ზაზა ფაჩულია: იგორ კოკოშკოვი იმიტომაცაა დასაფასებელი, ჩვენს ხასიათს რომ უძლებს

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიამ გასულ კვირას "ტორონტოსთან" მატჩისას სეზონის ორი რეკორდი დაამყარა: 13 ქულა და 4 პასი მოაგროვა, გუშინ კიდევ ორი საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა - 14 მოხსნა და 38 წუთი. რაც მთავარია, საქართველოს ნაკრების 27 წლის კაპიტანი NBA-ს წარმატებული გუნდის წევრია - "ატლანტა ჰოქსი" აღმოსავლეთის კონფერენციაში სადღეისოდ მეორეა, ბოლო შვიდიდან ექვსი მატჩი მოიგო. საყურადღებო დეტალი: სწორედ ბოლო 7 მატჩია, რაც ფაჩულიას სათამაშო დრო 20 წუთს ასცდა.

ამ თემით დავიწყეთ ინტერვიუ ზაზასთან, რომელსაც სან ანტონიოში დავუკავშირდით ("ატლანტასთან" ერთად აეროპორტიდან სასტუმროსკენ ავტობუსით მიემგზავრებოდა).

-
ბოლო მატჩებში სათამაშო დრო საგრძნობლად მომემატა, რაც სტატისტიკაზეც დადებითად ისახება. დროის გაზრდა მნიშვნოლოვნად განაპირობა სასტარტო ცენტრის ელ ჰორფორდის ტრავმამ, რომელსაც ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

ელი გუნდისთვის დიდი დანაკლისია, ჩემი უახლოესი მეგობარია და მისი ტრავმა ჩემთვისაც ძალიან დასანანი იყო. სამწუხაროდ, ტრავმა ყველა სპორტსმენის კარიერის ნაწილია, ვერავინ გაექცევა. ამის გამო ხასიათის შეცვლა და დანებება არ ეგების, წინ მარათონული სეზონია და ჰორფორდის გარეშე უნდა შევძლოთ წინსვლა. მითუმეტეს, რომ ტრავმებთან დაკავშირებული პრობლემები სხვა გუნდებშიცაა.

- ბოლო მატჩებში სეზონის არაერთი რეკორდი დაამყარე.
- ამის მიზეზი ისევდაისევ სათამაშო დროის გაზრდაა. 15 წუთში ძნელია შესაძლებლობების სრულად წარმოჩენა, ასეთ მოკლე დროში ვერც ორმაგ დუბლს შეასრულებ თუ სასწაული არ მოხდა. სასწაულები კი, ძალიან იშვიათად ფიქსირდება. ბოლოს "მილუოკისთან" 38 წუთი ვითამაშე და გუნდისთვის მაქსიმუმი გავიღე. "ატლანტაში" რომ გადმოვედი (2005 წელს) თავიდან საშუალოდ 30-32 წუთს ვთამაშობდი, ბოლო ორი წლის განმავლობაში კი ეს მაჩვენებელი 10-15 წუთამდე შემცირდა, სათადარიგო ვიყავი. მიმდინარე სეზონში კი შანსი მომეცა და ვცდილობ ბოლომდე გამოვიყენო.

- "ატლანტას" თამაშების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ითქვას, ოპტიმალურ ფორმაში ხარ.
- გეთანხმები. ნორმალურ კონდიციებში ვარ რაც საქართველოს ნაკრებისა და თურქული "გალათასარაის" დამსახურებაა: სანაკრებო მატჩების შემდეგ ერთი თვე კი დავისვენე, მაგრამ რადგან აგვისტოსა და სექტემბრის დასაწყისში კარგად ვიყავი ნავარჯიშები, ფორმის აღდგენა არ გამჭირვებია. NBA-ს დაწყებამდე "გალათასარაიში" ვითამაშე და ამერიკაში სასურველ კონდიციებში ჩამოვედი.

ატლანტა
- რით განსხვავდება წლევანდელი "ატლანტა" გასული წლების გუნდისგან?
- რაც ჯორჯიის შტატში ვარ, ასეთი კარგი გუნდი ჯერ არ გვყოლია. შემადგენლობაში ბევრი გამოცდილი კალათბურთელია, მთავარი კი ბირთვია, რომელიც 5-6 წელია არ შეცვლილა. ამაშია წარმატების საიდუმლო.

- ალბათ, შარშანდელი შედეგის გაუმჯობესებას შეეცდებით.
- გასული სეზონი "ატლანტასთვის" ბოლო წლებში ყველაზე წარმატებული იყო - პლეი ოფის ორი ბარიერი დავძლიეთ და "ჩიკაგოსთან" კონფერენციის ნახევარფინალში 2:4 დავმარცხდით. "ჰოქსს" როგორც პერსპექტიულს აღარავინ უყურებს - ყველა ელიტარულ გუნდად მიიჩნევს, რაც გამოცდილებამ და შედეგებმა განაპირობა. ვიმედოვნებ ქომაგთა იმედებს ბოლომდე გავამართლებთ.

საქართველო
- ამერიკიდან საქართველოში გადმოვინაცვლოთ. ჩვენი ნაკრების მეტოქეებზე გკითხავ.
- შეიძლება წილისყრას უფრო ძლიერი მოწინააღმდეგეები ერგუნებინა, მაგრამ არც ესენი არიან სუსტები. ლატვიასა და ბოსნიასთან მძიმე ბრძოლები გველის როგორც სტუმრად, ასევე საქართველოში. არც ჰოლანდიასა და რუმინეთთან შეიძლება მოედანზე მოდუნებით გასვლა.

ამას დღეს არავინ არავის ჰპატიობს. ასე რომ საინტერესო ზაფხული და სერიოზული გამოცდა გველის. საქართველოს ნაკრების სიტუაცია "ატლანტასას" მაგონებს: "ჰოქსთან" ერთად პლეი ოფში პირველად 4 წლის წინათ მოვხვდი და მაშინ შევიგრძენი ნამდვილი თამაშის გემო. მას მერე გუნდთან ერთად ბევრს ვცდილობ, რათა საპლეიოფო ბატალიებს არ გამოვაკლდე.

საქართველოს ნაკრებს დიდი ხნით მოუწია მოცდა ვიდრე ევროპის ჩემპიონატს მიაღწევდა. ევრობასკეტზე ბოლოსდაბოლოს 2011 წელს ვითამაშეთ, რაც საოცარი შეგრძნება იყო.

ყველა აღიარებს ამ მოვლენის ისტორიულობას, მეც ვეთანხმები, მაგრამ არ მინდა ეს ამბავი ისტორიაში ერთ გამონათებად დარჩეს - მაქსიმუმს გავიღებ, რომ ევროპის ჩემპიონატზე გამოჩენის სიამოვნება კიდევ ერთხელ განვიცადო, ისევე როგორც ნაკრების ყველა წევრმა და გულშემატკივრებმა.

არავინ იცის, ხვალ რა შეიცვლება, როგორი თაობა მოვა, ამიტომ გვინდა, სანამ ნაკრებში ვართ, ევრობასკეტზე მოხვედრის შანსი ხელიდან ერთხელაც არ გავუშვათ და ჩვენს ხალხს რაც შეიძლება მეტი სიხარული მოვუტანოთ. მოთმინებით ველი ზაფხულს და სანაკრებო შეკრებას. მთავარია, გუნდის ყველა წევრი ნაკრების მატჩებს ჯანმრთელად შეხვდეს.

- გასული ზაფხული გამონაკლისი იყო - ტრავმის გამო არავინ გვაკლდა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას...
- მე და გიორგი ცინცაძემ ისეთი დაზიანებები მივიღეთ, რომ ევრობასკეტზე ნაკრებს ვეღარ დავეხმარეთ. როცა ასეთ საქმესთან ხარ შეჭიდებული, ტრავმის ალბათობაც არსებობს. კარგი იქნებოდა, არ დავშავებულიყავით, მაგრამ ტრავმებს ვერც ჩვენ გავექეცით.

- ამერიკაში ევროპის ჩემპიონატის არაერთი მონაწილე თამაშობს. მათთან ევრობასკეტის შესახებ ხომ არ გილაპარაკია?
- "ტორონტოსთან" ერთად "ატლანტაში" ესპანელი კალდერონი იყო ჩამოსული. გაკვირვებულმა მკითხა - საქართველოს ასეთი ნაკრები თუ ჰყავდა, აქამდე სად იყოო? ევრობასკეტზე ჩვენი გუნდის კარგი თამაში ბევრისთვის დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა.

- გუნდები ორ დივიზიონად რომ არ დაეყოთ, ევროპის პირველობაზე შესაძლოა უფრო ადრეც გეთამაშათ.
- ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ გარკვეულ სიმაღლემდე ასვლას დრო და ბევრი შრომა სჭირდება.

კოკოშკოვი
- ნაკრების მწვრთნელ იგორ კოკოშკოვს კონტრაქტი გაუხანგრძლივეს. როგორ აფასებ ამ მოვლენას?
- ასეც უნდა მომხდარიყო, რადგან საქართველოში ჩამოსვლის პირველივე დღიდან გულიანად მუშაობდა და გუნდი წლიდან წლამდე პროგრესირებდა.

ასეთ დროს მწვრთნელის შეცვლა გაუმართლებელია. გამოგიტყდებით, იგორ კოკოშკოვთან მუშაობა ძალიან მსიამოვნებს, ბევრსაც ვსწავლობ და კარგია, როცა გუნდის წინსვლას გრძნობ. ვფიქრობ, ნაკრების ახალგაზრდა წევრებისთვისაც სასიამოვნოა კოკოშკოვთან თანამშრომლობა. ვთვლი, მისი დარჩენა სწორი ნაბიჯი იყო. კონტრაქტის გახანგრძლივების ამბავი რომ გავიგე, დავურეკე და საკუთარი შეხედულება გავუზიარე.

- მაინც რა შეიძლება ჩაითვალოს იგორ კოკოშკოვის მთავარ პლუსად?
- რამდენი ადამიანიცაა, იმდენნაირი აზრია. ქართველები სხვა ერისგან განსხვავებულები ვართ. შეიძლება ითქვას, რთული ხასიათისანი ვართ. მეც ქართველი ვარ და გამონაკლისი არ გახლავართ. ჰოდა, ჩვენს ხასიათს რომ უძლებს, იგორ კოკოშკოვი ამიტომაცაა დასაფასებელი.

დასამალი არაფერია, საქართველოს ნაკრებშიც ყოფილა რთული დღეები, შეუთანხმებლობა. ეს არაა გასაკვირი, უთანხმოება ყველგან ხდება, "ბარსელონაშიც" და "რეალშიც". მთავარია, მისი სწორად დანახვა და აღმოფხვრა. მწვრთნელის სახით ჩვენს ნაკრებსაც ჰყავს ლიდერი, რომელიც რთულ სიტუაციაში სწორი ნაბიჯებით კარგად მართავს სიტუაციას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული