ფიბა-ს ინსტრუქტორმა საქართველოში ვიზიტი შეაფასა

AutoSharing Option
ფიბა-ს ინსტრუქტორმა ვიქტორ მასიმ გუშინ ქართველ მსაჯებს, კომისრებსა და მატჩების მომსახურე მდივნებს მორიგი სემინარი ჩაუტარა. რის შემდეგაც პრესკონფერენცია გაიმართა.

ბესიკ ლიპარტელიანი (კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი):

- მართალია, გვყავს მაღალი დონის მსაჯები და კომისრები, მაგრამ მათთვის პერიოდულად ასეთ სემინარებში მონაწილეობა აუცილებელია. ჩვენი სტუმარი გამოცდილი ადამიანია და ქართველ კოლეგებს გამოცდილებას გაუზიარებს, ასევე შეაფასებს საერთო მდგომარეობას და განსაზღვრავს მომავალში რა უნდა გაკეთდეს.

ირაკლი სამყურაშვილი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი):

- კალათბურთი პრიორიტეტული სპორტის სახეობაა, სახელმწიფო პროგრამით ფინანსდება და განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.
სუპერლიგის გათამაშება კი საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული პირველობაა. გვყავს რამდენიმე ევროპული დონის კლუბი და ჩემპიონატი სულ უფრო საინტერესო ხდება, რასაც ძლიერი, გამოცდილი მსაჯები და კომისრები სჭირდება. სწორედ ამიტომ, მსგავსი სემინარების ჩატარება ქართველი მსაჯების და კომისრებისთვის აუცილებელია.

ვიქტორ მასი:
- მადლობა საქართველოს კალათბურთის ფედერაციას მოწვევისთვის. ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან თანამშრომლობა. მსაჯების დონის ამაღლება სასურველი და მნიშვნელოვანია. სემინარის მიზანიც ეს არის. მართალია, ქართველი არბიტრების რიცხვი დიდი არ არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში მსაჯების რაოდენობაც და მათი ცოდნის დონეც საგრძნობლად მოიმატებს. ადრე რთული იყო კვალიფიკაციის მოკლე დროში ამაღლება, ახლა ამ მხრივ განსხვავებული ვითარებაა. თანამედროვე ტექნოლოგიებმა ეს პროცესი საგრძნობლად გააიოლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული