გიორგიმ პირველი მატჩი 31 მარტს "ოლიმპის" შემადგენლობაში "დინამოს" წინააღმდეგ ჩაატარა, მოედანზე 24 წუთი დაჰყო და ორმაგ დუბლამდე ერთი პასი დააკლდა: 11 ქულა, 9 შედეგიანი გადაცემა.
- იმასთან შედარებით, რასაც მოველოდით, იოლი მატჩი გამოდგა. თუმცა ჩვენს სასარგებლოდ დიდი სხვაობა იმიტომაც დაფიქსირდა, რომ 40 წუთის განმავლობაში ბოლომდე ვიბრძოლეთ, კონცენტრაცია არ დაგვიკარგავს.
25 წლის გამთამაშებელი
- თავიდან ცოტა ვნერვიულობდი, შვიდთვიანი შესვენების შემდეგ ხომ პირველ მატჩს ვატარებდი. თუმცა მალე ყოველგვარი დაძაბულობა მომეხსნა და თავისუფლადაც ავთამაშდი.
ლოგიკურია, იგი ოპტიმალურ ფორმაში ვერ იქნება. საინტერესოა, კონდიციების სრულად აღსადგენად დაახლოებით რა დრო დასჭირდება.
- შეიძლება ითქვას, ფიზიკურად 90 პროცენტითა ვარ მზად, თუმცა ლოგიკურია, რომ სათამაშო გამოცდილება მაკლია. ჯერ მხოლოდ პირველი შეხვედრა ჩავატარე, ნელ-ნელა სათამაშო პრაქტიკაც შემემატება და ფორმაშიც ჩავდგები.
ცინცაძე საქართველოს ჩემპიონატში 2002 წელს გამოჩნდა, 2003-ში "ბათუმში" გადავიდა და ფინალური სერიაც დამაჯერებლად ითამაშა. სწორედ 2003-ში ჩაეყარა საფუძველი ჩვენს გამოკითხვას და ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელად 17 წლის ცინცაძე დასახელდა (მინიმალური სხვაობით აჯობა "დინამოს" ამჟამინდელ თავკაც ირაკლი ხოშტარიას).
მომდევნო სეზონი გიორგიმ მოსკოვის ცსკა-ში დაიწყო. 2005 წელს საქართველოში რამდენიმე მატჩით დაბრუნდა, მაგრამ თბილისის "დინამოდან" მოსკოვის "დინამოში" ოქტომბერში გადავიდა. 2010 წელს საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი კიდევ ერთხელ გამოჩნდა საქართველოში - აგრარული უნივერსიტეტის გუნდთან ერთად საქართველოს თასი მოიგო და ისევ უცხოეთს მიაშურა (კარიერა პოლონეთის "სოპოტში" განაგრძო).
საინტერესოა, გიორგი ცინცაძე რა სხვაობას ხედავს ძველსა და წლევანდელ საქართველოს ჩემპიონატებს შორის...
- აქ დიდი ხნის წინათ ვთამაშობდი. მაშინ ბევრი ერთნაირი ძალის გუნდი იყო და თამაშებიც უფრო თანაბრად მიმდინარეობდა. თუმცა წლეულს სუპერლიგაში არაერთი ძლიერი ლეგიონერია და შედარებით კარგი პირველობაც გვაქვს, შეიძლება ითქვას - ბოლო წლებში საუკეთესო.
დოსიე
გიორგი ცინცაძე
"ოლიმპი"
დაიბადა: 07.02.1986
სიმაღლე: 192 სმ
ამპლუა: უკანახაზელი
კარიერა
2001-02 აკადემია (თბილისი)
2003 ბასკო (ბათუმი)
2003-04 ცსკა (რუსეთი)
2004 სამარა (რუსეთი)
2005 ურალ გრეიტი (რუსეთი)
2005 დინამო (თბილისი)
2005 დინამო (რუსეთი)
2006-09 ტარტუ როკი (ესტონეთი)
2009 ტრიკალა (საბერძნეთი)
2009-10 დონეცკი (უკრაინა)
2010 აგრარული (თბილისი)
2010 სოპოტი (პოლონეთი)
2010-11 ტარტუ როკი (ესტონეთი)
2012 ოლიმპი (თბილისი)
მიღწევები
2002-03 საქართველოს პირველობის საუკეთესო კალათბურთელი (აკადემია/ბასკო)
2003-04 რუსეთის ჩემპიონი (ცსკა)
2005-06 უების თასის მფლობელი (დინამო, მოსკოვი)
2006-07, 2007-08 ესტონეთის ჩემპიონი (ტარტუ)
2008 ევროჩელენჯის საუკეთესო ევროპელი
2009 ესტონეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელი
2010 საქართველოს თასის მფლობელი (აგრარული)
2010 ბალტიის თასის გამარჯვებული (ტარტუ)
2010 ესტონეთის თასის მფლობელი (ტარტუ)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"