"რუსთავის" ლეგიონერი ნეით ბოუი: ახალი სეზონისთვის მზად ვარ!

AutoSharing Option
"რუსთავის" ახალწვეული ნეით ბოუი განაგრძობს ქართული შთაბეჭდილებების დღიურში გადატანას. აი, რა დაწერა მან აზერბაიჯანული შეკრებიდან დაბრუნების შემდეგ.

"10 დღე აზერბაიჯანში ვემზადებოდით. ეს აუცილებელი იყო, რათა უკეთესად გაგვეცნო ერთმანეთი და კარგად შევთამაშებულიყავით.

ნაკლები დრო გვრჩებოდა გართობისთვის, რადგან დღეში ორჯერ ვვარჯიშობდით. დავბინავდით მინგეჩაურის სასტუმრო "კურში". ერთ შენობაში იყო მაღალი დონის საკალათბურთო დარბაზი, საცურაო აუზი, სატრენაჟორო დარბაზი და რესტორანი.

გადავიღე უამრავი ფოტო როგორც საზღვართან, ასევე აზერბაიჯანში. საინტერესო ხედი იშლებოდა ჩემი აივნიდან, სასიამოვნო იყო მდინარის პირას გასეირნება, რომლის დროსაც ცხოვრებისეულ საკითხებზე დავფიქრდი: ამერიკელები ბედნიერები
უნდა ვიყოთ იმით, რაც გვაქვს, რადგან სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობს ხალხი, რომელსაც არ აქვს ისეთი შესაძლებლობა, როგორიც ჩვენ, თუმცა მათი თვალების გამომეტყველებით ამას ვერ მიხვდები.

ახლა მივხვდი, რომ ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან მაქვს იმდენი ფული, რამდენიც საჭიროა საკვების ან ნებისმიერი საჭირო საგნის საყიდლად. არაერთხელ ვაჩუქე ბავშვებს დოლარები თუნდაც კანფეტებისთვის.

საქართველოში სათანადოდ მომზადებულები ჩამოვედით. შემადგენლობაც კარგადაა დაკომპლექტებული, ერთი რგოლის გარდა - გვჭირდება ცენტრი. ამ ამპლუის კალათბურთელზე თამაშისას ბევრია დამოკიდებული.

პარასკევს ვითამაშეთ "არმიას" წინააღმდეგ. მათ, ვისაც ამ გუნდზე არაფერი გაუგია, მოვახსენებ, რომ იგი ევროჩელენჯზე თამაშობს.

გასულ სეზონში არმიელთა რიგებში არაერთი ნიჭიერი ამერიკელი გამოდიოდა: სანდიატა გეინსი, უილიამ ტომასი, ჯერემი რიჩარდსონი, ბენ ვუდსაიდი და პუერტორიკოელი გილერმო დიასი.

ასეთი მაღალი დონის კალათბურთელების დამატების საშუალება მათ ფინანსურმა შესაძლებლობამ მისცა.

წლეულს "არმიაში" არანაკლებ ძლიერი მოთამაშეები ჩაირიცხნენ, რომლებსაც ევროლიგაზე თამაშის გამოცდილება აქვთ.

ევროლიგა ხომ NBA-ს შემდეგ მსოფლიოს საუკეთესო ლიგაა. "არმიასთან" 8 ქულის სხვაობით წავაგეთ, თუმცა თანაბარი თამაში იყო. ყოველთვის ძნელია 40 წუთის განმავლობაში თანაბარ დონეზე თამაში იმ გუნდთან, რომელსაც "ღრმა სათადარიგოთა სკამი" აქვს.

ასევე, ამხანაგურად გავეჯიბრეთ "შსს აკადემიას". ამ გუნდის ღირსებას სამი ამერიკელი იცავს და კარგადაც ეხმარებიან. ერთ მომენტში მეტოქემ 20 ქულით გაგვასწრო, თუმცა საბოლოოდ 6 ქულის სხვაობით დავმარცხდით. 27 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი მოვაგროვე.

მალე დაიწყება წინასასეზონო ტურნირი. ვიმედოვნებ, ახალი მეფარე მანამდე შემოგვიერთდება. ამ შეჯიბრების დასრულების შემდეგ კი თამამად ვიტყვი - ახალი სეზონისთვის მზად ვარ!"

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული