ვეტერანი კალათბურთელის პაატა გურსპაულის კურიოზები

AutoSharing Option
1981 წელს მე და ბესიკ ლიპარტელიანი სსრკ ახალგაზრდულ ნაკრებში გამოგვიძახეს. კანდიდატებს არჩევდნენ.

ტალინში ჩვენთვის განკუთვნილ სასტუმროში მოგვათავსეს. მაშინ ასე იყო - ერთი რიგითი კალათბურთელი რომელიც იმ დღეს მორიგეობდა, ვალდებული იყო თვალი ედევნებინა ყველასთვის და ყველაფრისათვის. მას უნდა უზრუნველეყო დისციპლინა, დროზე გაღვიძება, დროზე ძილი, სადილი და ა.შ. ასევე ევალებოდა შენობაში სისუფთათვის დაცვა. კედელზე ჩამოკიდებულ სპეციალურ დაფაზე თავში იწერებოდა მორიგის გვარი და სახელი.

3 თებერვლის დილა გათენდა. სამი თებერვალი ჩემი დაბაედბის დღეა და წინა ღამიდანვე თადარიგი დავიჭირე, რომ როგორმე ჩუმად მაინც აღმენიშნა
მეგობრებთან ერთად თუნდაც "ორიოდ ჭიქით". ნამდვილად ბრძნული ანდაზაა: "კაცი ბჭობდა - ღმერთი იცინოდაო". ავხედე დილით სტენდს და... "მორიგეს" გასწვრივ მსხვილი ასოებით წერია - პაატა გურასპაული.

შემომეყარა გულზე. ეს მინდა ახლა?! წელიწადში ერთხელ მაქვს დაბადების დღე და ისიც მორიგეობაში უნდა გავატარო?! ჩემს სიცოცხლეში პირველად გამიფუჭდა ხასიათი ჩემს დაბადების დღეზე.

"ოხ, მე ამის დამწერის!!! ოხ ამ გრაფიკის შემდგენლის!!!" - ვიგინები გულში და ვილანძღები ხმამაღლა.

ღმერთმა სულ არ გამწირა, ჩემთან ერთად მორიგეობა (ალბათ არ მენდობოდნენ) "მიუსჯიათ" ცნობილი კალათბურთელის ხოსე ბირიუკოსთვის.

როგორც იქნა ბედს შევურიგდი და ლანძღვა-გინებას მოვრჩი, რომ დერეფანში ატყდა ხმაური. ეს - ხოსე ბირიუკოვი იგინება და ილანძღება სუფთა რუსულით.

- ჩტო სტაბოი, ხოსე? - ვეკითხები.
- კაკ ჩტო! - ჭკუაზე არაა საწყალი - სევოდნია ია დოლჟენ დეჟურიტ! სვოლოჩი!!
- ნუ ი ჩტო?
- კაკ ნუ ი ჩტო, დიავოლ... სევოდნია მაია დენ რაჟდენია! სვოლოჩი, ნუ!
ამიტყდა ხარხარი. აბა რა მომივიდოდა.

საღამოს თბილისიდან ხორაგი ჩამოვიიდააა... ჩიტის რძე არ აკლია. შამპანური-კონიაკებიც არ დავიწყებით ჩემებს. ხაჭაპურები ჯერ კიდევ თბილი იყო და მაგის ჩიტები ვიყავით სწორედ, მორიგეობისთვის შეგვეწირა თავი.

მხოლოდ იმ საღამოს გავიგე, რომ ხოსე და მე თურმე ერთად და იმავე წელს, დღეს, საღამოს 8 საათზე ვყოფილვართ დაბადებულები. რაღა ბევრი გავაგრძელო და იმ საღამოს გვარიანად მოვულხინეთ. იმდენად "გვარიანად", რომ მწვრთნელებიც გავიყვანეთ "საქმეში", რომლებმაც სუფრაზე გაგვიმხილეს, თურმე სპეციალურად მოუწყვიათ ეს ამბავი, რომ დისციპლინა არ დაგვერღვია. ჩვენი საბუთები ხომ მათ ხელში იყო და იცოდნენ თარიღები. არა და მათი ეშმაკობა ქართველზე და ნახევრად ესპანელზე გაჭრიდა? (ხოსეს დედა ჰყავდა ესპანელი).
ასე მოვილიე ერთ დღეს დაბადების დღეც და მორიგეობაც.

თქვენი ვარ, თქვენი, ქართველებოოო!!!
1981 წელია. თბილისში ტარდება გაგარინის სახელობის ტურნირი კალათბურთში, იმ დღეს სსკრ ახალგაზრდული ნაკრები თბილისის "დინამოს" ხვდება. მე სსრკ-ს ახალგაზრდული ნაკრების გუნდში ვირიცხები. როგორი საქმეა შენი ქალაქის გუნდის წინააღმდეგ ითამაშო. რა ვქნა აღარ ვიცი, რა წყალში ჩავვარდე. თამაშზე უარს ვერ ვიტყვი, შეიძლება გამრიცხონ. შეიძლება კი არა - გამრიცხავენ. არადა ჩვენს კალათში ბურთი როგორ ჩავაგდო? არ ჩავაგდებ და სიმულიანტად მომნათლავენ ნაკრებში, ჩავაგდო და... და აქ გამახსენდა ერთი ინციდენტი, რომელიც ამ ამბამდე ორი წლით ადრე ჩვენი "დინამოს" სტადიონზე მოხდა. გავიხსენებ:

მაშ, ასე ჩვენი საფეხბურთო კლუბი "დინამო" თბილისი ჩვენსავე სტადიონზე ხვდება სსრკ ნაკრებს, რომელშიც ერთი ჩვენი თანამემამულე, ცნობილი ფეხბურთელი (გვარს შეგნებულად არ ვამხელ) თამაშობდა. თავდამსხმელი იყო და მოგეხსენებათ თავდამსხმელის ფუნქცია გოლის გატანაა.

დაიწყო თამაში და თითქოს ჯინაზეო, ამარაგებენ და ამარაგებენ პასებით ნაკრების წევრები ამ ჩვენს ქართველ თავდამსხმელს. შავ დღეშია... აღარ იცის როგორ მოიქცეს... ხან ვითომ ბურთი "გაექცა" ხან ვითომ ფეხებში "გაებლანდა". ცოდვილობს და ცოდვილობს. ზემოთაც აღვნიშნე - სწორუპოვარი ბომბარდირი გახლდათ, აბა ნაკრებში ისე ვინ მიიწვევდა და ლოგიკურია მისგან გოლს ითხოვენ ნაკრების მამები საკუთარი გუნდის კარში. ამაზე დიდი სასჯელი სპორტსმენისთვის არ არსებობს თუ იმასაც გავითვალისწინებთ რა "მომთხოვნია" ქართველი მაყურებელი.

მოკლედ, ეს სიტუაციაა და კიდევ მიაწოდეს ამ "ჩვენსას" ბურთი ესეც ახტა და "ვერ შეწვდა". ისმის ქართველი მაყურებლის "სამადლობელი და საქებარი ყიჟინა - ყოჩაღ! ყოჩაღ ქართველო! მაგრამ შესვენებაზე ნაკრების მწვრთნელმა თითი დაუქნია - ნუ სიმულიანტობ, თორემ კარიერას დაემშვიდობეო.

ჩაყოლას რომ ჩათრევა ჯობია - იცით. ეს ჩვენიც ათამაშდა მეორე ტაიმში, მაგრამ კართან მისულმა ისევ "გამაზა" ვითომ. რას იზამ? ძნელია "მამლუქობა". ერთი ისეთი პასი მიიღო, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და მოწყენილად გაგზავნა ბურთი ჩვენი "დინამოს" კარის ბადეში.
პროფესიული ჩვევაა (ინსტინქტი) და გოლის გამტანი ტრადიციულად შეხტა და მარჯვენა ხელი მაღლა შესტყორცნა. ისევე ერთდროულად შემოეხვივნენ ნაკრების წევრები.

მოულოდნელობისგან წამით გარინდული "დინამოს" სტადიონი ერთბაშად გაიბერა, გაფართოვდა.
აიფოფრა და "ცუნამიც" წამოვიდა:
- ოოხ, მე შენიიი!
- ოხ, მე შენი ქართველობააა!
- ოხ, შე გამყიდველოოო! იუდააა! (მოკლედ, კი იცით, ჩვენების ამბავი).
...და აი, ამ მდგომარეობაში ვიყავი მე იმ დღეს და მწვრთნელებს ყელგამოწელვით შევეხვეწე - პირველ ხუთეულში ნუ შემიშვებთ მოედანზე-მეთქი, რაც ნაწილობრივად შემისრულეს კიდევაც. მაგრამ მოედანზე მაინც გამოვჩნდი. ვერ აგიწერთ რა მძიმე წუთები და წამები გადავიტანე. ეს ის პროცესია წამი რომ საათად გეჩვენება. ბედის დაცინვას რა ვუთხარი. თამაშის ბოლო წუთზე ერთი ქულით ვაგებთ (სსრ ნაკრები), გულში მიხარია, რომ მაყურებლის რისხვა ამცდა და ვიღაც რუსმა ალალბედზე ნასროლი ბურთი სულ ბოლო წამზე არ ჩასვა თბილისის "დინამოს" კალათში. თამაშიც დამთავრდა და წავაგეთ... ერთი ქულით (ქართველებმა).

აღარ ვიცი, რა ვქნა, როგორ მოვიქცე: გამიხარდეს თუ მეწყინოს? აღარ ვიცი რა ვქნა, ვიცი ერთი, რომ მაყურებელი მე მიყურებს. ესაა ტანჯვა, ითამაშო შენი გუნდის წინააღმდეგ, რა მექნა? თავი ჩავღუნე, ორივე ხელი თავს ზემოთ აღვმართე და ვუკრავ ტაშს, თან გასახდელისკენ მივიპარები. ტაში ჩვენს მაყურებელს ეკუთვნოდა, თუმცა ვინ გაიგებს? ტაში ყველამ თანაბრად გაინაწილა.

გვიყვარს ავტომატიკა
ოთხმოციანი წლებია. სსრკ ნაკრები ფილიპინებში მოვხვდით. ჩვენთვის ეს პირველი გასვლა იყო იმ ქვეყანაში.
წარმატებით ვიასპარეზეთ და ის დღეა - შინ ვბრუნდებით.

გადაჯდომა სინგაპურში გვქონდა და თავისუფალი დრო - სამი საათი მოგვეცა იქაურობის დასათვალიერებლად. სინგაპური მაშინ ჩვეთვსი უცნობი მცნება გახლდათ (დღეს კი იციან ასე თუ ისე ჩვენებმა). ეს გახლდათ უმაღლესი კლასის სასმყარო. უჩვეულოდ უცხო, განსაკუთრებით ჩვენთვის, საბჭოთა ახალბედა სპორტსმენებისთვის.

ბოჩოლას აღტაცებით ვათვალიერებთ ყველაფერს. გაოცება და კმაყოფილება ერთადაა აღბეჭდილი ჩვენს "საბჭოთა სახეებზე". აღტაცებას იწვევს ისიც რომ ქუჩაში იქაურები სულ "რუსო ტურისტო"-ს გვეძახიან ღიმილით. მე მგონი ჩვენებური მარტო ავტომობილი "ჩაიკა" თუა მათთვის ნაცნობი, მეტი არაფერი.

დავდივართ აეროპორტის მახლობელ ქუჩაში ჯგროდ მთელი გუნდი - 12 კაცი.

აი, ერთ ფეშენებელურ სავაჭრო ცენტრში შევედით. ფული სად გვაქვს ჩვენ უბედურებს, მაგრამ "თვალს წყალს ვასმევთ."
წყალი ტყუილად, ფრაზად არ მიხმარია. წინაპირობად შეგიძლიათ მიიღო.

ამ სავაჭრო ცენტრის კუთხეში წყლის უზარმაზარი ავტომატი დგას. კითხვა არ ვიცით, მაგრამ რად გვინდა, შესანიშნავადაა ნახატებით ილუსტრირებული: "მსხალი" (ე.ი. მსხლის სიროფიანი წყალი გადმოდის იმ მონაკვეთის მინიატურული ონკანიდან) "ლიმონი", "ფორთოხალი" და ა.შ. გვწყურია, მაგრამ ვითმეთ. ყველაფერს ფული უნდა. რომ არაა?! მე შენ გეტყვი და ბავშვით გაასარსალებ ფეხებს: "დედა, წყალი მინდააა!" მოკლედ, საცოდავ დღეში ვართ. ვიღაც იქაური მივიდა ავტომატთან, მიაჭირა თითი ღილაკს და ჰოი, საოცრებავ, ლივლივით ჩაჩხრიალდა საამო, გაზიანი ტკბილი ("ლიმონი") სითხე ჭიქაში.

- ბრატცი! - მიხვდა ერთი ჩვენთაგანი - ვადა ბეზპლატნა!

"ბეზპლატნაოოოოო!!!" - მივესიეთ და რა მივესიეთ ამ საწყალ ავტომატს... ჩხაკ! და ჩხაკ! ვაჭერთ და ვაჭერთ ღილაკებს ჩხრრ! და ჩხრრ! - მოსჩქეფს მაცოცხლებელი სითხე. ზოგმა უკვე ორი-ორი მოასწრო, ზოგმა სამიც... ხუთიც... მაინც არ ვისვენებთ ("უფასო, კუბოც კაია") და ვიჭყიპებით. ვიჭყიპებით და გადამწვანებამდე ვსვამთ. სიხარულისგან და აღტაცებისგან მგონი ვთვრებით კიდეც.

ამ ამბავში  ვართ და სავაჭრო ცენტრის შუაგულში ჩოჩქოლი ატყდა. ვიღაც იქაური ქალი გამხდარა ცუდად და არიქა წყალიო - იყვირა ვიღაცამ... ებდღვნენ ავტომატს, რომ ის სულიერი მოასულიერო მაგრამ ბოდიში, ავტომატი წყალს აღარ იძლევა. გაშრა, დამთავრდა...

გამოილია ბატონო "ცისკარას წყარო". საბჭოთა კალათბურთელებს წყალი თან უფასო - გადაგვირჩებოდა?!

მალე სასწრაფოც მოვარდა და გადაარჩინეს ის უბედური ქალი, თორემ ცოდვა მთელ გუნდს დაგვედებოდა.

კურიოზი ის გახლდათ, რომ იმ სავაჭრო ცენტრის მეპატრონე გაოცებით იჩეჩავდა მხრებს ის მარაგი, რაც იმ ავტომატში იყო, აქ შემოსულებს ერთი წელი ჰყოფნიდათო.

"ჯარიმა"
საქართველოში რომ არეულობა იყო ის პერიოდია.

სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის გუნდი ჩამაბარეს (რომელიც მაშინ სადღაც "ჭ" ჯგუფში იყო) ამოსწიე და უმაღლეს ლიგაში გაიყვანეო. მოთამაშე მწვრთნელი ვარ.

როგორი საქმეა? გუნდი ძლივს იბერავს სულს. არავითარი შანსი არაა. არ მინდა ტრაბახში ჩამეთვალოს, მაგრამ მაგრად მოვინდომე, რაა მერე? მოინდომე და იყავი. მარტო ენთუზიაზმი გიშველის? მაგრამ ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს. ნელ-ნელა მონდომებით და თავდადებით გუნდი "ამოიქაჩა". თუმცა ისე ვერა, რომ მტერს თვალი დაუყენოს.

ერთი გადამწყვეტი, ძალიან მნიშვნელოვანი გასვლითი მატჩია დაგეგმილი სოხუმის უძლიერეს სუბტროპიკული ინსტიტუტის გუნდთან.
მიკიბვ-მოკიბვის კაცი არ ვარ; შევედი სასოფლო ინსტიტუტის მაშინდელ რექტორთან, რომელიც სპორტის ამ სახეობის თავგადამკვდარი ქომაგი იყო და ვეუბნები:

- ბატონო ოთარ - ამ გაჭირვებულ პერიოდში, ზედმეტი ფული რატომ უნდა დახარჯოთ, მაინც წავაგებთ სოხუმში სოხუმის ბიჭებთან და მოდი, ნუ წავალთ. ზედმეტი ხარჯია-მეთქი.

- რას ამბობ! - წახვალთ (ოპტიმისტია რექტორი), წახვალთ და მოიგებთ კიდევაც. უფროსთან კამათი წყლის ნაყვაა და წავედით მატარებლით.
ახლა რა დასამალია და ხელჩაქნეულმა იმ ღამეს (ნაცნობებს გადავეყარე) კაი მაგრად შევუბერე არაყ-კონიაკი კუპეში.

დილით სოხუმში ვართ. მატჩი საღამოს 8 საათზეა წესით. პახმელიაზე იქაური მეგობრის ოჯახშიც დავამატე იმ აზრით, რომ 8 საათამდე ე.ი. მატჩის დაწყებამდე იქვე გამოვიძინებდი. ეძინა ეშმაკს? არა! დამირეკეს, რომ მატჩი რვის მაგივრად 2 საათზე გადმოიტანესო.
ვაი შენს პაატას...

სხვა რა გზა იყო და გავედით სათამაშოდ. არ ვიცი რა ძალა მომეცა, ან რა ბედი მმართავდა. ერთი კი ვიცი, რომ ზებუნებრივი ძალა მეხმარებოდა თამაშის დროს. ის გაბრუებული კაცი საკმაოდ კონცენტრირებულად ვთამაშობდი. მოკლედ, რომელ პოზიციაშიც მივიღებდი ბურთს - დაუყოვნებლივ ვგზავნიდი კალათში თან ზუსტად... ჩემს გაოცებას საზღარი არ ჰქონდა. მგონი 65 ქულა მივითვალე და ახდა რექტორის სიტყვა.. მოვიგეთ!

გახარებულმა დამიბარა კაბინეტში. მგონია რომ ახლა შემაქებს, შემამკობს...
- დღეიდან! - მეუბნება მკაცრად (არადა იმ წელს მის ინსტიტუტს ვამთავრებდი) შენ უფლება გაქვს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სიტუაციაში შემოხვიდე ჩემს კაბინეტში. მთხოვო რაც გინდა, ოღონდ ორი წელი დიპლომს ვერ მიიღებ. გუნდს ვერ მოცილდებიო.
ასე "დავჯარიმდი" კეთილი საქმისთვის! ზუსტად ორ წელიწადში მომცა დიპლომი.

გამიშვი დეიდა....
80-იანი წლებია. ჩვენი "დინამო" მოსკოველ თანაკლუბელებს ხვდება თბილისის სპორტის სასახლეში. დიღმის ბაზაზე მწვრთნელმა ბოლო ინსტრუქტაჟი ჩაგვიტარა. ჩავსხედით ჩვენს ავტობუსში და მივდივართ სპორტის სასახლისკენ. ავტობუსი შუა გზაზე გაფუჭდა. ოოო... ცუდის ნაშინია. ზოგი ტაქსით, ზოგი როგორ და წვალებით მივედით დანიშნულების ადგილზე.

იცით რა ამბავია ხოლმე ამ დროს თბილისის სპორტის სასახლესთან. მილიციელთა სამმაგი კორდონი და ა.შ. არ გვიშვებენ შტერი მილიციელები, არ შეიძლება ძმაოო. ვუხსნით, რომ ჩვენ ვართ კალათბურთელები, რომ სწორედ ჩვენს გამოა ამხელა ამბავი. გაგიგონია?! არადა არა, მერე ვიღაც (მადლიანები იმათ რიგშიც იყო, მთლად ხელიდან წასულები არ აღმოჩდნენ) ფორმიანმა გვიცნო და გაგვატარა.
შევდივართ ჩვენი "სლუჟებნი ვხოდ"-იდან სასახლეში, მე და გელა დარსაძე, მაგრამ ვიღაც ახალი, მსუქან-მსუქანი შვეიცარი დეიდა დაუნიშნავთ შესასვლელში და არ გვიშვებს.

ახლა ამას უხსენი... სადაცაა თამაში უნდა დაიწყოს. არ გამოვცხადდებით, ერთი წუთიც კი გადაცდება დროს და წაგებას დაგვიფქისირებენ. ეს არგვიშვებს კაცოოოო!!! მაშინ მობილურები სად იყო ვინმეს ვინმესთან გადაერეკა. ეს ქალი "უბილეთოდ" არ გვიშვებს. იღბლად ჩვენი სასიქადულო კალათბურთელი "გაგვეჩითა" - ზურა საკანდელიძე და გვიხსნა. - ქალო, შენ ხომ არ გაგიჟდი, გვღუპაავო?! და როგორც იქნა გაგვატარეს. ძალიან ვინერვიულეთ, მაგრამ კონცენტრაციაში ერთი მსგავსი ეპიზოდის გახსენება მოგვეხმარა.

ამ გახსენებამ გაგვაცინა, დაგვამშვიდა და ის მატჩიც მოვიგეთ. რა მოგონება და ზუსტად ასე მოხდა ადრე. მაშინ "დინამო" ძველ სპორტულ დარბაზში მართავდა ასპარეზობებს. ერთ თამაშზე ასეთივე ზორბა დეიდა შენობაში არ უშვებს ოთარ ქორქიას. მოსაწვევი წარმომიდგინე, ისე ვერ შეგიშვებო. გაგიჟდა ქორქია, რა მოსაწვევი, რის მოსაწვევი - ოთარი ვარ, ქორქიაო, მაგრამ არა-ქალი "პოსტზეა" არ უშვებს. ბოლოს ერთ მაგარ "ბალელშიკს" ამ დეიდასთვის უკითხავს:

- ქალბატონო, თქვენ პარტიული თუ ხართო?
- აბა ისე ვინ მამუშავებდა ამ "პოსტზეო" - თვალები დაუქაჩავს იმ ქალს.
- ხოდა ქალბატონო, წარმოიდგინეთ ახლა თქვენ, მოსკოვში, პოლიტბიუროს სხდომაზე ლენინი რომ არ შეეშვათ დარბაზში რა მოხდებოდაო?!
"პარტიულ" ქალს ფერი წასვლია და ქორქია იმწამსვე გაუტარებია.

მურმან მერკვილიშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული