოლო გასულ სეზონში "ვალენსიას" ღირსებას იცავდა. ესპანეთში მისი მონაგარი ასე გამოიყურებოდა: 23 მატჩი, საშუალოდ 18 წუთი, 7.5 ქულა, 2.1 მოხსნა, 0.6 პასი.

თუ რიჩარდსონი NBA-მოვლილია, გამთამაშებელ სანდიატა გეინსს მოქმედი კონტრაქტი აქვს "ნიუ ჯერსი ნეთსთან". თუმცა, როგორც უცხოური წყაროები იუწყებიან, იგი მზადაა "არმიასთან" დროებითი ხელშეკრულება გააფორმოს და საქართველოში მანამდე ითამაშოს, ვიდრე NBA-ში ლოკაუტი არ დასრულდება. 185 სმ სიმაღლის, 25 წლის გეინსი გასულ სეზონში სამი ამერიკული გუნდის ღირსებას იცავდა - "მინესოტას", "ტორონტოსა" და ნიუ ჯერსის". იგი სეზონში საშუალოდ 4.6 ქულას, 1.6 მოხსნასა და 1.8 პასს აგროვებდა.

იმავე წყაროს ცნობით, გეინსი "არმიაში" შეუერთდება ფორვარდ უილ ტომასს, რომელიც შარშანდელ სეზონში ბელგიის "ოოსტენდეში" გამოდიოდა. ბელგიის პირველობაზე ტომასს ურიგო მაჩვენებლები როდი ჰქონდა: საშუალოდ 11 ქულა, 5.5 მოხსნა, 1.1 პასი. ისიც ზუსტად რიჩარდსონის სიმაღლისა (201 სმ) და გეინსის ასაკისაა (25 წლის).

ჩვენი გაზეთის მკითხველი უკვე ინფორმირებულია, რომ აგვისტოს შუაში "არმიამ" ცენტრის პოზიცია შვედეთის ნაკრების 32 წლის მეფარით იოაკიმ კიელბომით (214 სმ) გააძლიერა.

სატრანსფერი საკითხებში უკეთ გასარკვევად გუნდის მწვრთნელ გია კაზანჯიანს დავუკავშირდით.
- ხელშეკრულება ჯერ მხოლოდ ორ ლეგიონერთანაა გაფორმებული - რიჩარდსონთან და კიელბომთან. გეინსისა და ტომასის გუნდში გადმოყვანა გადაწყვეტილი არ არის. მათ გარდა კიდევ რამდენიმე კანდიდატი განიხილება.


დოსიე:
ჯერემი რიჩარდსონი
დაიბადა: 1984 წლის 1 მარტს, ბატონ რუჟი (ლუისიანა, აშშ)
სიმაღლე: 201 სმ.
წონა: 88.5 კგ.
პოზიცია: ფორვარდი

კარიერა
2006-07 ფორტ ფლაიერსი (NჩAA)
2007 ატლანტა (NBA)
2007 პორტლენდი (NBA)
2007 ფორტ უეინი (NBDL)
2007-08 მემფისი (NBA)
2008 სან ანტონიო (NBA)
2008 ფორტ უეინი (NBDL)
2008 ატლანტა (NBA)
2008-09 ორლანდო ატლანტა (NBA)
2009-10 არისი (საბერძნეთი)
2010-11 ვალენსია (ესპანეთი)

NBDL-ის "ოლ სტარის" საუკეთესო მოთამაშე (2008).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული