17 აპრილს ქუთათურები შეკრებაზე გადავიდნენ - დუშეთში ემზადებიან. გუნდში ერთი სიახლეცაა: შეკრების პირველი დღიდან "ქუთაისს" შეუერთდა სერბი ტანმაღალი კალათბურთელი დარკო კოჰადარევიჩი.
იგი 1986 წელსაა დაბადებული და 206 სმ სიმაღლისაა. სხვადასხვა დროს თამაშობდა სერბულ "სმედერევოში", "რადოვოე კორაჩში", სლოვენიურ "ზლატოროგსა" და ბერძნულ აეკ-ში. 2008-10 წლებში კი კოჰადარევიჩი ამერიკის კოლეჯების უმაღლეს ლიგაში "ტექსასის" ღირსებას იცავდა.
მიმდინარე სეზონი დარკომ საბერძნეთში
ახალწვეულისა და "ქუთაისის" მზადების პროცესზე მთავარ მწვრთნელ დავით უსტიაშვილს ველაპარაკეთ:
- "ბათუმთან" მატჩის შემდეგ ქუთაისში ვვარჯიშობდით. 17 აპრილს კი დუშეთში ჩამოვედით და ოლიმპიური მზადების ცენტრში გავდივართ წვრთნას. აქ 25 აპრილამდე დავრჩებით.
- დარკო კოჰადარევიჩი როდის შემოგიერთდათ?
- დუშეთში შეკრების პირველი დღიდან ჩვენთანაა. მაღალია, საკმაოდ გამოცდილი, კარგი კალათბურთელი ჩანს. იმედია, გუნდს მალე შეეწყობა.
- რადგან მიმდინარე სეზონში "ილისიაკოსში" თამაშობდა, ფორმაშიც უნდა იყოს...
- საბერძნეთში სეზონის დასრულების შემდეგ იგი შინ, სერბეთში დაბრუნდა, ცოტა დაისვენა და დღეს უკვე ჩვენთან ვარჯიშობს. პლეი ოფებისთვის კონდიციებს კიდევ უფრო გაიუმჯობესებს.
- მიმდინარე სუპერლიგაში რა მიზნებს ისახავთ?
- დღეისათვის მთავარი ყურადღება მეოთხედფინალებზე გვაქვს გადატანილი, ოთხეულში მოხვედრისთვის ვიბრძვით.
თუმცა ჯერ არც ის ვიცით, ვის დავუპირისპირდებით პლეი ოფის პირველ ეტაპზე. ყველაფერი რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურზე იქნება დამოკიდებული: ჩვენი უშუალო კონკურენტი "ოლიმპი" 20 აპრილს "არმიას" ეთამაშება. სწორედ ეს შეხვედრა გაარკვევს, მეორე ადგილს ჩვენ დავიკავებთ თუ ოლიმპელები.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"