ესეც ქალების "დრიმ თიმი"

AutoSharing Option
ქალთა კალათბურთი ერთ-ერთი იმ სახეობათაგანი იყო, სადაც პირდაპირ შეიძლებოდა მედლის მიცემა ამერიკის ნაკრებისთვის.

საფრანგეთმა ნახევარფინალში რუსეთის დამარცხების შემდეგ, გრანდიოზული ზეიმი მოაწყო მოედანზე. ამ გუნდის წევრებმა იცოდნენ, რომ ეს მათი მაქსიმუმი იყო და ისე ხარობდნენ, თითქოს ოლიმპიადა მოიგესო.

და მაინც, ფინალში ევროპელებმა გაბრძოლება სცადეს და თავიდან ეს გამოუვიდათ. თამაშის დაწყებიდან ოთხი წუთი იყო გასული და "ლურჯები" წინ იყვნენ, მაგრამ ტრიბუნაზე მყოფ კობი ბრაიანტს დიდი ხანი არ ჰქონია გაკვირვებული სახე.

ამერიკელთა წუთშესვენების შემდეგ თამაშის სურათი მკვეთრად შეიცვალა. ამერიკელებმა პრესინგს, სიჩქარესა და მოხსნებზე
აქტიურობას უმატეს და პირველი მეოთხედი ხუთქულიანი უპირატესობით მოიგეს.

ამერიკელთა უპირატესობა არც მეორე მეოთხედში იზრდებოდა სწრაფი ტემპით. დიდ შესვენებამდე 3 წუთითა და 15 წამით ადრე ფავორიტი 9 ქულას იგებდა. ამ დროს ფრანგებმა ტაიმ-აუტი აიღეს და აშკარად ჩანდა, რა ძვირად უჯდებოდა საფრანგეთს ღირსეული სხვაობის შენარჩუნება - მისი კალათბურთელები ფეხზე ძლივს იდგნენ.

მეორე ტაიმის დასაწყისში თავი შეგვახსენა ლეგენდარულმა გამთამაშებელმა სიუ ბერდმა: ზედიზედ ოთხ ქულას მან ტამიკა კატჩინგზე შესანიშნავი პასი დაუმატა და სამქულიანის შემდეგ ანგარიში გახდა - 50:32. ბერდისგან ესტაფეტა გადაიბარეს პარკერმა და მურმა, რითაც აშშ-მ თავისი ნორმა შეასრულა - 20 ქულით გავიდა წინ.

ბუნებრივია, ფრანგები გამარჯვებაზე აღარ ფიქრობდნენ. ჯერ კიდევ მესამე მეოთხედის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე ფაულზმა 30-ქულიანი უპირატესობა დააფიქსირა - 62:32.

აშშ-ის ქალთა გუნდი ზედიზედ მეხუთე ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა. ამ გუნდმა ბოლოს ოლიმპიურ თამაშებზე 1992 წელს, ბარსელონაში წააგო ნახევარფინალი.

იქიდან მოყოლებული, ამერიკელებს ზედიზედ 41 (!) მატჩი აქვთ მოგებული. სამგზის ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ სიუ ბერდი, დიანა ტაურაზი და ტამიკა კატჩინგსი, რომლებიც ოთხი წლის შემდეგ, რიო-დე-ჟანეიროში თამაშს აპირებენ. არადა, 2016 წელს ისინი 34 წლის ასაკს იქნებიან გადაცილებულნი.

ქალები
მე-3 ადგილისთვის
ავსტრალია-რუსეთი 83:74
17:16, 21:14, 19:13, 26:31
ა: ჯექსონი (25+11 მოხსნა), ჰაროუერი (21), ბატკოვიჩი (17+8 მოხსნა).
რ: ჰემონი (19), ბელიაკოვა (10), პეტრაკოვა (10).

ფინალი
აშშ-საფრანგეთი 86:50
20:15, 17:10, 26:12, 23:13
ა: პარკერი (21+11 მოხსნა), ბერდი (11), ტაურაზი (9+6 პასი), მური (6+7 მოხსნა).
ს: გრუდა (12), ლოუსონ-უეიდი (12).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული