გზა "ოლიმპისკენ": "ოლიმპიადან" "ოლიმპში"

AutoSharing Option
"სოხუმის" ცენტრ სერგო ათუაშვილს სუპერლიგაში თანატოლი გამოუჩნდა - "ოლიმპმა" ზუსტად სერგოს სიმაღლის (224 სმ) ცენტრი დაიმატა. ოლიმპელთა ღირსებას მიმდინარე სეზონში დაიცავს ჩეხი მეფარე ივო ჰოგერი. იგი ამ ქართული კლუბის მეოთხე უცხოელი იქნება.

მწვრთნელს, გია კაზანჯიანის საინტერესო გეზი აქვს არჩეული, არა ამერიკელ, არამედ ევროპელ ლეგიონერებს იწვევს: მილუტინოვიჩმა, სლიუკამ და ტუტუსმა საქართველოს ჩემპიონატში უკვე ითამაშეს, ახლა ჰოგერის ჯერია. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ტუტუსს ხელი აქვს მოტეხილი და მკურნალობისთვის დაახლოებით ორი კვირა დასჭირდება.

ახლა რაც შეეხება ჩეხ ახალწვეულს. ყველაზე "ფედაროვანი" კარიერა სწორედ მას
აქვს. ახალგაზრდულ ასაკში სლოვენიაში გადავიდა, სადაც "ოლიმპიაში" გამოიწვრთნა, თუმცა მთავარ გუნდში მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა.

სლოვენიიდან ივო ავსტრიაში გადაბარგდა. იქ სათამაშო დრო საკმარისად ჰქონდა და საშუალოდ 10 ქულასაც ასცდა. შემდეგ იყო პრაღის "სპარტა", ბულგარეთის ცსკა და "პლოვდივი".

კარიერის საუკეთესო წლები ივო ჰოგერს დანიის ჩემპიონატში აქვს გატარებული: ვიკინგთა ჩემპიონიც გახდა, ვარსკვლავთა მატჩშიც ითამაშა. მოკლედ, დანიაში №1 ცენტრი იყო.

გასული სეზონი ჩეხმა გოლიათმა კვიპროსში დაიწყო და იაპონიაში განაგრძო.
- იაპონელებს კარგი ლიგა აქვთ. ადგილობრივი კალათბურთელები ევროპელებთან შედარებით დაბლები არიან, სამაგიეროდ, მაღალი სისწრაფე აქვთ. თუმცა, ყველა კლუბში ტანმაღალი უცხოელები არიან და გუნდები თანაბრადაა დაბალანსებული, - ასე იხსენებს ივო იაპონიას.

მან ჩეხ ჟურნალისტთან საკუთარ სიმაღლეზეც ილაპარაკა:
- სიმაღლის გამო თავიდან დისკომფორტი მექმნებოდა, მინდოდა ყველა ჩემი ტოლი ყოფილიყო, ან მე ვყოფილიყავი სხვების სიმაღლის. თუმცა, ნელ-ნელა ყველაფერს შევეჩვიე და ახლა თავს შესანიშნავად ვგრძნობ.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მილუტინოვიჩთან ერთად ჰოგერი სუპერლიგაში ერთ-ერთ საუკეთესო წინა ხაზს შექმნის.

დოსიე
ივო ჰოგერი
ჩეხეთი

დაიბადა: 17.09.1982
სიმაღლე: 225 სმ
წონა: 125 კგ
პოზიცია: ცენტრი
გუნდი: ოლიმპი

კარიერა

1999-2002 ოლიმპია (სლოვენია, ახალგაზრდები)
2002-03 ტრიგლავი (სლოვენია)
2003-04 კაპფენბერგი (ავსტრია)
2004-06 პოლტენი (ავსტრია)
2006 სპარტა (ჩეხეთი)
2006 ცსკა (ბულგარეთი)
2007 პლოვდივი (ბულგარეთი)
2007-10 სვედბორგი (დანია)
2010 აელ (კვიპროსი)
2011 ფუკუოკა (იაპონია)
2011-12 ოლიმპი (საქართველო)

მიღწევები

2000 სლოვენიის ჩემპიონი (17-წლამდელებში)
2001 ჩეხეთის 20-წლამდელთა ნაკრების წევრი
2007, 2008 დანიის "ოლ სტარის" მონაწილე
2008 დანიის თასის მფლობელი
2008 დანიის ჩემპიონატის საუკეთესო ცენტრი
2010 დანიის ჩემპიონი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული