ყველაფერი 27 აგვისტოდან დაიწყო: ერთ-ერთმა ჟურნალისტმა რიგაში პირველივე დღეს კაფეში დაკარგა საფულე, რომელშიც საცხოვრებელი თანხა იდო. დილის ექვს საათამდე ინერვიულა, თუმცა "ამაოდ" - იმავე კაფეში საფულე ხელუხლებლად დაუბრუნეს.
სხვათა შორის, სწორედ იმ ჟურნალისტმა კლაიპედაში, დარბაზის პრეს-ლოჟაში საფულე იპოვნა, მაგიდაზე დადო და პატრონს დაელოდა. უნდა გენახათ თავდაღუნული ბელგიელი კორესპონდენტი როგორი სისწრაფით მოდიოდა ლოჟისკენ - თან დაკარგულ
მეორე დღეს ერთ-ერთი მატჩის მსვლელობისას ნაცნობი ხმა გავიგონე: საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეს-ატაშე ევრობასკეტის მედიასთან ურთიერთობის მენეჯერს ეუბნებოდა - ჩვენმა ტელეჟურნალისტმა საფულე დაკარგა, ოღონდ არ იცის, სად დარჩა, ამიტომ თუ შემთხვევით აქ აღმოჩნდა, გვითხარითო. მეორე დღეს გავიგე, საფულე ტაქსში დარჩენია და მძღოლმა იმაზე მოწესრიგებულად ჩალაგებული დაუბრუნა, ვიდრე მანამდე იყო. მხოლოდ ლიტვური სატელეფონო ბარათი აკლდა...
ყველაზე დიდი დანაკარგი საქომაგოდ მიმავალმა ერთ-ერთმა კალათბურთელმა განიცადა - ქორწინების ბეჭედი აეროპორტში თვალსა და ხელს შუა გაქრა.
ლიტვაში პასპორტიც დაიკარგა, რამაც პატრონი მეტად აანერვიულა, თუმცა მალევე დამშვიდდა - თურმე წინა ღამით მისი პასპორტი მეგობარს დაემალა.
ერთ საღამოს ანდრეი კირილენკოს ინტერვიუს წერისას, სამსახურიდან კომპიუტერით შემომითვალეს: სად ხარ, ტელეფონზე გირეკავთ და ვიღაც კაცი გვპასუხობსო. გოგო იქნებოდა-მეთქი ვეხუმრე. გავიდა ორი წუთი და "სკაიპში" მეუღლემ მომწერა - მამაშენი გირეკავს, ტელეფონს რატომ არ იღებო?!
იმ დროს ჩემთან ოთახში ის ჟურნალისტი იყო, ლატვიაში სავსე საფულე რომ დაკარგა, ვთხოვე ჩემს ნომერზე დაერეკა, რათა ოთახში ჩემი ტელეფონი მეპოვნა. დარეკა და მასაც უცნობმა კაცმა უპასუხა - ავტობუსის მძღოლი ვარ, მობილური მე მაქვს და თუ მოხვალთ გაგატანთო, თან ბინის მისამართი ჩაგვაწერინა.
ყველაზე მსუბუქად მე გამოვედი: ნერვიულობის დრო არც მქონია - მპოვნელისგან გავიგე, რომ თურმე ტელეფონი დავკარგე...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"