ასპარეზობის შემდეგ ჟიურიმ ქართველი კალათბურთელი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნია და სპეციალური ოქროს მედლიც გადასცა.
თბილისის "დინამოს" კაპიტანს სხვა მნიშვნელოვან შეჯიბრებებშიც არაერთხელ დაუმსახურებია არანაკლები პრიზები თუ მედლები, მაგრამ ყველაზე დიდი ჯილდო, რაც კი რგებია, ეს იყო სიყვარული
- ბატონო გურამ, მთელ საქართველოს ახსოვხართ და უწინდებურად უყვარხართ. ბედნიერი კაცი ბრძანდებით, რომ ერის სიყვარულს ამდენი ხანი ინარჩუნებთ. თქვენი და თქვენი თაობის სასახელო ტრადიციებზე დღეს ახალი თაობა იზრდება, რომელმაც წლეულს ევროპის ჩემპიონატზე გვასახელა.
გარწმუნებთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ქართული კალათბურთის ისეთ სიმაღლეზე ასაყვანად, რომ ჩვენი ბიჭები კი არ მიდიოდნენ საზღვარგარეთ, არამედ, მათი საუკეთესო წარმომადგენლები ჩამოდიოდნენ აქ სათამაშოდ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ მთელი ცხოვრება სიკეთეს თესავთ, - უთხრა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა გურამ მინაშვილს, რომელსაც გუშინ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ინიციატივითა და სპორტის სამინისტროს თანადგომით დაბადების 75-ე წლისთავი აღუნიშნეს.
იუბილარს სამინისტრომ "სპორტის რაინდის" წოდება მიანიჭა, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა 75-ნომრიანი ეროვნული ნაკრების ფორმა უსახსოვრა.
თანაგუნდელებმა, სხვადასხვა თაობის კალათბურთელებმა და ახლობლებმაც მიულოცეს იუბილე სახელოვან სპორტსმენს... იყო სავსე ჭიქების წკარუნი, "მრავალჟამიერი" გურამ მინაშვილისა და ქართული კალათბურთის სადიდებლად.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"