ტროი კოტონი ამართლებს

AutoSharing Option
 - დუდუ დადიანის მემორიალის პირველი დღე გაცნობით ხასიათს ატარებს - ვაკვირდებით მეტოქეებს, ვინ რა ძალას წარმოადგენს. შეჯიბრების მსვლელობაში კიდევ უფრო მოვუმატებთ, - თქვა თსუ-ს უკანახაზელმა მიხეილ ფანჩულიძემ.

მიშას დავესესხებით და ვიტყვით: "გაცნობის დღე" მართლაც შთამბეჭდავი გამოდგა - საქმეში ვნახეთ ფარღალავა, ძმები დამუსები, შარაბიძე, ანთაძე, ჩიკვილაძე, კოტონი... ეს შვიდი კალათბურთელი წლევანდელი სეზონის შენამატია - შარშან საზღვარგარეთ ასპარეზობდნენ. შეიძლება ზოგიერთმა ისე ვერ ითამაშა, როგორც შეუძლია, მაგრამ დარბაზში შეკრებილებს დაგვანახეს, რომ მათი გამოჩენით ქართული კალათბურთი მხოლოდ მოიგებს.


დინამო-სოხუმი
შეიძლება თამამ განცხადებად ჩანდეს, მაგრამ
ლაშა ფარღალავამ პირველივე მატჩში დაგვარწმუნა ჩვენი ნაბიჯის სისწორეში - მაისში დავწერეთ, რომ ფარღალავა ნაკრებში გასინჯვას იმსახურებს. იგი მსროლელადაც კარგად თამაშობს და გამთამაშებლადაც, ამერიკაში საგრძნობლად მოუმატებია. ლაშამ "დინამოსთან" 25 წუთში 27 ქულა, 6 მოხსნა, 7 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. თუმცა არც ის უნდა გამოგვრჩეს, რომ მან ასე ეფექტურად ახალგაზრდულ "დინამოსთან" ითამაშა. წინ კი სერიოზული მეტოქეები ელიან... გუშინ "სოხუმის" ახალწვეულებმა, კარლ და რიჩარდ დამუსებმაც კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. უნდა დავეთანხმოთ სოხუმელთა მწვრთნელ ვაჟა კვარაცხელიას - შეიძლება ვარსკვლავები ვერ მოწყვიტონ, მაგრამ დამუსები საქართველოს ჩემპიონატს უთუოდ გაალამაზებენო. კარლი ჯმუხია, თუმცა ბურთის ფარქვეშ მიღებისას კარგად მოძრაობს, სივრცესაც ითავისუფლებს და სროლაც შეუძლია. რიჩარდი შედარებით მსუბუქია, თუმცა რიგ ეპიზოდებში მასაც ცენტრად უწევდა თამაში. მან მემორიალის პირველი დაბლ-დაბლიც გაიფორმა - 20 ქულა, 13 მოხსნა.

ნამატჩევს რიჩარდმა აღნიშნა - შედეგით კმაყოფილი ვარ, თუმცა ოპტიმალურ ფორმაში შესასვლელად და ხარვეზების აღმოსაფხვრელად დრო გვჭირდებაო.

დამუსის დარად, შედეგით ყველა სოხუმელი კმაყოფილი დარჩა, მათ ხომ 44 ქულის სხვაობით მოიგეს - 94:50.


თსუ-სამედიცინო
ამ მატჩის განაცხადში ერთი ლეგიონერი მოხვდა, თუმცა კამერუნელი პლასიდე როდუმტა თამაშს სამოქალაქო ფორმით ადევნებდა თვალს. იგი "სამედიცინოს" ახალწვეულია, ისევე, როგორც გულისაბედაშვილი, ჩაჩიბაია, თავართქილაძე, ნინიაშვილი, კეიდია, და ჭოჭუა. ჩამოგითვალეთ 7 კალათბურთელი, რომლებსაც გასულ სეზონში სუპერლიგაში კარგი სტატისტიკა ჰქონდათ. ამას დავუმატოთ გლოველი, სოსო ლეჟავა, ბექაური, გაბისონია, ახალაია და მივიღებთ საინტერესო კრებულს, რომელსაც სერგო იშხნელი წვრთნის. ამ გუნდს ნებისმიერი ქართული კლუბის დამარცხება შეუძლია. გუშინ, "სამედიცინომ" შარშანდელი სუპერლიგის ფინალისტ თსუ-სთანაც ბოლომდე იბრძოლა, თუმცა საბოლოოდ 5 ქულით დამარცხდა.

მართალია, შარშანდელი სეზონის შემდეგ თსუ-დან შიო ხეცურიანი, ირაკლი კეიდია და დავით ბარბაქაძე წავიდნენ, მაგრამ გუნდში შევსებაც საკმარისადაა: დაბრუნდნენ მარხვაშვილი (რომელსაც ტრავმის გამო არ უთამაშია) და შარაბიძე. ეს უკანასკნელი ბოლო წლებში ესპანურ "ვალენსიაში" თამაშობდა. მას ძირითადად ახალგაზრდულ გუნდთან ერთად უწევდა გამოსვლა, თუმცა რამდენიმე შეხვედრა "ვალენსიას" მთავარ გუნდშიც ჩაატარა - პირველი ამა წლის იანვარში, ევროთასზე, სერბულ "ჰემოფარმთან". გიორგი შერაბიძე ფიზიკურადაც საკმაოდ მოძლიერებულია, ტაქტიკურადაც დახვეწილია და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მომავალ სეზონში თსუ-ს დიდ დახმარებას გაუწევს. მასთან ერთად გუნდში დაბრუნდა რიჩარდ მათიაშვილი ("აგრარულიდან"), რომელსაც ქართველი გულშემატკივარი კარგად იცნობს (გუშინ თსუ-ს ბომბარდირი გახდა, 18 ქულა ჩააგდო). ორივე მეფარე, მთავარმა მწვრთნელმა ნუგზარ ჭეიშვილმა სასტარტო ხუთეულში დააყენა. თსუ-ში გამოჩნდა კიდევ ორი ტანმაღალი - ყველაშვილი და ლონდარიძე. პირველს არ უთამაშია, მეორემ კი 16 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა.

ერთი პატარა აბზაცი მატჩის ბოლო წუთს დავუთმოთ: საფინალო სირენამდე 24 წამი რჩებოდა, როცა "სამედიცინომ" შეტევა წამოიწყო. "მედიკოსებს" ანგარიშის გასათანაბრებლად სამი ქულა ჰყოფნიდათ, თუმცა გადამწყვეტ მომენტში ბურთი მიხეილ ფანჩულიძემ ჩაჭრა და თსუ-ს პირველი გამარჯვება მოუტანა.


შსს-სტუ
მატჩის წინ, ყველას ძალიან გვაინტერესებდა შსს-ს ამერიკელი ახალწვეულის, ტროი კოტონის საქმეში ხილვა. ტროიმ მოლოდინი გაამართლა - ფიზიკურად საკმაოდ ძლიერია, ერთი-ერთზე მეურვის მოტყუებაც შეუძლია და სროლის სიზუსტეც არ დაეწუნება. მის მთავარ კოზირად კი გუნდზე თამაში უნდა მივიჩნიოთ. თუმცა, აქვე დავძენთ - კოტონი გუნდთან ჯერ კარგად არ არის შეთამაშებული, ფორმაში ჩადგომაც სჭირდება და ქართულ ატმოსფეროსთან აკლიმატიზაციაც.

ტროი კოტონის მეურვეობა უწევდა ბექა ჩიკვილაძეს, რომელმაც ისეთივე კარგი შთაბეჭდილება დატოვა, როგორც ლაშა ფარღალავამ. ჩიკვილაძეს (რომელიც შარშან ესპანეთის ება-ს ლიგაში ასპარეზობდა) სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა - 18 ქულა, 9 მოხსნა, 6 პასი. უფრო ცოტა დააკლდა ვასილ ბერუაშვილს, რომელიც შარშან შსს-ს ღირსებას იცავდა - 13 ქულა, 12 მოხსნა, 6 პასი. სტუ-ს წინა ხაზში ჰყავს ამერიკიდან დაბრუნებული ზვიად ანთაძე. ბოლო ერთ სეზონში თამაში მასაც საგრძნობლად გაუუმჯობესებია. სტუ-ს ბომბარდირი აკაკი ლომოური გახდა - 21 ქულა ჩააგდო. ასე რომ, ახალგაზრდული შემადგენლობის მიუხედავად, "ტექნიკოსებიც" არ არიან ხელწამოსაკრავნი.

შსს-მ პირველი ტაიმი დამაჯერებლად მოიგო. გამოცდილი კალათბურთელებით დაკომპლექტებულ ძალოვანთა გუნდს მეორე ტაიმში, თითქოს, საფრთხე არ ემუქრებოდა, თუმცა ზურაბ ტომარაძის გაწვრთნილმა "ტექნიკოსებმა" ტემპს უმატეს, ენერგიულად შეუტიეს და მასპინძლებს ბოლო წუთებამდე ამოსუნთქვის საშუალება არ მისცეს. საბოლოოდ წარმატება შსს-ს დარჩა - 86:73.

სტუ-ელებმა "ძალოვანთა" მწვრთნელის, არჩილ ჟღენტისგან კომპლიმენტი დაიმსახურეს. მან საკუთარი გუნდის დაცვითი თამაშით უკმაყოფილება გამოთქვა, შეტევაში უკეთესად გავისარჯეთო.

19 ოქტომბერი
თბილისი, შსს-ს აკადემიის დარბაზი
დინამო-სოხუმი 50:94
12:22, 8:23, 12:20, 18:29
დინამო: ივანეიშვილი (11ქ, 5მ), გლუნჩაძე (4ქ, 4პ), პატარაია, თვაური (2დ), ეძგვერაძე (14ქ), ცაგარეიშვილი, ალხანაიძე (7ქ, 7მ, 3ჩ), წიკლაური (6ქ), ჩაველაშვილი (3ქ), გულდედავა (5ქ), შალიკიანი.
სოხუმი: ფარღალავა (27ქ, 6მ, 7პ), გაბელია (2ქ), ჩლაიძე (2ქ, 7მ, 3პ), კვეტენაძე (4ქ), თვარაძე (2ქ), შანიძე (2ქ, 8მ), სორდია (10ქ), კანკია (3ქ, 6ჩ, 3პ), კოპალიანი (5ქ, 4ჩ), კ. დამუსი (11ქ, 6მ), რ. დამუსი (20ქ, 13მ), ფერიაშვილი (6ქ, 6მ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, ხ. გაბედავა.

თსუ-სამედიცინო 75:70
25:17, 14:19, 18:18, 18:16
თსუ: ხიზანიშვილი, ფანჩულიძე (5ქ, 8მ, 4ჩ), გაფრინდაშვილი (11ქ, 7პ), კოხრეიძე (2ქ, 5მ, 5პ), ლონდარიძე (16ქ, 11მ), კორკოტაძე (3ქ), ლოსაბერიძე (10ქ), მათიაშვილი (18ქ, 5მ), შარაბიძე (10ქ, 6მ, 2დ).
სამედიცინო: გულისაბედაშვილი (4ქ, 3პ, 5ჩ), გლოველი (3ქ), ჩაჩიბაია (8ქ), ს. ლეჟავა (6ქ), თავართქილაძე (2ქ), ბექაური (10ქ, 3პ, 3დ), გაბისონია, ნინიაშვილი (14ქ, 13მ), კეიდია (4ქ), ჭოჭუა (19ქ, 5პ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი

შსს-სტუ 86:73
18:15, 27:11, 18:32, 23:15
შსს: დ. ბერიშვილი (5ქ, 4პ), ლაფანაშვილი (6ქ, 3პ), ლეჟავა (6ქ), ნიკოლაძე (14ქ), ი. ბერიშვილი (7ქ, 4პ), კოტონი (14ქ, 5მ, 3ჩ), მარკოიშვილი (10ქ, 6მ), ბარბაქაძე (5მ), იმნაძე (17ქ, 13მ), შერმადინი (5მ), ტომარაძე (5ქ), სუხიშვილი (2ქ)
სტუ: ანთაძე (13ქ, 8მ), გურაბანიძე, ბიბილური, ჩიკვილაძე (18ქ, 9მ, 6პ), ლომოური (21ქ, 9მ), გასიტაშვილი (2ქ), მაჩალაძე, თევზაძე, კობიძე, ჯანგველაძე (6ქ), ბერუაშვილი (13ქ, 12მ, 6ჩ).
მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, დ. სადღობელაშვილი.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული