მეტიუ ფრეიე - კიდევ ერთი NBA-მოვლილი ლეგიონერი "არმიაში"

AutoSharing Option
საინტერესო ფაქტთან გვაქვს საქმე - "არმიაში" ახალი ლეგიონერის დამატებას უცხოური საიტებიდან ვიგებთ.

გუშინ კიდევ ერთი ასეთი სიახლე წავიკითხეთ ფიბა-ევროპის ოფიციალურ საიტზე. არმიელთა განაცხადში ახლადდამატებული კლიფტონ ჰოუკინსის გვერდით (რომელზეც გუშინ გელაპარაკეთ) კიდევ ერთი უცნობი გვარია - მეტიუ ფრეიე.

ჯერ უკეთ გავიცნოთ მეტიუ და შემდეგ ვთქვათ, რამდენად საჭიროა "არმიასთვის". 208 სმ სიმაღლის ცენტრს, როგორც ჩანს ძალიან უყვარს მოგზაურობა - 2004 წლის შემდეგ ზედიზედ ორ სეზონში ერთ გუნდში არ უთამაშია. ურუგვაი, ლიბანი, პუერტო რიკო, აშშ, გერმანია, ჩინეთი... ამ ვრცელ სიაში ფრეიემ წითელი კალმით
საქართველოც აღნიშნა - 2010-11 წლების სეზონში ჩვენი ქვეყნის ჩემპიონის ღირსებას დაიცავს. ხაზი უნდა გაესვას მეტის სწრაფვას პუერტო რიკოსადმი, სადაც სხვადასხვა დროს ექვსჯერ მიბრუნდა.

იგი, როგორც პერსპექტიული ცენტრი 2004 წლის დრაფტზე "მაიამიმ" 53-ე ნომრად აირჩია. სწორედ იმ წელს ვლადიმერ სტეფანიამ "მაიამიდან" "პორტლენდს" მიაშურა და მისი 50-ნომრიანი მაისური სწორედ ფრეიემ მოირგო. თუმცა, მაიამელებმა საზაფხულო ლიგის შემდეგ ტანმაღალი ამერიკელი "ნიუ ორლეანს" დაუთმეს.

მეტიუ ფრეიემ ორლეანელთა მაისურით 23 მატჩი ჩაატარა, საშუალოდ 19.2 წუთში 4.0 ქულას, 2.7 მოხსნასა და 0.9 პასს აგროვებდა.

მიუხედავად იმისა, რომ 11 მატჩი სასტარტო ხუთეულში ჩაატარა, ფრეიემ ამერიკა დატოვა და ერთი წლით პუერტო რიკოში გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა იქ დიდი ხნით არ დარჩენილა - 2006-07 წლების სეზონში ზაზა ფაჩულიას "ატლანტა ჰოქსმა" მიიწვია და NBA-ს სეზონის სტარტზე 19 მატჩი ჩაატარა. ეს ის დრო იყო, ზაზა საშუალოდ 12 ქულასა და 8 მოხსნას რომ აგროვებდა.

სათადარიგოთა სკამიდან ქართველის შემცვლელად კლუბის ხელმძღვანელობამ უკრაინელი სტანისლავ მედვედენკოს დამატება განიზრახა და ფრეიეს დაემშვიდობა. "ჰოქსში" მეტმა 19 შეხვედრა გამართა, საშუალოდ 7.7 წუთში 2.1 ქულასა და 1.3 მოხსნას ითვლიდა.

ამის შემდეგ ფრეიე აშშ-ში აღარ დაბრუნებულა, მოიარა აზია, ევროპა, სამხრეთ და ცენტრალური ამერიკა. 2009 წელს იგი ლიბანში მოხვდა, სადაც "ბეირუთის" ღირსებას იცავდა და იმავე წელს ლიბანის ნაკრებში მიიპატიჟეს. კედრების ქვეყნის ღირსება მეტიუ ფრეიემ 2009 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დაიცვა (6.8 ქულა, 3.8 მოხსნა).

ამერიკელი ფორვარდი არმიელებს საქართველოს ჩემპიონატშიც დაეხმარება და მომდევნო სამშაბათს "ბეშიქთაშთან" გასამართ მატჩშიც.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მისი დამატება აუცილებელი იყო, რათა მძიმე ფორვარდ უილიამ ტომასს ამოსუნთქვის საშუალება მიეცეს.

თავად განსაჯეთ: ტომასმა "გოტინგენთან" და "ბეშიქთაშთან" შეუცვლელად ითამაშა, ხოლო "ლეიდენთან" მხოლოდ 3 წუთი დაისვენა.

ფრეიეს სამქულიანების სროლაც ეხერხება და სიმაღლის გათვალისწინებით რიგ ეპიზოდებში არც ცენტრის ფუნქციების შესრულება უნდა გაუჭირდეს. ასე, რომ მისი დამატებით მწვრთნელ კოტე ტუღუშს წინა ხაზში ვარირების კარგი შესაძლებლობა მიეცემა.

მეტიუ ფრეიე
აშშ/ლიბანი
დაიბადა: 02.10.1981
სიმაღლე: 208 სმ.
წონა: 109 კგ
ამპლუა: ფორვარდი/ცენტრი

კარიერა
200-04 ვანდერბიტი (NCAA)
2004 NBA-ს დრაფტზე "მაიამიმ" აირჩია და "ნიუ ორლეანს" დაუთმო
2004-05 ნიუ ორლეანი (NBA)
2005 აიდაჰო (აშშ)
2006 გაიამა ვიზარდსი (პუერტო რიკო)
2006-07 ატლანტა (NBA)
2007 გაიამა ვიზარდსი (პუერტო რიკო)
2007 არტლანდი (გერმაია)
2008 გაიამა ვიზარდსი (პუერტო რიკო)
2008 პონს ლაიონსი (პუერტო რიკო)
2009 ფუჯიან ქსინქსინგი (ჩინეთი)
2009 კრეოლესი (პუერტო რიკო)
2009-10 ბეირუთი (ლიბანი)
2010 გუაინაბო (პუერტო რიკო)
2011 ჰებრაიკა მაქაბი (ურუგვაი)
2011 არმია (საქართველო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა არ უთამაშია, ითამაშა 8 წუთი, და 2 სამიანი და 2 ორიანი ააცია, 0 ქულა
mircho
11:59 30-11-2011
0

სიახლეები პოპულარული