"ოლიმპის" შესანიშნავი ოთხეული

AutoSharing Option
საკალათბურთო სუპერლიგის 2011-2012 წლების მიმდინარე სეზონის პირველი წრე დასასრულს მიუახლოვდა. სუპერლიგის ბოლო მე-11 ტური 23-24 დეკემბერს ჩატარდება და პირველი წრეც ამით დამთავრდება.

საინტერესოა, როგორ აფასებენ სუპერლიგაში მოასპარეზე მოთამაშეები მიმდინარე სეზონს და როგორია მათი მოსაზრება ჩემპიონატსზე, მასში მონაწილე გუნდებზე, უცხოელ მოთამაშეებსა და სხვა აქტუალურ თემებზე.

რუბრიკა "ოვერტაიმი" ამჯერად დებიუტანტი კლუბის, "ოლიმპის" ლეგიონერებს შეეხმიანა. ილიცა მილუტინოვიჩს, ნიკოლა ტუტუსს, ნიკიცა სლიუკასა და ივო ჰოგერს ჩვენს არამხოლოდ საკალათბურთო თემებზე ვესაუბრეთ, არამედ ტრადიციულად სხვა დამატებით და საინტერესო ცხოვრებისეულ დეტალებზეც.

ინტერვიუ "ოლიმპის" ახალ გარემონტებულ საკალათბურთო დარბაზში
"არენაში"(ყოფილი სკა) შედგა. ოთხივე ლეგიონერი ძალიან უშუალო და მხიარული აღმოჩნდა და მათთან საუბარმაც ხალისიანად ჩაიარა.

- სუპერლიგის პირველი წრის ბოლო მე-11 ტურში საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა გელით "არმიასთან". როგორ ემზადებით ამ დაპირისპირებისთვის და რა არის თქვენი მიზანი კონკრეტულ მატჩში?
- ილიცა მილუტინოვიჩი: დიახ, საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრაა, თუმცა ვერ ვიტყვი რომ განსაკუთრებით დიდი დატვირთვით ვვარჯიშობთ. დღის დიდ ნაწილს დარბაზში ვატარებთ და ვმუშაობთ სტრატეგიის დახვეწაზე. მიუხედავად იმისა, რომ "არმია" ძლიერი მეტოქეა, მიმანია, რომ სწორი თამაშით მისი დამარცხების რეალური შანსი გვაქვს.

ჩვენ არ ვითვლებით მატჩის ფავორიტებად და პრინციპში ამას არც არავინ მოითხოვს. არ ვართ გარკვეული წნეხის ან სტრესის ქვეშ. ჩვენ ჩვენს თამაშს ვაჩვენებთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კარგი და სანახაობრივი მატჩი გამოვიდეს. ბურთი მრგვალია და არასდროს იცი საით გაგორდება.

- ნიკიცა სლიუკა: ბევრს ვვარჯიშობთ და მატჩისთვის ვემზადებით. ვფიქრობ,ნამდვილად შეგვიძლია მათი დამარცხება. შეიძლება "არმია" გამოკვეთილი ფავორიტია, მაგრამ ჩვენ უფრო ძლიერები ვართ და აუცილებლად შევძლებთ გამარჯვებას.

- ნიკოლა ტუტუსი: "არმიამ" ევროჩელენეჯზე ითამაშა და საკმაოდ დიდი გამოცდილებაც მიიღო, თუმცა მიმაჩნია, რომ სწორი თამაშის ხარჯზე მისი დამარცხება სავსებით შესაძლებელია. ჩვენმა გუნდმა ჩინებულად იასპარეზა "დინამოსთან". ასეთი თამაშის წყალობით ჩვენი დამარცხება იოლი ნამდვილად არ იქნება.

- ივო ჰოგერი: საერთოდ არ ვღელავ. ჩვენ თავისუფად შეგვიძლია მათი დამარცხება თუკი გუნდურად ვითამაშებთ და კარგ კალათბურთს ვაჩვენებთ.

- არმის ყველაზე ძლიერ მხარედ რა მიგაჩნიათ და რაზე გააკეთებთ აქცენტს ამ მატჩში?
- ილია მილუტინოვიჩი: ნებისმიერ თამაშში ყველაზე მნიშვნელოვანი დაცვაში კარგად თამაშია. რაზეც მაქსიმალურად ვიქნებით კონცენტრირებულნი. "არმია" ძალიან კარგი გუნდია და ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა მოგვიწევს.

- ნიკოლა ტუტუსი: ისინი მაღალი კლასის კალათბურთს თამაშობენ და ეს "ევროჩელენჯზეც" გამოჩნდა. "არმია" გამოცდილი და ძლიერი მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდია. ამ მატჩში ჩვენი მთავარი მიზანი გამარჯვება იქნება, თუნდაც ერთი ქულით.

- როგორ ფიქრობთ, არმიის გუნდის წამყვანი ფიგურა რომელი მოთამაშეა?
- ილიცა მილუტინოვიჩი: "არმიის" ყველა მოთამაშე ერთმანეთთან ჩინებულადაა შეთამაშებული, ისინი აქტიურად თამაშობენ და ვფიქრობ, რომ ჩვენ არა ვინმე კონკრეტული მოთამაშის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში არამედ მთლიანად გუნდის წინააღმდეგ. მთავარია, მათი შეტევები მოვიგერიოთ, დაცვაში კარგად ვითამაშოთ და სწრაფი კონტრშეტევები განვახორციელოთ. აღვნიშნავდი "არმიის" ახალ მოთამაშე ბენჟამენ ვუდსაიდს, რომელიც საკმაოდ სწრაფია. სათამაშო 40 წუთიდან ორმოცივე დაძაბული იქნება ჩვენთვის და ამიტომ მატჩზე მაქსიმალური კონცენტრაციის მოხდენა მოგვიწევს.

- როგორ შეაფასებთ სუპერლიგის მიმდინარე სეზონის პირველ წრეს?
- ილიცა მილუტინოვიჩი: ჩვენ ყველა გუნდთან მოგვიწია თამაში და ვფიქრობ, რომ მეტ-ნაკლებად გავამართლეთ ის მოლოდინი რომელიც ჩვენს მიმართ არსებობდა.

- ნიკიცა სლიუკა: სეზონის პირველ და მეორე ნაწილს შორის ძალიან დიდი განსხვავება იქნება. გუნდებმა ბევრი ძლიერი მოთამაშე დაიმატეს და შესაბამისად, მეორე წრე ბევრად უფრო საინტერესო და დაძაბული გამოვა.

- ივო ჰოგერი: ყველაფერმა საკმაოდ კარგად ჩაიარა. როგორც პირადად ჩემთვის, ასევე ჩვენი გუნდისთვის. ვფიქრობ, რომ ფინალამდეც მივალთ.

- მიმდინარე სეზონში რომელი თამაში იყო ყველაზე რთული ?
- ილიცა მილუტინოვიჩი:პირადად ჩემთვის ყველაზე რთული პირველი თამაში იყო. ამის მიზეზი ისაა, რომ ახალი ჩამოსული ვიყავი, 7 საათი ვიმგზავრე და მხოლოდ 4 საათი მეძინა. რაც შეეხება გუნდს, ალბათ ყველაზე მეტად "ქუთაისთან" გაგვიჭირდა, როდესაც გიორგი გამყრელიძე მოედნიდან გააძევეს.

არ გაგვიმართლა და დაძაბულ მატჩში მარცხი ვიწვნიეთ. საკმაოდ ბევრი შეცდომა დავუშვით, თავიდან თამაში ჩვენი უპირატესობით დაიწყო რაც ვერ შევინარჩუნეთ, სუსტად ვითამაშეთ და ალბათ ამის მიზეზი ის იყო, რომ ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მოთამაშე გაგვიგდეს მოედნიდან.

- წინა ტურში სამედიცინოსთან ითამაშეთ, რომელიც ამ მატჩში ფავორიტად არ მიიჩნეოდა... რას იტყვით ამ შეხვედრასთან დაკავშირებით?
- ილიცა მილუტინოვიჩი:ვერ ვიტყვი რომ სამედიცინო სუსტი გუნდია. ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული და ორი ლეგიონერიც ირიცხება მათ რიგებში. მოთამაშეები ერთმანეთში ჩინებულად არიან შეთამაშებულნი. ნამდვილად არ ყოფილა იოლი თამაში, ისინი საკმაოდ დიდ წინააღმდეგობას გვიწევდნენ.

- ნიკოლა ტუტუსი: კარგი თამაში გამოვიდა. გამყრელიძემ შესანიშნავი პასი მომცა და კარგი კომბინაცია გამოგვივიდა, ჩინებულად შევთამაშდით.

- ქართულ კალათბურთზე რას ფიქრობთ?
-
ილიცა მილუტინოვიჩი:სიმართლე გითხრათ სანამ აქ ჩამოვიდოდი, ქართულ კალათბურთზე ბევრი არაფერი ვიცოდი. თქვენი ნაკრების თამაშები ტელევიზიით მქონდა ნანახი და ვიცოდი ვინ იყო ზაზა ფაჩულია, რომელიც NBA-ში თამაშობს. როცა აქ ჩამოვდიოდი ზუსტად არ ვიცოდი რისი მოლოდინი უნდა მქონოდა მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი კარგადაა. მე მომწონს კალათბურთის დონეც მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამაა დასახვეწი. საკმაოდ კარგი ლიგაა ძლიერი გუნდებითა და ძლიერი მოთამაშეებით. ქართული კალათბურთი აშკარად წინ მიდის, თქვენ "ევრო ჩელენჯზეც" ითამაშეთ, ეს კი უკვე წინ გადადგმული სერიოზული ნაბიჯია.

- ნიკიცა სლიუკა: ქართულ კალათბურთზე ბევრი არაფერი ვიცოდი, მხოლოდ ის რომ წელს პირველად მონაწილეობდით "ევრო ჩელენჯზე".

- ნიკოლა ტუტუსი: აქამდე არაფერი ვიცოდი არც სანაკრებო და არც ლიგის დონეზე. კალათბურთის დონე სულ უფრო და უფრო მატულობს საქართველოში და ეს ძალიან მახარებს.

- ივო ჰოგერი: ქართული კალათბურთი საკმაოდ ჩქარი ტემპებით ვითარდება. აქ ბევრი უცხოელი მოთამაშეა ჩამოსული, თუმცა საზღვარგარეთაც ასპარეზობენ ქართველი ლეგიონერები, თან საკმაოდ წარმატებულად. ვფიქრობ, რომ ეს უკვე ბევრს ნიშნავს.

- როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია ქართულ კალათბურთში წინსვლა?
- ილიცა მილუტინოვიჩი: რა თქმა უნდა ეროვნული ნაკრების წარმატებამ ევროპის ჩემპიონატზე. თქვენ ჩინებული ნაკრები გყავთ. იგორ კოკოშკოვის გუნდი ძლიერი და ნიჭიერი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. ფაქტია, რომ ქართველ ახალგაზრდებს აქვთ ტალანტი და ყველა შესაძლებლობა უკეთესი შედეგისთვის, უბრალოდ ბევრად მეტი მუშაობაა საჭირო. ბუნებრივია რომ სუპერლიგაში ლეგიონერების რაოდენობის ზრდამაც გარკვეული წვლილი შეიტანა კალათბურთის წინსვლაში.

- ნიკიცა სლიუკა: უცხოელი მოთამაშეების სიმრავლე ხელს უწყობს კალათბურთის განვითარებას და კლასის ამაღლებას.

- გუნდის სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
- ილიცა მილუტინოვიჩი: იანვარში გავივლით შეკრებას ხორვატიაში, 4 რიცხვში გავემგზავრებით. ცოტას დავისვენებთ და ბევრს ვივარჯიშებთ.

- ნიკიცა სლიუკა: ხორვატიაში 4 თამაში გველის საკმაოდ ძლიერ გუნდებთან, რომელთაგანაც ერთ-ერთი ევროლიგაში თამაშობს, დანარჩენები კი საშუალო დონის კლუბებია. ამხანაგური მატჩები გამოცდილებას შეგვძენს და სათანადოდ მოგვამზადებს სეზონის მეორე წრისთვის.

- "ოლიმპში" თავს როგორ გრძონთ, როგორი ატმოსფეროა გუნდში?
- ილიცა მილუტინოვიჩი: თავიდან იყო ისეთი რაღაცები რაც არ მომწონდა ან ვერ ვეგუებოდი, მაგრამ ეს ყოველთის ასეა როდესაც გარემოს იცვლი. დღეს უკვე ძალიან კარგად ვგრძნობ თავს გუნდში, მშვენივრად მოვეწყვე და კმაყოფილი ვარ. არაჩვეულებრივი თანაგუნდელები მყავს. შესანიშნავი ბიჭები არიან და მათთან ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. ყველასთან მაქვს კონტაქტი და ნელ-ნელა ერთი ოჯახივით ვხდებით. ვფიქრობ, ხორვატიის შეკრება ამას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. გუნდში ნამდვილად კარგი გარემოა. მოედანზეც მშვენივრად ვეწყობით ერთმანეთს და არასათამაშო გარემოშიც კარგ დროს ვატარებთ ერთად.

- ნიკიცა სლიუკა: თავს კომფორტულად ვგრძნობ გუნდში. თქვენი ქვეყანა ძალიან მომწონს და ახალ გარემოსთანაც არ გამჭირვებია შეგუება. სხვადასხვა ქვეყანაში არაერთხელ მითამაშია და მიჩვეული ვარ ასეთ სიტუაციებს.

- რას იტყვით ასაკობრივ ჩემპიონატებზე, ჩვენ რამდენჯერმე გნახეთ აკადემიის დარბაზში თამაშებზე.

- ილიცა მილუტინოვიჩი: ჩემი თანაგუნდელები 20-წლამდელთა ჩემპიონატშიც ასპარეზობენ და საკმაოდ წარმატებულადაც. მაგალითად ერთ-ერთ თამაშზე რომელსაც მეც დავესწარი ლუკამ (ავტ. ლუკა მინაშვილი) 30 ქულა მიითვალა, რომელსაც ყველანი ვაქებდით და კობის ვეძახდით... იცით ასაკობრივი ჩემპიონატები ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი თაობისთვის და კალათბურთელების აღსაზრდელად. მე თვითონ ვთამაშობდი გერმანიის ასაკობრივ ჩემპიონატში, სადაც უამრავი რამ ვისწავლე და დიდი გამოცდილებაც მივიღე. ძალიან მიხაროდა რომ გერმანიაში მოვხვდი.

- თავისუფალ დროს რითი ერთობით თბილისში?
- ილიცა მილუტინოვიჩი: თბილისი საკმაოდ დიდი ქალაქია და მეტ-ნაკლებად მოვახერხე მისი დათვალიერება. ქალაქი ძალიან მომეწონა და გასართობი ადგილიც უამრავია, თუმცა არ შემიძლია განსაკუთრებით არ გამოვყო ქართველი ხალხი, რომელიც ძალიან თბილი და მზრუნველი ერია. ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ, მაგრამ ასეთი ღია და კეთილი ხალხი არსად შემხვედრია. ჩემთვის ეს ნამდვილი სიურპრიზი იყო. ძირითადად თავისუფალ დროს ნიკოლასთან და ნიკიცასთან ერთად ვატარებ. გასართობადაც დავდივართ ხოლმე თუმცა დროის უმეტეს ნაწილს მაინც სახლში ვატარებთ, ვარჯიშებზე ძალიან ვიღლებით და ძირითადად შინ ვისვენებთ, ვუყურებთ ტელევიზორს, ან ვიდეო თამაშებითა და სოციალური ქსელებით ვირთობთ თავს. ძალიან მინდა მცხეთის დათვალიერება და იმედია აუცილებლად მომეცემა ამის საშუალება.

- ნიკიცა სლიუკა: ძირითადად სახლში ვართ, ზოგჯერ სადმე ბარში ან კაფეში მივდივართ, ზოგჯერ კი უბრალოდ ქალაქს ვათვალიერებთ. ჩემთვის ეს ქვეყანა ძალიან უცნაურია იმიტომ რომ ყველანაირად განსხვავდება ჩემი სამშობლოსგან.

- ივო ჰოგერი: ძირითადად სახლში ვართ ხოლმე, მაგრამ მაინც საკმაოდ კარგად ვერთობით. თბილისში ყველაზე მეტად მაღაზიებში სიარული მიყვარს. სხვათაშორის, ამას წინათ მცხეთაში ვიყავი და ძალიან მომეწონა.

- (ივო ჰოგერს) რატომ გადაწყვიტე კალათბურთის თამაში, სიმაღლის გამო ხომ არა?
- 15 წლამდე ფეხბურთს ვთამაშობდი, თუმცა მერე სიმაღლის გამო გადავწყვიტე კალათბურთით დავკავებულიყავი. ჩემი ოაჯხის წევრებიდან არავინ თამაშობდა კალათბურთს. ბაბუა მყავდა ძალიან მაღალი (2.25 მეტრი) და მას დავემსგავსე.

- კალათბურთში თქვენს ძლიერ და სუსტ მხარეებზე რას იტყვით?
- ნიკოლა ტუტუსი: ჩემი სუსტი მხარე ალბათ ისაა, რომ თამაშის დროს ბევრს ვფიქრობ, რაც ხშირად მიშლის ხელს და კიდევ ტრავმიანობას ხშირად ვუჩივი.

- ივო ჰოგერი: ალბათ ის რომ ნელი ვარ და ეს ჩემი სიმაღლის ბრალია.

- რომელია თქვენი საოცნებო კლუბი?

- ილიცა მილუტინოვიჩი: მსურს ჩემი ქვეყნის ნაკრებში ვითამაშო, ვთვლი რომ ყველა კალათბურთელისთვის ეს უდიდესი მიღწევაა.

- ნიკიტა სლიუკა: არსებითი მნიშვნელობა არ აქვს რომელ გუნდში ვითამაშებ, მთავარია კარგად ვითამაშო და კლუბში თავს კარგად ვგრძნობდე კომუნიკაციის თვალსაზრისით. ამჟამად ჩემთვის მთვარი მიზანი ამ ჩემპიონატის მოგებაა.

- ჰობი გაქვთ?

- ნიკიცა სლიუკა: კი, გიტარაზე ვუკრავ და ვმღერი.

- ნიკოლა ტუტუსი: მუსიკა და ძილი, ძალიან მიყვარს ბილიარდის თამაში.

- საახალწლოდ რა გეგმები გაქვთ?
- ილიცა მილუტინოვიჩი: ნაძვის ხე მექნება აუცილებლად, წელს პატარა ბავშვივით მიხარია ეს დღესასწაული. პირველი წრის დასრულების შემდეგ შინ დავბრუნდები და შეკრებამდე იქ დავრჩები. სამწუხაროდ, საშობაოდ ვერ ვიქნები ოჯახთან, თუმცა იმითაც ბედნიერი ვარ რომ ახალ წელს მათთან ერთად გავატარებ. 6 წელია ოჯახთან ერთად არ შევხვედრივარ დღესასწაულებს.

- ნიკიცა სლიუკა: ახალ წელს სახლში, ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად გავატარებ. საშობაოდ უკვე შეკრებაზე ვიქნებით. ოჯახი ძალიან მომენატრა, 2 თვეა არ მინახავს ისინი და მიხარია რომ ტრადიციულად მთელი ოჯახით აღვნიშნავთ ამ დღესასწაულს.

- რჩეული თუ გყავთ?
- ნიკიცა სლიუკა: დიახ, მაგრამ ის საქართველოში არ არის. ჩემი რჩეულიც კალათბურთელია და სხვა ქვეყანაში თამაშობს. შესაბამისად, ჩემთან აქ ვერ ჩამოვა. დაოჯახებას 2-3 წელიწადში ვგეგმავთ, თუმცა გადაჭრით ვერ გეტყვით, შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს.

- ივო ჰოგერი: თოთხმეტი წლიდან სულ ვმოგზაურობ და დიდად არ მიჭირს, მიჩვეული ვარ ასეთ ცხოვრებას. რა თქმა უნდა მენატრება ჩემი ოჯახი და ვნახულობ ხოლმე მათ როცა ამის საშუალება მეძლევა. შვილი მყავს, მეუღლეს კი გაშორებული ვარ.

- ნიკოლა ტუტუსი: შინ, მეუღლესთან და შვილთან ვბრუნდები. მათთან ერთად ვაპირებ აღვნიშნო ეს დღესასწაულები. ივლისში 2 წელი გახდება რაც დავოჯახდით. ძალიან მიჭირს მათ გარეშე ყოფნა, თუმცა მეორე წრისთვის ისინი ჩემთან ერთად იქნებიან საქართველოში და ყველაფერი კარგად იქნება.

superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული