შეხვედრა აკადემიის დირექტორმა ხატია დეკანოიძემ გახსნა:
- გუნდის ახალ თავკაცს ოპტიმალური მიზანი დავუსახეთ: დისციპლინირებული, ძლიერი გუნდის ჩამოყალიბება, ისეთის, როგორიც შსს-ს აკადემიას ეკადრება. ბატონმა გიორგიოსმა გუნდი უკვე ნახა, აქვს შენიშვნები. მას ბოლომდე ვენდობით და იმედი გვაქვს, რომ მოლოდინს გაამართლებს.
შსს-ს საკალათბურთო გუნდის გენერალურმა დირექტორმა ლევან მიქაბერიძემ შემადგენლობაზე ილაპარაკა:
- ვიდრე კონტრაქტებს არ გავაფორმებთ, ახალწვეულთა ვინაობას ვერ გაგანდობთ. წინასწარ შემიძლია აღვნიშნო, რომ სამი კალათბურთელი დაგვემატება. გაჩნდა არაერთი კითხვა გუნდიდან წასულ კალათბურთელებთან დაკავშირებით. რობო
ალბათ, დაგვეთანხმებით, ჯეფრი მაკქემონი ბოლომდე ვერ გაიხსნა, ამიტომ მასთან კონტრაქტის გაწყვეტა გადავწყვიტეთ. ლეგიონერებისგან ქართველებთან შედარებით ორჯერ მეტს ველით. სწორედ ასეთ შემთხვევაში, მათ გვერდში სათანადოდ აღიზრდებიან ახალგაზრდა კალათბურთელები. რაც შეეხება ჟულივეტ ტუჯანს, იგი "რუსთავში" გავანათხოვრეთ, რაც სუპერლიგისთვისაც კარგი იყო და თავად კალათბურთელისთვისაც, რადგან გადაწყვეტილი გვაქვს ახალგაზრდა ბექა ბექაურს მეტი შანსი მივცეთ. კონკურენციის პირობებში კი ტუჯანს სათამაშო დრო შეეზღუდებოდა.
ბოლოს შსს-ს მთავარ მწვრთნელ გიორგიოს კეცელიდისს მოვუსმინოთ:
- საქმეს შუა სეზონიდან შევუდექი. ამიტომ, ვერ ვიტყვი, რომ პლეი ოფებს 100 პროცენტით მომზადებულები შევხვდებით, თუმცა არჩილ ჟღენტიც დამეხმარება და ვეცდები მაქსიმალური შედეგი ვუჩვენოთ. ყველაფერი დაცვით იწყება. ამიტომ, ჩემი გუნდიც ამ კომპონენტში უნდა იყოს გამორჩეული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"