"ოლიმპი" აკაკი დვალიშვილით გაძლიერდა

AutoSharing Option
საქართველოს 22-ე ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი "ოლიმპი" აკაკი დვალიშვილით გაძლიერდა. იგი გასულ სეზონში ჯერ "შსს აკადემიას" ღირსებას იცავდა, შემდეგ - "სამედიცინოსი".

მართალია, დვალიშვილი 1991 წელსაა დაბადებული და ახალგაზრდაა, მაგრამ საკმარისი გამოცდილება აქვს - იგი 16 წლის ასაკიდან საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში ასპარეზობდა.

შარშან 20-წლამდელთა გუნდთან ერთად ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. აკაკი, თორნიკე შენგელიას შემდეგ, გუნდის მეორე ბომბარდირი გახდა - საშუალოდ 29.9 წუთში 13.1 ქულასა და 7.2 მოხსნას აგროვებდა.

განვლილ საქართველოს ჩემპიონატში დვალიშვილმა "სამედიცინოში" 14 მატჩი ჩაატარა. მისი საშუალო მონაგარი ასე გამოიყურებოდა:
14.4 ქულა და 10.5 მოხსნა.

208 სმ სიმაღლის ფორვარდ-ცენტრთან საუბარი საკლუბო საკითხებით დავიწყეთ.

- "ოლიმპთან" კონტრაქტი გასულ კვირას გავაფორმე. ხელშეკრულების მიხედვით, გუნდში 2012-13 წლების სეზონის ბოლომდე დავრჩები.

- ცნობილია, რომ შენი გადაყვანა "რუსთავსაც" სურდა...
- ჩემი ყოფილი გუნდის, "რუსთავის" გარდა, "დინამოც" დაინტერესებული იყო და "სამედიცინოსაც" უნდოდა ჩემი დატოვება, მაგრამ საბოლოოდ "ოლიმპი" გადავწყვიტე. ოლიმპელები წლეულსაც მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებენ და იმედი მაქვს, მეც სათანადოდ დავეხმარები.

- გასულ სეზონში ორი წრე სხვადასხვაგვარად ჩაატარე...
- ჩემპიონატი "შსს აკადემიაში" დავიწყე. თამაში მიწევდა, თუმცა ლეგიონერების დამატების მერე არცთუ ბევრი. ამიტომ მიზანშეწონილი იყო "სამედიცინოში" გადასვლა, სადაც საკმარისი სათამაშო დრო მქონდა.

- შედეგით რამდენად კმაყოფილი ხარ?
- უკეთესადაც შეიძლებოდა გამოვსულიყავი, თუმცა მწვრთნელისა და თანაგუნდელების ხელშეწყობით, შესაძლებლობები მეტ-ნაკლებად კარგად გამოვავლინე. "სამედიცინოს" ხელმძღვანელობის მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.

- საქართველოს ეროვნულ გუნდში გამოგიძახეს. ნაკრების შეკრებამდე ინდივიდუალურად თუ ემზადებოდი?
- საქართველოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მხოლოდ ერთი კვირა დავისვენე. ვვაჯიშობ ფიზიკურადაც და ბურთთანაც.

- ნაკრებში გამოძახებას როგორ შეხვდი?
- ძალიან გამიხარდა. ეროვნულ გუნდში თამაში ყველა კალათბურთელის ოცნებაა. მოტივირებული ვარ, თავს არ დავზოგავ, რომ 12 კაცს შორის მოხვედრა დავიმსახურო და ნაკრებს გამოვადგე.

დვალიშვილი ოლიმპში (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული